20 July 2020

2. ზათუ ანვათის საკითხი

მეცხრე ნაწილი

ხისგან, ქვისგან და მსგავსი რაღაცებისგან სიკეთის მოლოდინი

„53/19. განა არ უნდა დაუფიქრდეთ, (რატომ ეთაყვანებით) ლატსა და ღუზას?
20. და სხვას, მესამეს - მენათს?
21. განა თქვენთვისაა განკუთვნილი მამრი და მისთვის (ალლაჰისთვის) მდედრი?
22. მაშინ ეს განაწილებაა უსამართლო.
23. იგი მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა. ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და იმას, რაც ნებავს სულებს. და ვფიცავ, მათთან მივიდა თავიანთი ღმერთიდან ჭეშმარიტება.“

აბუ ვაყიდ ალ-ლეისი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გვიამბობს: „შუამავალთან ერთად ჰუნაინის ლაშქრობაზე წავედით. ქუფრიდან ახალი გამოსულები ვიყავით. მუშრიქების კუთვნილი კედარის ხე იყო, რომელზეც იარაღს ჰკიდებდნენ და ღვთისმსახურებას აღავლენდნენ. ხეს ‘ზაუ ანვათს’-ს ეძახდნენ. ხის გვერდით როდესაც ჩავიარეთ, შუამავალს ვუთხარით: ‘ეი ალლაჰის შუამავალო! მუშრიქების კუთვნილი ხის - ‘ზათუ ანვათის’ მსგავსი ხე ჩვენც რომ დაგვიდგინო?’ ამის თაობაზე ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘დიდება ალლაჰს! აი ისევ იგივე გზა. ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, თქვენ თქვით იგივე, რაც ისრაელთა შვილებმა უთხრეს მუსას: ‘ეი მუსა! მათი ღვთაების მსგავსი ღვთაება ჩვენც დაგვიდგინე.’ მიუგო (მუსამ): ‘მართლაც, რომ თქვენ ჯაჰილი თემი ხართ.’ (ალ-ა’რაფ 7/138). თქვენ შეეცდებით იმ ადათ-წესების შესრულებას, რომლებიც თქვენს უწინ მცხოვრებ ხალხს ეკუთვნოდა.“[1]

აიათიდან და ჰადისიდან გამომდინარე საკითხები


1-ი საკითხი: სურა ნაჯმ-ის აიათის თაფსირი (განმარტება).

მე-2 საკითხი: ცნობა იმისა, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა მათი სურვილი.

მე-3 საკითხი: სურვილის (მოთხოვნის) შეუსრულებლობა ანუ მათ მხოლოდ ისურვეს.
მხოლოდ და მხოლოდ მათი ნება-სურვილის გამოხატვის გამო, ალლაჰის შუამავალმა მათი სურვილი მძვინვარედ უარყო, თან გააფრთხილა, რომ მსგავსი რამ აღარ ესურვათ და არ შეესრულებინათ. შუამავლის ახსნა-განმარტებისა და მათთვის ჭეშმარიტების გაცხადების შემდეგ, ზემოაღნიშნულს თუ შეასრულებდნენ, მაშინ შირქში და ქუფრში ჩავარდებოდნენ.

მე-4 საკითხი: მათი სურვილი (განზრახვა) ეფუძნებოდა იმ აზრს, რომ ამ ქმედებით ალლაჰი მათ უფრო შეიყვარებდა და დაიახლოვებდა.
ამგვარი განზრახვის საფუძველზე, შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისურვეს ხე, რათა მასზე თავიანთი იარაღები და ნივთები ჩამოეკიდათ. ის ფაქტი, რომ შუამავლისგან ნება ითხოვეს, მეტყველებს მათ მიზანზე, რაც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლის გარეშეც დაიდგენდნენ ხეს.[2]

მე-5 საკითხი: მიუხედავად მათი რელიგიაში არსებული მაღალი საფეხურისა და ცოდნისა, ამ საკითხის მიმართ მათი უცოდინრობა (ის, რომ სიკეთის მოლოდინის ამგვარი სახე ღვთაების დადგენაზე მიუთითებდა)[3] მიასწავლებს იმაზე, რომ მსგავს საკითხში სხვა ადამიანები უფრო ჯაჰილები (უცოდინრები) იქნებიან.

