30 October 2019

26-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად (ბოლო ნაწილი)

რა არის ისლამის ხუთი ბურჯი?

ისლამის ხუთი ბურჯი ცხოვრები ხუთი ძირითადი წესია. ესენია: რწმენის დასტური (ერთღმერთიანობის სიტყვის წარმოთქმა: ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ), ლოცვა, ზაქათის გაცემა (უპოვართა დახმარება), რამაზნის თვეში მარხვა და თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ერთხელ მაინც ჩასვლა მექაში და ქააბას მონახულება.

რწმენის დასტური:

მორწმუნემ დიდი რწმენით უნდა წარმოთქვას - “ლაა ილაჰა ილა ალაჰ, მუჰამმედუნ რასულულლაჰ”. ეს გამონათქვამი ნიშნავს “არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი, გარდა ალლაჰისა, მუჰამედი კი მისი შუამავალია”. პირველი ნაწილი, ”არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი, გარდა ალაჰისა” ნიშნავს იმას, რომ არავის აქვს უფლება სხვას სცეს თაყვანი გარდა ალაჰისა და ჭეშმარიტ ღმერთს არც მოკავშირე ჰყავს და არც ძე. ამ რწმენის დასტურს შაჰადა ჰქვია, ეს მარტივი ფორმულა დიდი მრწამსით უნდა წარმოითქვას, რათა ისლამზე მოექცე.[1] რწმენის დასტური ისლამის ხუთი ბურჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანია.

ლოცვა:

მუსლიმანები დღეში ხუთ ლოცვას ასრულებენ. თითო ლოცვის შესრულებას მხოლოდ რამდენიმე წუთი მიაქვს. ისლამში ლოცვა უშუალო კავშირის დამყარებაა მვედრებელსა და ღმერთს შორის. ღმერთსა და მვედრებელს შორის შუამავლები არ არსებობენ. ლოცვის დროს, ადამიანი სულიერ ბედნიერებასა და სიმშვიდეს გრძნობს, ღმერთი კი მისით კმაყოფილია. ღვთის შუამავალმა მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა: ბილალ ხალხს მოუწოდე ილოცონ და ამით ჩვენ გვასიამოვნონ.[2] ბილალი მუჰამედის თანამოაზრე იყო, რომელსაც ხალხის ლოცვისკენ მოწოდება დაევალა. ლოცვები სრულდება აისზე, შუადღეზე, ნაშუადღევს, მზის ჩასვლისას და ღამით. მუსლიმანს შეუძლია ყველგან ილოცოს, მაგალითად: მინდორში, ოფისში, ქარხანასა თუ უნივერსიტეტში.

ზაქათის გაცემა (უპოვართა დახმარება)

ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის, სიმდიდრეს კი ადამიანი განაგებს. სიტყვა “ზაქათი” განწმენდასა და ზრდას ნიშნავს. ზაქაის გაცემა ნიშნავს - “პირადი საკუთრებიდან რაღაც წილი მისცე გარკვეული ფენის გაჭირვებულ ადამიანებს”. ამ პროცენტულობამ უნდა მიაღწიოს ოქროთი, ვერცხლით და ნაღდი ფულით 85 გრამ ოქროს ექვივალენტს და ის ერთი წელიწადის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ვინმეს საკუთრებაში. ადამიანს აგრეთვე შეუძლია იმდენი მოწყალება გასცეს, რამდენსაც მოისურვებს.

რამაზნის მარხვის შენახვა ყოველ წელს

რამაზანის[3] თვეში, აისიდან დაისამდე მუსლიმანები მარხვას ინახავენ. ამ დროს ისინი საჭმელზე, სასმელზე და სექსუალურ ურთიერთობაზე უარს ამბობენ. მარხვა ჯანმრთელობისთვისაც კარგია და რწმენის გასამყარებლად და სულიერი ზრდისათვისაც არაჩვეულებრივია. როცა ამ ქვეყნიურ სიამოვნებაზე უარს ვიტყვით, მშიერ ადამიანის მდგომარეობაში უფრო შევალთ და სულიერ ცხოვრებასაც ავიმაღლებთ.

