24 May 2018

4. სურა ნისა აიათი 60-63 - მუნაფიყები, რომლებიც ალლაჰის ჰუქმს გაურბიან

4/60. განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? არადა მათ ნაბრძანები აქვთ უარყონ იგი, ხოლო ეშმაკს უნდა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს ისინი და ღრმა გზააბნევაში ჩააგდოს.
61. და როცა ეტყვიან მათ: აბა მოდით, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა (1) (ყურანთან) და შუამავალთან (2) (რათა განსაჯოს სამართლიანად)! დაინახავ, თვალთმაქცნი როგორ გაგეცლებიან შენ სახეშებრუნებულნი.
62. და მაშინ როგორღა იქნება, როცა თავს უბედურება დაატყდებათ იმისათვის, რაც ხელებს მათსას წაუმძღვარებია! მოდიან მერე შენთან და იფიცებიან ალლაჰზე: „მხოლოდ სიკეთე და თანხმობა გვსურდა ჩვენო!“
63. აი ეგენი, ალლაჰმა უწყის რა უდევთ გულებში. განერიდე მათ, და შეაგონე ისინი და სიტყვა მათ შესახებ შთამბეჭდავი უთხარი მათ!

განმარტება: 
უზენაესი ალლაჰი კიცხავს მათ, რომლებიც მუჰამმად შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და სხვა შუამავლებს ეფიცებოდნენ ისლამის ჭეშმარიტებაზე, თუმცა გაუგებრობის დროს, განსასჯელად ალლაჰის კანონებსა და შუამავლის სუნნეთებს არ მიყვებოდნენ. აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: ანსარსა (მედინაში მცხოვრებ ხალხს ანსარები ეწოდებათ) და იუდეველს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთმა თქვა, რომ ჩვენი მსაჯული მუჰამმადი იყოსო, მეორემ კი თქვა, რომ ჩვენი მსაჯული ქა’ბ ბინ აშრაფ-ი იყოსო. სწორედ იმის გამო, რომ გარეგნულად მუსლიმმა (სინამდვილეში კი მუნააფიყმა) ჯააჰილის კანონებით განსჯა ისურვა (და არა შუამავლის), მუნააფიყების შესახებ ეს აიათი მოევლინა. ამ თემასთან დაკავშირებით სხვა შეხედულებებიცაა გადმოცემული, თუმცა ეს აიათი დანარჩენ ყველა შეხედულებაზე უფრო განზოგადებული და აზრიანია. აიათში მოხსენებული სიტყვა „ტაღუთი“ არის ის, რასაც ყურანისა და შუამავლის სუნნეთის გარდა სხვას მიმართავენ. ამიტომ, არის ნათქვამი: „და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის“.

„და როცა ეტყვიან მათ: აბა მოდით, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა (1) (ყურანთან) და შუამავალთან (2) (რათა განსაჯოს სამართლიანად)! დაინახავ, თვალთმაქცნი როგორ გაგეცლებიან შენ სახეშებრუნებულნი.“ ანუ სიამაყითა და ბოღმით ზურგს გაგცევენ. უზენაესი ალლაჰი მუშრიქების შესახებ იგივეს ბრძანებს: „31/21. როცა მათ ეუბნებიან: „მიყევით იმას, რაც ზეგარდმოგივლინათ ალლაჰმა!“ - პასუხობენ: „არამც და არამც! ჩვენ მივყვებით იმას, რაზეც ვჰპოვეთ ჩვენი მამები.““ სხვა აიათში, ალლაჰი მუნააფიყებისა და მუშრიქებისგან განსხვავებით, მორწმუნეების შესახებ ბრძანებს: „24/51. როცა მორწმუნენს მოუხმობენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მან მათ შორის არსებული, ამბობენ: „შევისმინეთ და გმორჩილებთო!“ უეჭველად, ისინი არიან ნეტარნი!“


შემდეგ აიათში უზენაესი ალლაჰი მუნააფიყების მდგომარეობას გმობს და ბრძანებს: „და მაშინ როგორღა იქნება, როცა თავს უბედურება დაატყდებათ იმისათვის, რაც ხელებს მათსას წაუმძღვარებია!“, ანუ მაშინ, როცა მათ თავზე უბედურება დაატყდებათ, იმის გამო, რაც წაიმძღვარეს „მოდიან მერე შენთან და იფიცებიან ალლაჰზე: „მხოლოდ სიკეთე და თანხმობა გვსურდა ჩვენო!“, ანუ შენგან პატიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ (განსასჯელად) სხვაზე მიმართვის მიზეზი „მხოლოდ სიკეთე და თანხმობა“ იყო, ანუ „ჩვენ იმის გამო კი არ მივმართეთ მათ, რომ მათი მსაჯულების გვწამს, არამედ მხოლოდ მოჩვენებითი საქციელის გამო“. უზენაესი ალლაჰი მათ (მუნააფიყების) შესახებ სხვა აიათში ბრძანებს: „5/52. მაშ, დაინახავ შენ, რომელთაც სენი უზით გულებში, მათკენ მიისწრაფვიან თავის მართლებით: ‘გვეშინია, ბედუკუღმართობა არ გვეწვიოს. ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა ან რაიმე გადაწყვეტილება თავისი, და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული!’“

თაბარანი იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: აბუ ბარზა ალ-ასლამი, რომელიც თავს წინასწარმეტყველად აცხადებდა, დაპირისპირებისა და შეუთანხმებლობის დროს იუდეველებს შორის ჰუქმს გასცემდა. ზოგიერთმა მუსლიმმა მასთან მისვლა დაიწყო, რის გამოც ალლაჰმა შემდეგი აიათი მოავლინა: „განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის?“.

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „აი ეგენი, ალლაჰმა უწყის რა უდევთ გულებში“, რაშიც მუნააფიყები იგულისხმებიან. უზენაესმა ალლაჰმა იცის ის, რაც მათ გულშია და აუცილებლად დასჯის მათ, რადგან ალლაჰისთვის დამალული არაფერია. ასე, რომ ჰეი მუჰამმად, იკმარე ამით, ვინაიდან ალლაჰმა იცის მათი შინაგანი და გარეგანი სამყარო, რის გამოც უზენაესმა ბრძანა: „განერიდე მათ“, ანუ იმის გამო, რაც გულში აქვთ, მკაცრად არ მოექცე. „შეაგონე ისინი“, ანუ შეაგონე და მიეცი გაფრთხილება იმისთვის, რაც მათ გულებში აქვთ და რასაც ჩუმად სჩადიან. „შეაგონე ისინი და სიტყვა მათ შესახებ შთამბეჭდავი უთხარი მათ!“, ანუ მათთან ერთად მარტო რომ დარჩები, ისეთი სიტყვები უთხარი, რომ მათი ცუდი საქციელი დათმონ და მსგავსი რამ აღარ გააკეთონ.