მე-6 საკითხი: საჰაბეებზე ისეთი მადლისა და პატიების წყალობა, რაც სხვებზე არ მიცემულა. ამასთან ერთად, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თავიანთი სურვილის გამო მათი მდგომარეობა საპატიოდ არ ჩათვალა.[4]

მე-7 საკითხი: მოთხოვნის საპასუხოდ შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ მათი მდგომარეობის არასაპატიოდ მიჩნევა და სიტყვებით „დიდება ალლაჰს! აი ისევ იგივე გზა.“ მათი მოთხოვნის უარყოფა და შეტყობინება იმისა, რომ ამგვარი სურვილი საფრთხის შემცველია.

მე-8 საკითხი: მათი ამგვარი მოთხოვნა მსგავსი იყო ისრაელთა შვილების მოთხოვნისა. როგორც აიათშია მოცემული, ისრაელთა შვილებმა მუსას (‘ალეისალამ) თხოვეს: „ჰეი, მუსა! დაგვიდგინე ჩვენ ისეთი ღვთაება, როგორი ღვთაებებიც ჰყავთ მათ.“

მე-9 საკითხი: ცნობა იმისა, რომ ამ სახის მოთხოვნისა და მოქმედების აკრძალვა ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის მნიშვნელობის ნაწილია.

მე-10 საკითხი: შუამავალმა მის მიერ გაცემულ ფათვაზე (განჩინებაზე) დაიფიცა.
შუამავალი არ იყო ადამიანი, რომელიც ყოველივე საკითხზე იფიცებოდა. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებდა, როდესაც რაიმე სარგებელს ან ზიანის თავიდან აცილებას ჰქონდა ადგილი.[5]

მე-11 საკითხი: ცნობა იმისა, რომ არსებობს დიდი და პატარა შირქი. ვინაიდან, ისინი თავიანთი მოთხოვნის საფუძველზე მურთადები არ გამხდარან.
საჰაბეებმა ‘ზათუ ანვათის’ ხე მასზე ღვთისმსახურების შესასრულებლად კი არა, არამედ მხოლოდ მისგან სიკეთის მოლოდინისთვის ისურვეს. არსებობს შირქის პატარა, დიდი, დამალული და ხილული სახეები. დიდ შირქს პიროვნება რწმენიდან გაჰყავს. პატარა შირქს კი არა. ამასთან ერთად, პატარა შირქის საკითხში სწავლულები ორ ნაწილად გაიყვნენ:
პირველი შეხედულება: პატარა შირქი არის ის, რაზეც არგუმენტები მიუთითებს რომ ესა და ეს პატარა შირქია. მაგ: შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „შირქი შეასრულა მან, ვინც ალლაჰის გარდა სხვაზე დაიფიცა.“ აქ ნახსენები „შირქი“ პატარა შირქია, რადგან არგუმენტები მიგვითითებს იმაზე, რომ ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება რწმენიდან გამყვანი არ არის.
მეორე შეხედულება: პატარა შირქი დიდი შირქის წინამძღვარია. მაგ: ადამიანის მიერ რაღაცაზე - ღვთაებად დაყენების გარეშე - მინდობა პატარა შირქის სახეობაა, რადგან ამ ქმედებას საბოლოოდ დიდი შირქისკენ მივყავართ. ეს განმარტება პირველ შეხედულებასთან შედარებით უფრო ფართო და ვრცელია, რადგან პირველი შეხედულების მიხედვით, არგუმენტი თუ არ მიგვითითებს იმაზე, რომ რაღაც არის პატარა შირქი, მაშინ მას პატარა შირქს ვერ დავარქმევთ. მეორე შეხედულების მიხედვით კი, დიდი შირქისკენ მიმავალ ყველაფერს პატარა შირქი ეწოდება.[6] ჭეშმარიტებასთან ახლოს მყოფი მეორე შეხედულებაა. ამ წიგნის განმმარტებელი, ალლაამე ას-სა’დიც მეორე შეხედულებას იზიარებს.