მექქაში სალოცავად წასვლა

მექაში სალოცავად წასვლა (ჰაჯობა) იმ ადამიანის ვალდებულებაა, რომელიც ფიზიკურად და სულიერად მზად არის ამისთვის. დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ჩადის მექაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მიუხედავად იმისა, რომ მექაში ყოველვის უამრავი ხალხია, ყოველწლიური ჰაჯობა ისლამური კალენდრით წლის მეთორმეტე თვეს სრულდება. სხვადასხვა კულტურისა და ფენის წარმომადგენელ მუსლიმან მამაკაცებს ერთნაირი, სადა ტანისამოსი აცვიათ. ასე, რომ ღვთის წინაშე ისინი თანაბარუფლებიანი არიან. მექაში მორწმუნეები ჰარამის მეჩეთთან ლოცულობენ. ამ მეჩეთში არის ქააბა. ლოცვის დროს მორწმუნეები მისკენ ბრუნდებიან. ქააბა არის ლოცვისთვის განკუთვნილი ადგილი, რომლის აშენებაც ღმერთმა წინასწარმეტყველ აბრამს (იბრაჰიმს) და მის ვაჟს ისმა’ლს დაავალა.
ჰაჯობის შესრულებისას მლოცველმა ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუაროს და საფასა და მარვას ბორვების ქვეშ შვიდჯერ გაიარს, როგორც ეს ჰაგარმა ქნა წყლის ძიებისას. ამის შემდეგ მლოცველები არაფაში[4] დგებიან და ღმერთს სურვილების ასრულებასა და განკითხვის დღეს შეწყალებას შესთხოვენ.
ჰაჯობის ბოლოს იმართება ზეიმი - ეიდ ალ-ადჰა, სადაც ყველა მლოცველი ერთად ზეიმობს. ეიდ ალ-ადჰა და ეიდ ალ-ფირი, რამადანის მარხვის ბოლო დღე - მუსლიმანურ კალენდარში ყოველწლიურ დღესასწაულებადაა შეტანილი.

ისლამი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ამერიკაში უამრავი მუსლიმანია. მათ შორის არიან: ემიგრანტები, ქარხნის მუშები, ექიმები. ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს ერთი რწმენა აერთიანებთ. მათ ამაში მეჩეთების უზარმაზარი ქსელი ეხმარება. მუსლიმანები ჩრ. ამერიკაში დიდი ხნის წინ ჩავიდნენ. მე-18 საუკუნისთვის კი ამერიკაში უამრავი მუსლიმანი იყო. სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ძალიან ბევრმა ამერიკელმა მიიღო ისლამი. მათ შორის არიან მდიდრები და ღარიბები, განათლებულნი და გაუნათლებელნი. დღეისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 5 მილიონ ნახევარი მუსლიმანია.[5]





[1] რედაქტორის შენიშვნა: ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს გვერდზე არსებობს ცალკე თემა, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ ვრცელი ინფორმაცია.
[2] იხილეთ: აბუ-დავუდში, #4985 და მუსნად აჰმადში, #2278.
[3] რამაზანი ისლამური კალენდარის მიხედვით მეცხრე თვეა.
[4] მექქადან 24 კილომეტრის დაშორებით მდებარე ადგილი.
[5] მსოფლიო კალენდარი და ფაქტების წიგნი, 1996 წ. ფამიგეტი, გვ. 644.

28 October 2019

25-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

რა მდგომარეობა უკავია ქალს ისლამში?

ისლამი ქალს - გათხოვილს ან გაუთხოვარს - საკმაოდ დიდ თავისუფლებას ანიჭებს. ქალს აქვს უფლება ჰქონდეს და განკარგოს თავისი ქონება და მონაგები სხვისი მეურვეობის გარეშე (იქნება ეს მამა, ქმარი თუ სხვა ვინმე). მას აქვს უფლება იყიდოს და გაყიდოს, გასცეს მოწყალება და საჩუქრები, შეუძლია თავისი ფული სურვილისამებრ დახარჯოს. საქორწინო მზითვს ნეფე პატარძალს პირადი მოხმარებისვის გადასცემს. ქალს უძლია ოჯახის გვარი ატაროს და არ გადავიდეს ქმრის გვარზე. ისლამი ქმარს მოუწოდებს, რომ კარგად მოექცეს ცოლს, რადგანაც ღვთის შუამავალმა მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა: თქვენ შორის საუკეთესო ის არის, ვინც საუკეესოდ ექცევა თავის ცოლს.[1]
დედებს ისლამში უდიდეს პატივს ცემენ. ისლამი ხალხს მოუწოდებს, რომ დედებს უდიდესი სითბოთი მოექცნენ. ერთხელ ერთი კაცი მივიდა ღვთის შუამავალ მუჰამედთან (სალამი და მშვიდობა მას) და ჰკითხა: “ო, ღვთის მოციქულო! ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად ჩემი მხრიდან კარგ მოპყრობას?” მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) უთხრა: დედაშენი. კაცმა ჰკითხა: “და კიდევ?” მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) უთხრა: დედაშენი.“ კაცმა კიდევ ჰკითხა: “და კიდევ?” მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) უთხრა: და კიდევ დედაშენი. კაცმა ისევ ჰკითხა: “და კიდევ?” მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) უთხრა: და კიდევ მამაშენი.“[2] (მუსლიმან ქალებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.islam-guide. com/women).

