24 May 2018

60. სურა მუმთაჰინა აიათი 4-6

60/4. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა. ჩვენ უარგყავით თქვენ და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას!“ მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცაღა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა (1) (გარდა პატიების შეთხოვნისა)! ღმერთო ჩვენო, შენ გსასოებთ, შენსკენ მოვისწრაფვით და შენთან მოვიქცევით!
5. ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ გამოცდად იმათთვის, რომელთაც უარყვეს. ღმერთო ჩვენო შეგვინდე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!
6. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის მათში, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ. ხოლო ვინც ზურგს იბრუნებს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ქააფირებისგან შორს ყოფნას, მათ მიმართ სიძულვილს და მტრობას უბრძანებს: „კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ.“ - ანუ ის მორწმუნეები, რომლებიც იბრაჰიმთან ერთად იყვნენ.

„აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან” - იმ მდგომარეობისგან, რა მდგომარეობაშიც ახლა ხართ „და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა.“

„ჩვენ უარგყავით თქვენ“ - მანამ, სანამ არ იქნებით თაუჰიდში და არ განადიდებთ ალლაჰს, მასზე თანაზიარის გაჩენის გარეშე და არ უარყოფთ თქვენს კერპებს, რომელთა საშუალებითაც ალლაჰს თანაზიარი გაუჩინეთ.

„და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას!“ - ამიერიდან, ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი დაიწყო, რომელმაც ისლამში შარიათული ჰუქმი მიიღო და გაგრძელდება მანამ, სანამ ქუფრში იქნებით.

„მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას“ - ანუ თქვენთვის კარგი მაგალითი იყო იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მის ერთად იყვნენ, თუმცა ამის შემდგომ გამონაკლისია იბრაჰიმის მიერ მამისადმი ნათქვამი სიტყვები (ანუ ეს მაგალითი არ აიღოთ, წინა კი აიღეთ). იბრაჰიმის მიერ წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ აღთქმის შესრულება იყო: „9/114. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას.“ ზოგი მუსლიმი თავიანთი ურწმუნო მამებისთვის ალლაჰს პატიებას სთხოვდნენ, იბრაჰიმიც მსგავსად მოიქცა, რის შემდეგაც უზენაესმა აიათი მოავლინა:

„9/113. და არ არის (2) (მიღებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.
114. და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას. უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.“

უზენაესს ამ აიათებით შემდეგის თქმა სურს: თქვენთვის სამაგალითო არის ის, რომ განუდგეთ ურწმუნოებს (როგორც ეს აიათის დასაწყისშია მოცემული), ხოლო თქვენთვის სამაგალითო არ არის ის, რომ მათთვის (ურწმუნოებისთვის) შეწყალება ითხოვოთ. ამ აზრს ემხრობა იბნ აბბასი, მუჯაჰიდი, ქათადა, მუთაქილ-ი, დაჰჰაქ-ი და სხვები.
უზენაესი ალლაჰი შემდგომ აიათში გვაცნობებს მათ სიტყვებს, რომლებიც განუდგნენ მუშრიქებს და მიენდნენ ალლაჰს: „ღმერთო ჩვენო, შენ გსასოებთ, შენსკენ მოვისწრაფვით და შენთან მოვიქცევით!“ - ანუ ყველა ჩვენი საქმე, ჩვენი თავი მოგანდეთ მხოლოდ და მხოლოდ შენ. უეჭველად აჰირათში „შენთან მოვიქცევით!“

„ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ გამოცდად იმათთვის, რომელთაც უარყვეს.“ - მუჯაჰიდ-მა თვქა: ამის მნიშვნელობა შემდეგია: „ანუ, არ დაგვსაჯო ჩვენ მათი ხელებით და არ დაგვსაჯო შენი სასჯელით, რადგან ჩვენ თუ დავისჯებით ისინი იტყვიან: ‘ჭეშმარიტ გზაზე, რომ ყოფილიყვნენ ალლაჰი მათ არ დასჯიდა.“ დაჰჰაქ-მაც იგივენაირად განმარტა.

ქათადა-მ თქვა: აიათის მნიშვნელობა შემდეგია: „არ მისცე მათ ჩვენზე გამარჯვება, რადგან იფიქრებენ, რომ გამარჯვების მიზეზი მათი ჭეშმარიტ გაზე ყოფნაა.“ ამ მოსაზრებას იბნ ჯარიჰ-იც ეთანხმება.

ალი ბინ აბი თალჰა, იბნ აბბას-ისგან გადმოგვცემს: „არ მისცე მათ ჩვენზე გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვენი გზიდან აცდენას შეეცდებიან.“

„შეგვინდე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!“ - ანუ გვაპატიე ჩვენ ჩვენი ცოდვები, რადგან შენ ძლევამოსილი ხარ, რომელიც ზარარს არ მისცემს, მას ვინც შენს ძლევამოსილებას მიეკედლება და შენ ხარ ბრძენი ყველა საქმეში.

„კარგი მაგალითი იყო თქვენთვის მათში, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ.” - ეს ბრძანება წინა ბრძანებიდან ერთ-ერთია. წინა ბრძანებაში დაშვებული გამონაკლისი ამ ბრძანებასაც ეხება. უზენაესი ალლაჰი ახალისებს მორწმუნეებს, რომლებიც მიისწრაფვიან ალლაჰისკენ და რომლებსაც უკანასკნელი დღის სჯერათ.

„ხოლო ვინც“ ალლაჰის ბრძანებებისგან „ზურგს იბრუნებს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლად მდიდარია, ყოვლად ქებულია!“ ეს აიათ მსგავსია სხვა აიათისა, რომლის მიხედვითაც უზენაესი ბრძანებს:

„14/8. რომც უარყოთ თქვენ და ყველამ, ვინცაა დედამიწაზე, უეჭველად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლად ქებულია!“

ალი ბინ აბი თალჰა, იბნ აბბასისგან გადმოგვცემს: „ალ-ღანიი“ (მდიდარი, რომელსაც არაფერი და არავინ სჭირდება) მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. ეს თვისება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. არ არის მისი თანასწორი და მსგავსი. ერთადერთი და უზენაესი ალლაჰი ყოველი ნაკლოვანებისგან შორსაა. ის „ალ-ჰამიიდ“-ი, „ყოვლად ქებული“-ია: ანუ ერთადერთი ღვთაება, რომელიც ყოვლად ქებას იმსახურებს, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი და არ არსებობს ბატონ-პატრონი, გარდა მისი.