მე-12 საკითხი: აბუ ვაყიდ ალ-ლეისის სიტყვები - „ქუფრიდან ახალი გამოსულები ვიყავით“ - მიუთითებს იმაზე, რომ მათ გარდა სხვას ამ საკითხის შესახებ ცოდნა (ინფორმაცია) ჰქონდათ.

მე-13 საკითხი: ცნობა იმისა, რომ გაოცების დროს თაქბირის (ალლაჰუ აქბარ - დიდება ალლაჰს) წარმოთქმა დაშვებულია.

მე-14 საკითხი: „სადდუ’ზ-ზარააი“ ანუ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თავიდანვე საჭირო ზომების მიღება და მსგავსი ქმედებების დაბრკოლება.

მე-15 საკითხი: ჯაჰილ ხალხზე მიმსგავსების აკრძალვა.

მე-16 საკითხი: სწავლების დროს შესაძლებელია (დაშვებულია) გაბრაზება.

მე-17 საკითხი: შუამავლის სიტყვებში - „აი ისევ იგივე გზა“ - ზოგადი (და არა კონკრეტული) ყაიდის არსებობა.

მე-18 საკითხი: ნიშანი, რაც მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შუამავლობაზე მიუთითებს. ვინაიდან, მოხდა ისე, როგორც შუამავალმა იწინასწარმეტყველა (უმმეთმა ნაბიჯ-ნაბიჯ არამუსლიმებს მიბაძეს).

მე-19 საკითხი: იუდეველებისა და ქრისტიანების შესახებ ყოველი საკითხი, რომელიც ალლაჰის მიერ გაკიცხულია, ჩვენზეც (მუსლიმებზეც) ვრცელდება ანუ მათი შესრულებით ჩვენც გაკიცხვის ობიექტები გავხდებით.

მე-20 საკითხი: არსებობს სწავლულების მიერ აღიარებული საფუძველი: „ღვთისმსახურებანი ბრძანების საფუძველია.“ ამ ამბავში საფლავის კითხვებია გადმოცემული ანუ ამბავში არის რუბუბიეთის, ნუბუვვეთისა (შუამავლობის) და ღვთისმსახურების შესახებ გაფრთხილებები, რომლებსაც გარდაცვლილს საფლავში შეეკითხებიან.[7] საფლავის პირველი შეკითხვაა: „ვინ არის შენი ბატონი?“ მეორე: „ვინ არის შენი შუამავალი?“ მესამე: „რა არის შენი რელიგია?“
ჩვენი შუამავალი და ასევე, მუსა შუამავალიც იმიტომ მოევლინენ, რომ რელიგია დაეცვათ და გაევრცელებინათ. სასაფლაოს კითხვებიდან მესამე არის ‘რა არის შენი რელიგია?’. რელიგიაში კი ღვთისმსახურება იგულისხმება ანუ პიროვნება დაიკითხება იმის შესახებ, თუ ვის ეთაყვანა.

21-ე საკითხი: აჰლი ქითაბის კუთვნილი ადათ-წესები, მუშრიქების ადათ-წესების მსგავსად გაკიცხულია.

22-ე საკითხი: „ჩვენ ქუფრიდან ახალი გამოსულები ვიყავით“ - ამ სიტყვების მიხედვით, უსაფუძვლოა აზრი, თითქოს ძველი წეს-ჩვეულებები ერთი ხელის მოსმით სრულიად ამოიძირკვება ადამიანის გულიდან.