ოჯახი ისლამში

ოჯახი, რომელიც საზოგადოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, დაშლის პროცესშია. ისლამური ოჯახის სისტემას ქმრის, ცოლის, ბავშვებისა და ნათესავების უფლებები სრულ წონასწორობაში მოჰყავს. არაეგოისტური ქცევა, გულუხვობა და სიყვარულია კარგად ორგანიზებული ოჯახური სისტემის საძირკველი. მყარ ოჯახში არსებული სიმშვიდე და დაცულობის შეგრძნება ძალზე დასაფასებელია. სწორედ ეს უზრუნველყოფს მისი წევრების სულიერად ზრდას. ჰარმონიული სოციალური წესრიგი მყარი ოჯახების არსებობისა და შვილების სათანადოდ დაფასების შედეგად იქმნება.

როგორ ექცევიან მუსულმანები ასაკოვან ხალხს

ისლამურ სამყაროში იშვიათად თუ შეხვდებით ე.წ. “მოხუცთა თავშესაფრებს”. მშობლის სიცოცხლეში ყველაზე რთულ პერიოდში, მისი მოვლა უდიდეს პატივად და წყალობად მიიჩნევა და ეს სულიერი ზრდის საშუალებას იძლევა. ისლამურ სამყაროში მხოლოდ მშობლებისთვის ლოცვა არ კმარა, მათ უდიდესი თანაგრძნობით უნდა მოვექცეთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ უსუსური ბავშვები ვიყავით, ისინი თავიანთ თავს ჩვენ გვამჯობინებდნენ. დედებს კი განსაკუთრებით დიდ პატივს სცემენ, როდესაც მშობლები მოხუცდებიან, მათ მოწყალედ, სიკეთით და დიდი სითბოთი ექცევიან.
ისლამში ლოცვის შემდეგ, მთავარი მშობლების მოვლაა, ეს მათ დაიმსახურეს. უღირს საქციელად ივლება, როდესაც მოხუცი ადამიანი უნებურად ჭირვეული ხდება და ამის გამო ვინმე ღიზიანდება.
ღმერთმა თქვა: „17./23. და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე მათ და ლამაზი სიტყვა უთხარი!
24. და ისინი მფარველობის ქვეშ აიყვანე ლმობიერებითა და თავმდაბლობით და თქვი: ღმერთო ჩემო! პატარაობისას როგორც გამზარდეს, ისე შეიწყალე ესენი!“ (ყურანი, მე-17 სურა; 23-24 მუხლები).



[1] იხილეთ: იბნ მაჯაჰში, #1978 და ალ-თირმიზში, #3895.
[2] იხილეთ: სახიხ მუსლიმში #2548 და სახიხ ალ-ბუხარში, #5971.

24-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ადამიანთა უფლებები და სამართალი ისლამში

