24 May 2018

6. სურა ან'ამ აიათი 66-69 - მუნააფიყი

6/66. და შენი ხალხი ცრუდ რაცხავს მას (ყურანს), ხოლო იგი ჭეშმარიტებაა. უთხარი: „მე არ ვარ პასუხისმგებელი თქვენი (1) (მე მხოლოდ შემგონებელი ვარ)“.
67. ყოველ ამბავს განსაზღვრული დრო აქვს და სულ მალე გეუწყებათ თქვენ.
68. და როცა დაინახავ, რომელნიც ამაოდ ჩაიჭრებიან ჩვენს აიათებში, უმალვე პირი აქციე, სანამ სხვა საუბარზე გადავლენ. ხოლო თუ ეშმაკი გადაგავიწყებს, მაშინ გახსენებისთანავე აღარ დაჯდე უსამართლო ხალხის გვერდით!
69. და მაგათ გამო ანგარიში არ მოეკითხება იმათ, ვისაც ღვთისა ეშინია, ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ შეხსენებაა, ეგების მოერიდნონ.

განმარტება:
ჭეშმარიტების მიუხედავად შენმა ხალხმა (ყურაიშალებმა) იგი (ჭეშმარიტება) უარყო. უთხარი მათ (ჰეი მუჰამმედ), რომ შენ მათი ქმედების პასუხისმგებელი, მათი დამცველი და მეთვალყურე არ ხარ. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:
„18/29. და უთხარი: „ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ამის შემდეგ ვინც ინებებს, ირწმუნებს და ვინც ინებებს უარყოფს.“

ანუ ჩემი მოვალეობა მხოლოდ და მხოლოდ ქადაგება-ისლამისკენ მოპატიჟებაა, ხოლო თქვენი მოვალეობა მოსმენა და მორჩილებაა. ვინც მე გამომყვება ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც ბედნიერი იქნება, ვინც არ გამომყვება ორივე ქვეყანაში უბედური იქნება.
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „ყოველ ამბავს განსაზღვრული დრო აქვს.“ იბნ-ი აბბას-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) და ზოგიერთები ამბობენ, რომ: ყოველ ახალ ამბავს თავისი სიბრძნე გააჩნია, ანუ ადრე იქნება თუ გვიან მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„38/88. და უთუოდ, გაიგებთ იმის ცნობას ცოტა ხნის შემდეგ.“

„13/38. ყოველი დროისთვის (განსაზღვრული) წიგნი არსებობს.“

ეს სიტყვები მკაცრ მუქარას შეიცავს, ამის გამოა, რომ ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და სულ მალე გეუწყებათ თქვენ.“

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და როცა დაინახავ, რომელნიც ამაოდ ჩაიჭრებიან ჩვენს აიათებში,“ ანუ როცა დაინახავ მათ, რომელნიც ჩვენი აიათების შესახებ ცუდს ამბობენ, დასცინიან ან აბუჩად იგდებენ: „უმალვე პირი აქციე, სანამ სხვა საუბარზე გადავლენ“, ანუ სანამ საუბრის თემას არ შეცვლიან, მათთან არ დაჯდე, მათ გვერდით არ იყო.

„ხოლო თუ ეშმაკი გადაგავიწყებს“ - ანუ შენ („შენ“ სიტყვაში მთელი უმმეთი იგულისხმება, მხოლოდ შუამავალი არა) თუ ეშმაკი გადაგავიწყებს (ეშმაკი შენი უმმეთიდან რომელიმეს თუ დაავიწყებს და მათ გვერდით დაჯდება): „მაშინ გახსენებისთანავე აღარ დაჯდე უსამართლო ხალხის გვერდით!“, ანუ როგორც კი გაგახსენდება, მათ გვერდით აღარ დაჯდე მანამ, სანამ თემას არ შეცვლიან.
ეს აიათი შემდეგ აიათზე მიუთითებს: „4/140. უეჭველად, გარდმოგივლინა (1) (ალლაჰმა) თქვენ წიგნში (2) (წმინდა ყურანში, სურა „ან’ამ-ში“): თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით (3) (იგივე ცოდვა დაგეწერებათ). უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში! (4) (როგორც ისინი არიან შეკრულნი ურწმუნოებასა და თვალთმაქცობაში ამქვეყნად)“

ანუ მათ გვერდით თუ დასხდებით, თქვენც მათ მსგავს ცოდვას იტვირთავთ.
„და მაგათ გამო ანგარიში არ მოეკითხება“, ანუ ვინც, მათთან ერთად არ დაჯდება, ცოდვა არ მოეკითხება. იბნ აბი ჰათიმ-ი სუდდისგან, აბუ მალიქისა და სა’დ ბინ ჯუბაირ-ის სიტყვებს გადმოგვცემს: „და მაგათ გამო ანგარიში არ მოეკითხება იმათ, ვისაც ღვთისა ეშინია”, ანუ შენ პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება მაშინ, როცა მათ ზურგს აქცევ და მათთან არ დაჯდები. ზოგიერთებმა კი ასე თქვეს: ამ აიათის მნიშვნელობა შემდეგია: „მათთაც, რომც დასხდეთ, ცოდვა მაინც არ დაგეკისრებათ.“

თუმცა მუჯაჰიდ-მა, სუდდი-მ, იბნ ჯურაიჯ-მა და სხვებმა თქვეს, რომ ეს აიათი გაუქმებულია სურა ნისას 140-ე აიათის მოვლენით, რომელიც მედინაში მოევლინა: „4/140. უეჭველად, გარდმოგივლინა (1) (ალლაჰმა) თქვენ წიგნში (2) (წმინდა ყურანში, სურა „ან’ამ-ში“): თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით (3) (იგივე ცოდვა დაგეწერებათ). უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში! (4) (როგორც ისინი არიან შეკრულნი ურწმუნოებასა და თვალთმაქცობაში ამქვეყნად)“

ამის შემდეგ ალლაჰი ბრძანებს: „ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ შეხსენებაა, ეგების მოერიდნონ“, ანუ ჩვენ გიბრძანეთ, რომ მათ ზურგი შეაქციოთ მანამ, სანამ არ მიხვდებიან თავიანთ მდგომარეობას, არ გაუფრთხილდებიან და აღარ შეასრულებენ იგივეს.