განმარტება

ქვისგან, ხისგან და მსგავს რამეებისგან სიკეთის მოლოდინი შირქის ერთ-ერთი სახეობაა. ალიმების ერთხმიანი აზრით, ხისგან, ქვისგან, რაიმე ადგილისგან, სასაფლაოსგან და ა.შ. სიკეთის მოლოდი დაუშვებელია. მათგან სიკეთის მოლოდინი ზღვარგადასულობაა. ასევე, ამგვარი ქმედება მათზე თაყვანისცემის საწყისი ეტაპია. ამგვარი მოქმედებები კი, ზემოთ მოცემული განმარტების თვალსაზრისით, დიდ შირქს მიეკუთვნება. ამ ზოგად წესს მიუეკუთვნება მაყამი იბრაჰიმი, შუამავლის სასაფლაო, მესჯიდი აყსაში მდებარე ქვა და სხვა სარგებლიანი ადგილებიც.
‘ჰაჯერ-ი ასვად’-ზე მისალმება, კოცნა, ქააბას კედელში არსებული რუქნ-ი იემანზე მისალმება კი, ალლაჰის წინაშე ქედის მოხრასა და ღვთისმსახურებას გულისხმობს.[8] ამ შემთხვევაში ნაჩვენებია ალლაჰისადმი პატივისცემა და თაყვანისცემა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, ქმნილების მიმართ ქედის მოხრა და ღვთისმსახურება. ამ ორ შორის განსხვავება ალლაჰისადმი ვედრების აღვლენასა და ქმნილებისადმი ვედრების მიძღვნას შორის განსხვავების მსგავსია.

წყარო: „ქითაბუ’თ-თავჰიდ“. მწერალი: შეიხუ’ლ-ისლამ მუჯადდიდ იმამ მუჰამმად ათ-თამიმი; შერხი: აბდურრაჰმან ბინ ნასრ ას-სა’დი



[1] აჰმედ, 5/218; თირმიზი, 2181; იბნ ჰიბბან 6702; აბუ ია’ლა, 1441; თაბერანი, „ალ-ქაბირ“ 3/244; თაიალისი, 1346; ალ-ჰუმაიდი, 848; ალ-ალბანი, „სახიხუ’ლ-ჯამი“ 1063;
[2] ალ-ყავლუ’ლ-მუფიიდ ალაა ქითაბი’თ-თავჰიიდ/მუჰამმედ ას-სალიჰ ალ-უსეიმი, გვ: 1/204.
[3] ალ-ყავლუ’ლ-მუფიიდ ალაა ქითაბი’თ-თავჰიიდ/მუჰამმედ ას-სალიჰ ალ-უსეიმი, გვ: 1/204.
[4] ალ-ყავლუ’ლ-მუფიიდ ალაა ქითაბი’თ-თავჰიიდ/მუჰამმედ ას-სალიჰ ალ-უსეიმი, გვ: 1/204.
[5] ალ-ყავლუ’ლ-მუფიიდ ალაა ქითაბი’თ-თავჰიიდ/მუჰამმედ ას-სალიჰ ალ-უსეიმი, გვ: 1/205.
[6] ალ-ყავლუ’ლ-მუფიიდ ალაა ქითააბი’თ-თავჰიდ, მუჰამმედ ას-სალიჰ ალ-უსეიმიინ, გვ: 206
[7] ალ-ყავლუ’ლ-მუფიიდ ალაა ქითააბი’თ-თავჰიდ, მუჰამმედ ას-სალიჰ ალ-უსეიმიინ, გვ: 1/212
[8] ღვთისმსახურებები, რომელთა შესრულებით ალლაჰს ვუახლოვდებით, რაზეც არგუმენტები მიგვითითებს. მათ შესახებ დალილები რომ არ ყოფილიყო, მაშინ როგორც ვიცით არგუმენტის გარეშე რაღაცის შესრულებით ალლაჰთან დაახლოების მცდელობა მართებული (დაშვებული) არ იქნებოდა.

