21 May 2018

რას ნიშნავს მუშრიქი და ქააფირი?

მუშრიქი ეწოდება მას, ვინც შირქს ასრულებს, ალლაჰს სახელებსა და თვისებებში თანაზიარს უდგენს. მაგალითად, მუშრიქია ის, ვისაც სწამს, რომ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არსებობს, ასევე მუშრიქია ის, ვისაც ალლაჰის გარდა სხვა რაიმეს ან ვინმეს იმედი აქვს.
მუშრიქია ის, ვინც ალლაჰის სახელებსა და თვისებებს ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ან რაიმეს მიანიჭებს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„4/116 უეჭველად, არ მიუტევებს ალლაჰი მისთვის თანაზიარის გაჩენას, და მიუტევებს სხვა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას (1) (გადასცდა ჭეშმარიტ გზას)!“

ქააფირსა და მუშრიქს შორის განსხვავება

აჰირეთში ქააფირისა და მუშრიქის სასჯელი ერთიდაიგივეა, ორივე კატეგორიის ადამიანი სამუდამო ჯოჯოხეთშია, ორივე მათგანი ისლამის გარეთაა. ერთ-ერთი განსხვავება, რაც მათ შორისაა, ისლამიდან გასვლის მიზეზია. აქედან გამომდინარე, ყოველი მუშრიქი ქააფირია, თუმცა ყოველი ქააფირი მუშრიქი არ არის. ალლაჰის, მისი შუამავლის და ყურანის უარმყოფელი ქააფირია, თუმცა მუშრიქი არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„3/151. ჩვენ შიშს ჩავთესთ ურწმუნოთა გულებში იმისათვის, რომ თანაზიარად გაუხადეს ალლაჰს ის, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია. ცეცხლია მათი თავშესაფარი, და რა საშინელია სამყოფელი უსამართლოთა.“


ალლაჰზე თანაზიარის დადგენის სახეობები

1) შირქი ისთიყლალ: უზენაესი ალლაჰის ერთად სხვა ღვთაების ცნობა და აღიარება.

2) შირქი თაბ'იზ: დაჯერება და აღიარება იმის, რომ ალლაჰი ერთადერთია, ამასთანავე ერთზე მეტი ღვთაების ერთ მთლიანად გადაქცევა. მაგალითად შეგვიძლია ქრისტიანების მდგომარეობა მოვიყვანოთ.

3) შირქი თაქრიბ: დაჯერება იმის, რომ სამყაროს ბატონ-პატრონი უზენაესი ალლაჰია, ამასთანავე მასთან დაახლოების მიზნით საფლავებზე, ქმნილებებზე, ქვისგან და ხისგან გაკეთებულ კერპებზე, ქანდაკებებზე ან რაიმე ნივთებზე იმედის დამყარება. მაგალითისთვის შეგვიძლია მექქელი მუშრიქები მოვიყვანოთ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„39/3. კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის! ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ) „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად“, უეჭველად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მატყუარა, უმადურია!“

4) შირქი თაყლიდ: წინაპრების მიერ არჩეული შირქი, რომელიც ადამიანებს წინაპრების ცრუ რწმენის საფუძველზე ტრადიციად შემორჩათ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„43/23. და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შენამდე რომელიმე შემგონებელი, რომ იქ არ ეთქვათ ფუფუნებაში განებივრებულთ: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და უეჭველად, მათ კვალზე მივდივართ.““

5) შირქი ასბაბ: დაჯერება იმის, რომ სამყარო ალლაჰის გაჩენილი-შემქნილი კი არა, არამედ ყველაფერი თავისი ბუნებით შეიქმნა. ცეცხლი წვავს, მზე სითბოს და სინათლეს იძლევა, საკვები მუცელს აძღობს და ა.შ... ყოველ მუსლიმს სწამს და სჯერა, რომ ეს ყველაფერი უზენაესი ალლაჰის ნებითა და ჩარევით ხორციელდება, ხოლო უზენაესი ალლაჰის გამორიცხვა და ნივთებზე ან მიზეზებზე დაყრდნობა შირქია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„5/76. უთხარი შენ: განა ალლაჰის გარდა იმას ეთაყვანებით თქვენ, რასაც არ შეუძლია თქვენთვის არც სიავისა და არც სიკეთის მოტანა? და ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა იგი.“

აქედან გამომდინარე, ქააფირი არის ის, ვინც უცოდინრობით, ჯიუტობით, სიამაყით ან მიბაძვით უზენაეს ალლაჰს, მის სიტყვებს და მის შუამავალს სიტყვით ან საქმით უარყოფს.

მუშრიქი არის ის, ვინც უზენაეს ალლაჰს თაყვანისცემაში, სახელებსა თუ თვისებებში და უფლებებში თანაზიარს, თანატოლს უყენებს.

ორივე მათგანის ჰუქმი ერთიდაიგივეა. მონანიების გარეშე თუ გარდაიცვლებიან, მაშინ ორივე სამუდამო ჯოჯოხეთში მოხვდება.

ზოგიერთი სწავლული ამ ორ ტერმინს არ განასხვავებს და ამბობს: „ყოველი მუშრიქი ქააფირია, ყოველი ქააფირი კი მუშრიქი.“

მიზეზი, რომლის გამოც ყოველი ქააფირი მუშრიქია: ქუფრში ჩავარდნის ადგილას საკუთარი ნება-სურვილების ღვთაებად დაყენებაა. ღვთაება კი არის ის, რასაც ეთაყვანებიან, შესაბამისად, ქუფრის შემსრულებელი თავის ნება-სურვილებს ეთაყვანება.

მიზეზი, რომლის გამოც ყოველი მუშრიქი ქააფირია: იმის, გამო რომ მუშრიქმა ალლაჰს თანაზიარი დაუყენა, ამავდროულად მან უარყო და დაარღვია უზენაესი ალლაჰის ბრძანება, სადაც იგი ბრძანებს, რომ მას თანაზიარი არ დავუყენოთ, რაც უზენაესი ალლაჰის სიტყვების უარყოფაა, შესაბამისად პიროვნება (მუშრიქობასთან ერთად) ქააფირიც გახდება.