ისლამი ადამიანს უამრავ უფლებას ანიჭებს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ის უფლება, რომელსაც ისლამი იცავს. ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეების სიცოცხლე და საკუთრება ხელშეუხებლად არის მიჩნეული - მნიშვნელობა არა აქვს, მისი პატრონი მუსლიმანია თუ არა. ისლამი აგრეთვე ღირსებასაც იცავს. ასე, რომ ისლამში ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება ან სასაცილო აგდება დაშვებული არ არის. ღვთის შუამავალმა მუჰამედმა თქვა:მხოლოდ თქვენი სისხლი, თქვენი საკუთრება და თქვენი ღირსებაა ხელშეუხებელი.[1]
რასიზმი ისლამში დაშვებული არ არის, ისლამი ადამიანთა თანასწორუფლებიანობაზე შემდეგნაირად საუბრობს: „49/13. ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ყურანი, 49-ე სურა; მე-13 მუხლი).
ისლამი ამბობს, რომ დაუშვებელია კონკრეტულ ადამიანსა თუ რომელიმე ერს პრივილეგია იმისთვის მივანიჭოთ, რომ მას უფრო მეტი სიმდიდრე ან ძალაუფლება აქვს. ღმერთმა ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანი შექმნა, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ თავიანთი რწმენითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. ღვთის შუამავალმა მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა:ო, ხალხო! თქვენი ღმერთი ერთია და თქვენი წინაპარიც (ადამი) ერთია. არაბი არაფრით სჯობია სხვას (არა არაბს) და სხვა არაფრით სჯობია არაბს, და წითური არაფრით სჯობია შავგრემანს, შავგრემანი კი არაფრით სჯობია წითურს,[2] განსხვავება მათ შორის მხოლოდ ღვთისმოსაობაშია.“[3]
დღესდღეისობით კაცობრიობის უდიდეს პრობლემას რასიზმი წარმოადგენს. განვითარებულ საზოგადოებას ადამიანის მთვარეზე გაგზავნა შეუძლია, მაგრამ ადამიანთა შორის ზიზღი და ბრძოლა ვერ აღმოფხვრა. ღვთის შუამავალ მუჰამედის (სალამი და მშვიდობა მას) მოღვაწეობიდან მოყოლებული, ისლამი მშვენიერ მაგალითს იძლევა, თუ როგორ უნდა მოეღოს რასიზმს ბოლო. მექაში ყოველწლიურად სალოცავად ჩასვლა (ჰაჯობა) იმის აშკარა მაგალითია, რომ ისლამურ ერებს შორის მტრობა არ არსებობს. მექაში სალოცავად 2 მილიონამდე მუსლიმანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ისლამი სამართლიანი რელიგიაა. ღმერთმა თქვა: „4/58. უეჭველად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ანაბარი უკან დაუბრუნოთ თავის პატრონებს და როცა განსჯით ადამიანთა შორის, სამართლიანად განსაჯოთ. უეჭველად, რა მშვენიერია ალლაჰის შეგონება! უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!“ (ყურანი, 4-ე სურა; 58-ე მუხლი).
ასევე, ღმერთმა თქვა: „49/9...და იყავით სამართლიანნი, რამეთუ ალლაჰს უყვარს სამართლიანნი.“ (ყურანი, 49-ე სურა, მე-9 მუხლი).
ჩვენ იმათაც სამართლიანად უნდა მოვექცეთ, ვინც ჩვენი წინააღმდეგია. ღმერთმა თქვა: „5/8. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ.“ (ყურანი, 5-ე სურა; 8-ე მუხლი).
შუამავალმა მუჰამედმა თქვა: ხალხნო, უფრთხილდით უსამართლობას, განკითხვის დღეს უსამართლობისათვის თქვენ სრული წყვდიადი მოგიცავთ.[4] და ვისაც თავისი უფლებები ჩამორთმეული აქვს, განკითხვის დღეს დაუბრუნდება. შუამავალ მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა: განკითხვის დღეს უფლებები დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ჩამორთმეული ჰქონდათ.[5]



[1] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარში, #1739 და მუსნად აჰმადში, #2037.
[2] შუამავლის ნათქვამში ფერები ჩვეულებრივ მაგალითებადაა მოყვანილი. ნაგულისხმევია, რომ ისლამში თეთრი, შავი, წითელი თუ სხვა ფერის გამო, ერთი ადამიანი მეორეს არაფრით სჯობია.
[3] იხილეთ: მუსნად აჰმადში, 22978.
[4] იხილეთ: მუსნად აჰმადში, # 5798 და სახიხ მუსლიმში ალ-ბუხარში, #2447.
[5] იხილეთ: სახიხ მუსლიმში #2582 და მუსნად აჰმადში, # 7163.

23-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

რას ამბობს ისლამი ტერორიზმზე?