19 July 2020

1. ზათუ ანვათის საკითხი

სწავლულებმა ეს ჰადისი ორნაირად განმარტეს:

ა) ამგვარი მოთხოვნა დიდი შირქი არ არის: რადგან პირდაპირი ფორმით ქმნილებისგან და ქმნილების საბაბით ალლაჰისგან რაიმეს მოთხოვნას შორის განსხვავებაა. ასევე, რაიმესგან ბარაქას მოლოდინსა და მისგან ზიანისა და სიკეთის მოლოდინს შორის განსხვავებაა. შუამავლის მკაცრი რეაქცია გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი მოთხოვნა მუშრიქებზე მიმსგავსება იყო, რადგან ამგვარი რამ მუშრიქების ქმედებას წააგავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზათუ ანვათის მსგავსი ხის მოთხოვნა დიდი კი არა, პატარა შირქია.
იმამ შატიბი „ალ’ითისამ“-ში ამბობს: „ზათუ ანვათის დადგენა ალლაჰის გარდა სხვა ღვთაების დადგენას წააგავს, თუმცა მასში უშუალოდ ზათუ ანვათის ღვთაებად დაყენება არ მოიაზრება.“[1]
იბნი თაიმია „იქთიდა სირატელ  მუსტაყიმ“-ში ამბობს: „საყურადღებოა ის, რომ შუამავალი საჰაბეების მოთხოვნის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ დროს, უფრო მნიშვნელოვან საკითხებში მუშრიქებზე მიმსგავსებას როგორ არ მიაქცევს ყურადღებას?!“[2]
მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბი „ქითაბ’უთ თავჰიდ“-ის მე-11 ნაწილში ამბობს: „მათი ეს ქმედება პატარა შირქია, რადგან მურთადები არ გამხდარან.“
თირმიზის განმმარტებელი, იბნი არაბი ალ-მალიქი „არიდეთულ აჰვეზ“-ში მსგავს განმარტებას აკეთებს.[3] ასევე, თირმიზის ერთ-ერთი განმმარტებლის, მუბარექფურის[4] მსგავსი შეხედულება არსებობს.

