24 May 2018

19. სურა მარიამ აიათი 46-48

19/46. უპასუხა: „ჰეი, იბრაჰიმ, ნუთუ შენ ზურგს აქცევ ჩემს ღმერთებს? თუკი შენ თავს არ მიანებებ ამას, დიახაც, რომ ჩაგქოლავ. რამოდენიმე ხანი გამეცალე, ჩემგან წადი!“
47. მიუგო: „მშვიდობა შენდა! ჩემს ღმერთს შენთვის პატიებას ვთხოვ, უეჭველად, იგი მოწყალე და კეთილმოსურნეა ჩემს მიმართ!
48. და მე გაგეცლები თქვენ და იმათ, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ღმერთს ვევედრები. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ღმერთისადმი ვედრებაში უბედური არ ვიქნები.”

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი გვაცნობებს იმ მდგომარეობას, როდესაც იბრაჰიმმა (‘ალეისალამ) მამამისს ისლამისკენ მოუწოდა, მან კი შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჰეი იბრაჰიმ, ნუთუ შენ ზურგს აქცევ ჩემს ღმერთებს?“ ანუ, შენ არ გსურს, რომ თაყვანი სცე ჩემს კერპებს, ისინი არ მოგწონს და მოიხსენიებ მათ ცუდი სიტყვებით, თუ მსგავს ქმედებას არ შეწყვეთ შესაბამისი, მწარე სასჯელით დაგსჯი, მეც შენ ისეთივე სიტყვებით მოგმართავ, როგორითაც შენ მიმართავ მათ. სწორედ ამას ნიშნავს მისი სიტყვები: „თუკი შენ თავს არ მიანებებ ამას, დიახაც, რომ ჩაგქოლავ.“ ეს განმარტება ეკუთვნის იბნ აბბასს, სუდდის, იბნ ჯურაიჯს, დაჰჰაქს და სხვებს.

„რამოდენიმე ხანი გამეცალე, ჩემგან წადი!“ - ეს აიათი ასეთნაირად მუჯაჰიდმა, იქრიმამ, საიდ ბინ ჯუბაირმა და მუჰამმად ბინ ისჰაქმა განმარტა. ჰასან-ი ბასრიმ განმარტა, როგორც „გამეცალე დიდი ხნით.“ სუდდიმ კი განმარტა, როგორც „სამუდამოდ გამეცალე.“ ალი ბინ აბუ თალჰა და ალ-ავფი, იბნ აბბასისგან აიათის „რამოდენიმე ხანი გამეცალე, ჩემგან წადი!“ შესახებ გადმოგვცემს: „მე შენ სანამ დაგსჯიდე, მანამ წადი.“ ამგვარად განმარტა დაჰჰაქმა, ქათადამ, ათიია ალ-ჯადალმა, აბუ მალიქმა და სხვებმა. იბნ ჯარირი ამ განმარტებას უპირატესობას ანიჭებს.

ამ სიტყვების შემდეგ, იბრაჰიმი (‘ალეისალამ) მამამისს ეუბნება: „მშვიდობა შენდა!“ უზენაესი ალლაჰი მორწმუნეების დახასიათების დროს ბრძანებს:

„25/63. ხოლო მოწყალის მსახურნი არიან ისინი, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი (1) (თქვენზე)!“

„28/55. და როს გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს აქცევენ და ამბობენ: „ჩვენ - ჩვენი საქმეებით, თქვენ - თქვენით. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან!““

რაც შეეხება სიტყვების „მშვიდობა შენდა!“ მნიშვნელობას, რომელიც იბრაჰიმმა (‘ალეისალამ) მამამისს უთხრა: „მიუხედავად შენი ასეთი ქმედებებისა, ჩემგან შენს მიმართ ტანჯვა-წამებას ვერ დაინახავ.“ მამისადმი ეს სიტყვები მისდამი პატივისცემის გამოხატულება იყო.

„ჩემს ღმერთს შენთვის პატიებას ვთხოვ,“ - შევთხოვ ალლაჰს, რომ მოგცეს ჰიდაეთი (ჭეშმარიტი გზა) და გაპატიოს ცოდვები.

„უეჭველად, იგი მოწყალე და კეთილმოსურნეა ჩემს მიმართ!“ - ანუ, იმის გამო რომ ჩემ ღმერთს გულწრფელი მსახურებით ვემსახურები, ჩემ მიმართ კეთილმოსურნეა და ჩემს ვედრებას შეისმენს.

მუჯაჰიდი, ქათადა და სხვები ამ აიათის შესახებ ამბობენ: „რადგან, ალლაჰი იბრაჰიმის ვედრებას ყოველთვის პასუხობდა.“ სუდდი ამბობს: „აიათში მოხსენებული სიტყვა ნიშნავს იმას, რომ ალლაჰი იბრაჰიმს ვედრების შესრულებით ანებივრებდა.“
იბრაჰიმმა (‘ალეისალამ) დიდი ხნის მანძილზე მამამისის შეწყალებისთვის ალლაჰს პატიება სთხოვა. შამში წასვლის შემდეგ, მესჯიდი ჰარამის აშენების შემდეგ და ისმაილისა და ისჰაქის (‘ალეისალამ) დაბადების შემდეგაც კი მისთვის (მამამისისთვის) ალლაჰს პატიებას სთხოვდა. უზენაესი ამმასთან დაკავშირებით ბრძანებს: „14/41. ღმერთო ჩვენო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და მორწმუნეებს იმ დღეს, როცა შედგება ანგარიშგება!“

შემდგომში, ისლამის პირველ პერიოდში მუსლიმები მუშრიქი ახლობლების შეწყალებისთვის ალლაჰს ევედრებოდნენ. ამ საკითხში მუსლიმები იბრაჰიმს (‘ალეისალამ) მიყვებოდნენ. მათი ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ უზენაესმა ეს აიათი არ მოავლინა: „60/4. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა. ჩვენ უარგყავით თქვენ და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას! მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცაღა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა (1) (გარდა პატიების შეთხოვნისა)!“
„მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცაღა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა (1) (გარდა პატიების შეთხოვნისა)!“ - ანუ ამის გარდა დანარჩენი ყველაფერი თქვენთვის სამაგალითო იყო. ამ სიტყვებში მას აღარ გაჰყვეთ. ამის შემდეგ უზენაესი გვაცნობებს თუ იბრაჰიმი როგორ დაიხია უკან და როგორ შეწყვიტა მამამისის შეწყალებისთვის ალლაჰზე ვედრების გაკეთება:

„9/113. და არ არის (2) (მიღებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.
114. და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას. უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.“

„და მე გაგეცლები თქვენ და იმათ, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ღმერთს ვევედრები.“ - შორს ვარ თქვენგან და იმისგან, რასაც თქვენ ეთაყვანებით და ყოველგვარი თანაზიარის დადგენის გარეშე, თაყვანს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ვცემ და მას ვემსახურები.

„ვიმედოვნებ, რომ ჩემი ღმერთისადმი ვედრებაში უბედური არ ვიქნები.” - სიტყვა „ვიმედოვნებ“-ში გარდაუვალი ჰუქმის საჭიროება იგულისხმება, რადგან იბრაჰიმი (‘ალეისალამ) მუჰამმად შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგ, დანარჩენი ყველა შუამავლის მოწინავეა.