21 March 2021

2.3 როგორ სრულდება ნამაზი?

მთელი სხეულით, მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყიბლის მიმართულებით საფში (მწკრივში) დადგომის შემდეგ, ფარძი ან ნაფილე ნამაზის შესრულებისთვის ნიეთი (განზრახვა) გულით უნდა გააკეთდეს და არა სიტყვიერად, რადგან სიტყვიერად ნიეთის შესრულება ბიდ’ათია[1]. როგორც ჩვენი შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), ასევე არცერთი საჰაბესგან სიტყვიერი ნიეთის შესრულების შესახებ გადმოცემული არაფერია.

პიროვნება ნამაზს იმამის როლში შეასრულებს თუ ინდივიდუალურად, ნამაზის შესრულების მხარეს სუთრე[2] უნდა იქონიოს, რადგან აბუ ზარრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: „თქვენგან რომელიმე ნამაზის შესასრულებლად ფეხზე წამოდგომის დროს, თუ მის წინ ტრანსპორტზე (ამ შემთხვევაში ცხენზე ან აქლემზე) განთავსებული უნაგირის უკანა მხარეს არსებული ჯოხის მსგავსი რამ იქნება, მაშინ ის მისთვის სუთრეა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის წინ გამვლელი ვირი, ქალი ან შავი ძაღლი ნამაზს მოშლის.“[3]

ამის შემდეგ, პიროვნება „იფთითაჰ თაქბირს“ ანუ „ალლაჰუ აქბარ“-ს (დიდება ალლაჰს) იტყვის და სეჯდის შესასრულებელ ადგილს შეხედავს. ამ სიტყვების გარდა სხვა განსხვავებული სიტყვის თქმა არ შეიძლება, რადგან ზიქრის სიტყვები ალლაჰის მხრიდან ჩვენზე ბოძებულია და მისი შეცვლა აკრძალულია. ასეთ დროს უნდა შესრულდეს ის, რაც არგუმენტებითაა გამყარებული. გამონაკლისია ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ფიზიკურად ამ სიტყვების არაბულად წარმოთქმა არ შეუძლია. ასეთ დროს „იფთითაჰ თაქბირს“ თავის მშობლიურ ენაზე იტყვის, რადგან უზენაესმა ალლაჰმა ყურანში ბრძანა: „2/286. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს...“ „იფთითაჰ თაქბირის“ შეუსრულებლობის შემთხვევაში ნამაზი დაწყებულად არ ჩაითვლება, რადგან ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგ სიტყვებს გადმოგვცემს: „ნამაზის გასაღები ‘თაჰარეთი’[4], თაქბირი ‘თაჰრიმია’[5], ხოლო სალამის მიცემა კი ‘თაჰლილია’[6].“[7]

პიროვნებამ შეერთებული თითები მომუჭულ მდგომარეობაში, მხრების ან ყურის ქვედა ნაწილის დონემდე - თაქბირამდე, თაქბირის შემდეგ ან თაქბირის წარმოთქმის დროს - უნდა წამოსწიოს. ყოველივე ამის შემსრულებელი სუნნეთის მიხედვით მოიმოქმედებს, რადგან იბნ ომარი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „მე შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგნაირად დავინახე: ნამაზის შესასრულებლად როდესაც წამოდგა, ხელები მხრების დონემდე წამოსწია. ამას რუქუ’ის[8] დროს თაქბირის წარმოთქმის დროსაც ასრულებდა, იგივეს აკეთებდა რუქუ’იდან თავის წამოწევის დროსაც, შემდეგ კი ‘სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ’-ს ამბობდა. თუმცა სეჯდის დროს ამას (ხელების წამოწევას) არ ასრულებდა.“[9]

მალიქ ბინ ალ-ჰუვაირის გადმოცემის მიხედვით, შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგნაირად აკეთებდა: „თაქბირის წარმოთქმის დროს ხელებს ყურებამდე წამოსწევდა. რუქუ’ზე წასვლის დროსაც იგივეს აკეთებდა. რუქუ’იდან თავის წამოწევის შემდეგ ‘სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ’-ს ამბობდა და ისევ იგივეს იმეორებდა.“[10]



[1] შემდეგ გამოგონილი.

[2] ლექსიკური მნიშვნელობა“დაფარვა, დამალვაა”. ფიყჰში მისი მნიშვნელობა კი ნამაზის შემსრულებლის წინ რაიმე ‘დაბრკოლების’ არსებობაა იმისათვის , რომ მლოცველის წინ გავლა შესაძლებელი არ იყოს.

[3] მუსლიმ, 1/365, ჰადისის №: 510;

[4] ისლამის მიხედვით შესასრულებელი სისუფთავე, განბანვა.

[5] თაქბირის შესრულებით ნამაზის გარდა სხვა რაღაცით დაკავება ჰარამი ხდება.

[6] სალამის მიცემით ნამაზის გარდა სხვა რაღაცით დაკავება ჰალალი ხდება.

[7] თირმიზი, 1/9, ჰადისის №: 3; ალ-ალბანი, სახიხუ სუნენი’თ-თირმიზი, 1/4, ჰადისის : 3, მოხსენებულია, როგორც ‘ჰასენ-სახიხი’.

[8] წელში მოხრა.

[9] ბუხარი, 1/180;

[10] მუსლიმ, 1/293, ჰადისის : 391.