ბ) ამგვარი მოთხოვნა დიდი შირქია: თუმცა საჰაბეების ახალად გამუსლიმანება და მოთხოვნის შეუსრულებლობა მათთვის საპატიო მიზეზი გახდა.
შეიხ ჰამიდ ალ-ფექი „ფეთხულ მეჯიდ თალიყინ“-ში ამბობს: „ეს პატარა შირქი კი არა, არამედ დიდი შირქია. ასე, რომ არ ყოფილიყო შუამავალი არ დაიფიცებდა და მათ ქმედებას ისრაელის ძეთა ქმედებას არ შეადარებდა. ხოლო, მიზეზი იმისა, რომ ამგვარი მოთხოვნის გამო ისინი ქუფრში არ ჩავარდნენ, მათი ისლამში ახალად შესვლა და მოთხოვნის შეუსრულებლობაა.“[5]
შეიხ სალიჰ ალ-ფევზანი „არიდულ ჯეჰლ“-ში ამბობს: „აქ შირქს ადგილი არ ჰქონია. მათ მხოლოდ ხე ისურვეს. თუმცა, ვინც შირქს შეასრულებს მას მუშრიქის ჰუქმი მიეცემა, რადგან ეს საკითხი აშკარა თემებს შორისაა.“[6]
ფეთვის ორგანიზაცია „ალ-ლეჯნე“-ს ფეთვები: „მათი საპატიო მიზეზი ახალად ისლამში შესვლა და მოთხოვნის შეუსრულებლობაა. შუამავალმა აცნობა, რომ მოთხოვნის შესრულების შემდეგ ისინი ქუფრში ჩავარდებოდნენ.“[7]
შეიხ იბნი ბაზი „ფათავა იბნი ბაზ“-ში ამბობს: „ისინი ახალად გამუსლიმანებულები იყვნენ. მოითხოვეს, თუმცა არ შეასრულეს. შუამავალმა მათ აცნობა, რომ ქმედების შესრულების შემთხვევაში ისინი ქააფირები გახდებოდნენ.“[8]
ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ:
პირველი ჯგუფის მიხედვით, არსებული მდგომარეობა დიდი შირქი არ არის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს ამბავი „დიდ შირქში უცოდინრობა საპატიო არის/არ არის“ საკითხის დალილი ვერ იქნება.
მეორე ჯგუფის სწავლულების მიხედვით კი, დიდ შირქში საპატიო მიზეზი ორია: 1) ისლამში ახალად შესვლა, 2) მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოთხოვნა რომ შეესრულებინათ თაქფირი გაკეთდებოდა.
ჩვენ[9] უპირატესობას მეორე ჯგუფის სწავლულების შეხედულებას ვანიჭებთ, რადგან ჰადისის გარეგნობა ამაზე მიგვითითებს. მუშრიქები ჩიტს, ხეს და მსგავს რამეებს პირდაპირი გაგებით, ზიანისა და სარგებლის მომტანად მიიჩნევდნენ. ჯერ კიდევ ისლამში ახალად შესულისთვის კი, ამის გარჩევა შესაძლებელი არ არის. ამ დონის მცოდნენი, რომ ყოფილიყვნენ მსგავსი მოთხოვნა არც გაუჩნდებოდათ.
ასევე, ადამიანი რამის გაკეთებას თუ განიზრახავს და თავისი ნებით მას არ შეასრულებს, მაშინ არ განიკითხება. ხოლო, განზრახვის შემდეგ თავისი ნების საწინააღმდეგოდ, გარე ფაქტორების ზეგავლენით განზრახულს თუ ვერ განახორციელებს, ის თავისი განზრახვის გამო მაინც განიკითხება...
სახიხ ჰადისში გადმოცემულია: „ორი მუსლიმანი ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს თუ დაიღუპა, მკვლელიც და მოკლულიც ცეცხლშია. საჰაბე იკითხავს: ‘მკვლელის მდგომარეობა გასაგებია, თუმცა მოკლულს რა ბრალი აქვს?’ შუამავალი უპასუხებს: ‘მოკლულსაც მისი ძმის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.’“
მოკლულს საკუთარი რელიგიური ძმის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ვერ მოახერხა იმის გამო, რომ მოკვდა. მიუხედავად ამისა, თავისი ნიათის გამო ცეცხლში მოხვდა.
ჰადისში ნათქვამია: „ალლაჰმა ერთს ქონება უწყალობა, მან კი ჰარამებში დახარჯა. მეორეს კი არ უწყალობა. იტყვის: ‘ნეტავ მეც მქონოდა ქონება და მის მსგავსად გამეკეთებინა.’ ორივე მათგანის ცოდვა ერთია.“[10]
კაცმა ცუდის გაკეთება განიზრახა, თუმცა ქონების უქონლობამ დააბრკოლა. ამგვარი მდგომარეობა კი, მისი ცოდვის დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.

საბოლოოდ: ორივე ჯგუფის ალიმების მიხედვით, ამ ამბავის (ზათუ ანვათის) ზოგადად აღება და უცოდინრობის გამართლების დალილად გამოყენება როგორც ჰადისის გარეგნობის წინააღმდეგი, ასევე თვითონ ამ სწავლულების შეხედულებების საწინააღმდეგოცაა. როგორც ვთქვით, ზოგიერთმა სწავლულმა ისლამში ახალად შესულისა და მუსლიმებისგან შორს მცხოვრები ხალხის მდგომარება, რომელთა უცოდინრობაც საკუთარი ნებიდან არ გამომდინარეობს, საპატიო მიზეზად ჩათვალა.
ჩვენი დროის ადამიანების მდგომარეობა კი, არც გადმოცემას და არც მისგან გამომდინარე დასკვნას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს შესწავლის საშუალება, მათი ნება-სურვილიდან (უგულისყურობიდან) გამომდინარე უცოდინარი დარჩნენ. ამგვარი რამ კი ერთხმიანი აზრით საპატიო არ არის...

წყარო: აბუ ჰანზალა, „რწმენის აქტუალური საკითხები“, გვ: 173[11]



[1] 2/246.
[2] 314.
[3] 9/72.
[4] 6/408
[5] 141.
[6] 291.
[7] 2/34.
[8] 9257.
[9] მწერალის სიტყვები.
[10] გადმოცემულია სუნენში, სახიხია.
[11] GÜNCEL İTİKAT MESELELERİ