ისლამი შემწყნარებელი რელიგიაა, რომელიც ტერორიზმს კრძალავს. ღმერთმა თქვა ყურანში: “60/8. არ გიკრძალავს თქვენ ალლაჰი იმათ მიმართ, რომელნიც არ შეგბრძოლებიან რწმენის თაობაზე და არ გაუძევებიხართ საკუთარი სახლებიდან, რომ უქმნათ სიკეთე და მოეპყროთ სამართლიანად. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები.” (ყურანი, მე-60 სურა; მე-8 მუხლი).
ღვთის შუამავალი მუჰამედი (სალამი და მშვიდობა მას) ჯარისკაცებს ქალებისა და ბავშვების დახოცვას უკრძალავდა[1] და ეუბნებოდა: ნუ ჩაიდენთ ღალატს, ნუ გადააბიჯებთ ზღვარს და ნუ მოკლავთ ახალშობილს.
იგი აგრეთვე ამბობდა: ის, ვინც ისეთ ადამიანს მოკლავს, რომელსაც მუსლიმებისთვის ცუდი არაფერი დაუშავებია, ვერ შეიგრძნობს სამოთხის ნელსურნელებას, რომელიც 40 წლის დროის მონაკვეთშიც კი იგრძნობა.[2]
აგრეთვე, ღვთის შუამავალმა მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) აკრძალა სიკვდილით დასჯა კოცონზე დაწვით.[3] მან მკვლელობა მეორე უმძიმეს ცოდვად დაასახელა[4] და ხალხი გააფრთხილა, რომ განკითხვის დღეს პირველ რიგში პასუხი იმათ მოეთხოვებათ, ვისაც ხელები სისხლში ექნება გასვრილი[5].[6]
მან აგრეთვე თქვა, რომ ერთმა კაცმა მოწყურებულ ძაღლს წყალი დაალევინა და ამის გამო ღმერთმა მას ყველა ჩადენილი ცოდვა აპატია. მუჰამედს (სალამი და მშვიდობა მას) ჰკითხეს: ”ცხოველებისთვის გაწეული სიკეთისათვის დაგვაჯილდოვებენ?” მან უპასუხა: სიკეთე ყოველთვის ჯილდოვდება, გინდ ცხოველის მიმართ გამოგიჩენია, გინდა ადამიანისა.[7] ცხოველის საკვებად გამოყენების მიზნით მოკვლისას, მუსლიმანები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება ნაკლები ტანჯვა მიაყენონ მათ. ღვთის შუამავალმა მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა: ცხოველის დაკვლისას დიდი მოქნილობა გამოიჩინე. ადამიანმა დანა კარგად უნდა გალესოს, რათა ცხოველს ტანჯვა ააცილოს.[8]
ზემოთ მოყვანილი წინადადებებიდან და სხვა ისლამური ტექსტებიდან ნათლად ჩანს, რომ დაუცველი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტები, შენობებისა და კერძო საკუთრების მასობრივი განადგურება, უდანაშაულო კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის ზიანის მიყენება სასტიკად არის აკრძალული ისლამის მიერ. მუსლიმანები მშვიდი, მოწყალე, შემწყნარებლური რელიგიის მიმდევრები არიან და მუსლიმანობასთან საერთოდ არაფერ შუაშია ის ძალადობის აქტები, რომლებსაც მათ ხშირ შემთხვევაში მიაწერენ. თუ მუსლიმანი ტერორიზმის აქტს განახორციელებს, იგი ისლამის კანონებითაც დამნაშავე იქნება.



[1] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #1731, და ალ-თირმიზში, #1408.
[2] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარში, #3166 და იბნ მაჯაში, #2686.
[3] იხილეთ: აბუ-დავუდში, #2675.
[4] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარში, #6871 და სახიხ მუსლიმში, #88.
[5] ნაგულისხმებია კვლა და დაშავება.
[6] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #1678, და სახიხ ალ-ბუხარში, #6533.
[7] მოთხრობილია სახიხ მუსლიმში, #2244, და სახიხ ალ-ბუხარში, #2466.
[8] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #1744, და სახიხ ალ-ბუხარში, #3015.

22-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

რა სჯერათ მუსლიმანებს იესოს შესახებ

მუსლიმანები პატივს სცემენ იესოს (‘ისა). ისინი კაცობრიობისთვის ღვთის მიერ გამოგზავნილ მთავარი შუამავლებიდან ერთ-ერთ შუამავლად მიიჩნევენ. ყურანი ამტკიცებს მის უბიწო შობას და ერთ თავს ყურანში “მარიამი” ჰქვია. ყურანში აღწერილია იესოს შობა:
„3/45. დადგა დღე, როცა ანგელოზებმა უთხრეს: „მარიამ! სწორედ, რომ ალლაჰი გახარებს ძის დაბადებას მისი სიტყვიდან, რომლის სახელიცაა მესიჰი ღისა ძე მარიამისა, იქნება ღირსეული სააქაოსა და საიქიოში და ერთ-ერთი დაახლოებული (ალლაჰთან).
46. ის (ღისა ძე მარიამისა), ადამიანებს დაელაპარაკება აკვანშიც და მოწიფულიც, და იქნება მართალთაგანი.“
47. უთხრა (მარიამმა): „უფალო ჩემო, როგორ მეყოლება მე ძე, როცა კაცი არ შემხებია მე?“ მიუგო (ალლაჰმა): სწორედ რომ ასე, ალლაჰი გააჩენს, ინებებს რასაც. როცა განიზრახავს რაიმეს გაჩენას, მხოლოდ ეტყვის მას: იქმენ! და უმალ იქმნება ისიც.“ (ყურანი, მე-3 სურა; 45-47 მუხლები).
იესო სასწაულებრივი გზით იშვა ღმერთის სურვილით. ღმერთმა ადამიც მამის გარეშე გააჩინა. ღმერთმა თქვა:
„3/59. უეჭველად, ალლაჰის წინაშე ღისას გაჩენის ფორმა ადამის გაჩენის ფორმის მსგავსია: მან იგი (ადამი) მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იქმენ! და იქმნა (გასულდგმულდა) ისიც.“ (ყურანი, მე-3 სურა; 59-ე მუხლი).
მისი, როგორც შუამავლის დედამიწის მოვლინების დროს, იესომ უამრავი სასწაული მოახდინა. ღმერთი მოგვითხრობს, რა თქვა იესომ:
„3/49… „მე მოვედი თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან. მე გამოვძერწავ ტალახისგან ჩიტს, ჩავბერავ მას სულს, და ალლაჰის ნებით, ჩიტი გასულდგმულდება; მე განვკურნავ ბრმად დაბადებულს, კეთროვანს, გავაცოცხლებ მკვდარს, ნებითა ალლაჰისა. მე გეტყვით რასა ჭამთ თქვენ და რასაც ინახავთ სახლებში. უეჭველად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი.(ყურანი, მე-3 სურა; 49-ე მუხლი).
მუსლიმანებს სჯერათ, რომ იესო არ გარდაცვლილა. იესოს მტრებმა მისი დაღუპვა განიზრახეს, მაგრამ ღმერთმა ის გადაარჩინა და თავისთან ზეცაში აიყვანა. ხოლო, იესოს იერსახე სხვა ადამიანს მიეცა. იესოს მტრებმა ის კაცი მოკლეს, ეგონათ, რომ ის იესო იყო. ღმერთმა თქვა: „4/157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა;“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი.“ (ყურანი, მე-4 სურა; 156-ე მუხლი).
არც მუჰამედს (სალამი და მშვიდობა მას) და არც იესოს არ შეუცვლიათ ღვთის რწმენის ძირითადი დოქტრინა, რომელიც იქამდე სხვა შუამავლებმა იქადაგეს. პირიქით, მათ ის განაახლეს და გაამყარეს.[1]



[1] იხილეთ: აგრეთვე სწამთ, რომ ღმერთმა წმინდა წიგნი იესოსაც მოუვლინა. ამ წიგნს ინჯილი ერქვა. ამ წიგნის რამოდენიმე ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილია ახალ აღთქმაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსლიმანები დღევანდელ ბიბლიას აღიარებენ, ვინაიდან ეს ბიბლია ღმერთის მიერ მოვლინებული წიგნის დედანი არ არის. ღმერთის მიერ მოვლინებულმა წიგნმა განიცადა დამატებები, ცვლილებები და შემოკლებები. ეს იმ კომიტეტმაც განაცხადა, რომელმაც წმინდა ბიბლიაში ცვლილებები შეიტანა. ეს კომიტეტი 32 წევრისაგან შედგებოდა და ყველა მათგანი სწავლული იყო. მათ თავიანთი მიმოხილვა 50 კაცისაგან შემდგარ ექსპერტების კომისიას წარუდგინეს. აი, რაზე საუბრობდნენ კომიტეტის წევრები: ”აშკარაა, რომ ტექსტი დროთა განმავლობაში შეცვლილია, მისი ორიგინალური ვერსიის აღდგენა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ საუკეთესო სწავლულების ხელოვნების იმედი შეგვიძლია გვქონდეს, რომლებიც ტექსტის ორიგინალთან მიახლოებას შეეცდებიან”. კომისია აგრეთვე აცხადებდა, რომ წიგნმა განიცადა დამატებები, ცვლილებები და შემოკლებები. ბიბლიის ტექსტის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ესტუმრეთ ვებ-გვერდს წწწ.ისლამ-გუიდე.ცომ/ბიბლე.