22 October 2019

მე-18 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

თავი 3

მნიშვნელოვანი ცნობები ისლამზე

რა არის ისლამი?

რელიგია ისლამი იმის მიღება და მორჩილებაა, რაც ღმერთმა თავის ბოლო შუამავალს, მაჰამედს (სალამი და მშვიდობა მას) გადასცა. რამდენიმე მთავარი ისლამური რწმენა:
1)   ღვთის რწმენა: მუსლიმანებს სჯერათ ერთი, ერთადერი და განუმეორებელი ღმერთისა, რომელსაც არც ძე ჰყავს, არც მოკავშირე და არავის აქვს უფლება, თაყვანი სცეს სხვა ღმერთს. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და სხვა ღვთაება არ არსებობს. მას აქვს ყველაზე დიადი სახელები და თვისებები. არავის აქვს მისნაირი ღვთაებრიობა და მისნაირი თვისებები. ყურანში ღმერთი თავის თავს აღწერს:
„112/1. თქვი: ის, ალლაჰი ერთადერთია!
2. ალლაჰი „სამედია“ (ანუ ის არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული)!
3. არ შობილა და არც უშვია (მშობელი არ ყოფილა)
4. და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი (და ვერც იქნება)!“ (ყურანი, 112-ე სურა; 1-4 მუხლები).
არავის აქვს უფლება შესთხოვოს, თაყვანი სცეს, ილოცოს და გააღმერთოს სხვა, გარდა ღვთისა.
მხოლოდ ღმერთია ყოვლისშემძლე, უზენაესი და მთელი სამყაროს შემქმნელი. ყველაფერზე იგი ზრუნავს. იგი ყოველთვის ეხმარება თავის ქმნილებებს და მისი ქმნილებები ყოველთვის მასზე არიან დამოკიდებული. მას ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. მისი ცოდნა ყველაფერს მოიცავს - ფარულს და ღიას, პირადულს და საზოგადოს. იცის რა მოხდა, რა მოხდება და როგორ მოხდება. არაფერი ხდება ამქვეყნად მისი ნების გარეშე. რაც ნებავს, მოხდება და რაც არ ნებავს, არასოდეს მოხდება. მისი სურვილი ამ ქვეყნად ყველა ქმნილების სურვილზე მაღლა დგას. მას ყველაფრის ძალა შესწევს და ყველაფერი შეუძლია. იგი ყველაზე დიდებული, ყველაზე შემბრალებელი და ყველაზე გულმოწყალეა. მუჰამედის (სალამი და მშვიდობა მას) ერთ-ერთი გამონათქვამის მიხედვით, ღმერთი უფრო მოწყალეა თავისი ქმნილებების მიმართ, ვიდრე დედა შვილის მიმართ.[1] ღმერთი შორს არის უსამართლობისა და ტირანიისგან. მისი სიბრძნე ყველა მის ქმედებისა და ბრძანებაში ჩანს. თუ ვინმეს რამის თხოვნა უნდა ღმერთისგან, შეუძლია პირდაპირ სთხოვოს, შუამავლის გარეშე. ღმერთი არ არის მესია და მესია არ არის ღმერთი.[2] თავად ქრისტე ამას უარყოფდა. ღმერთმა თქვა ყურანში: „5/72. ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა; და თქვა მესიჰმა: ისრაილის შვილნო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.“ (ყურანი, მე-5 სურა; 72-ე მუხლი).
ღმერთმა თქვა ყურანში: „5/73. ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა (1) (ერთ-ერთი ის, და დანარჩენი ორი: ღისა და დედამისი - მარიამი). და არ არის ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა. და თუ ისინი არ მოიშლიან იმას, რასაც ამბობენ, უთუოდ მწარე (2) (ჯოჯოხეთის ცეცხლი) სასჯელი შეეხებათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს!
74. განა არ სურთ პატიება და შენდობა შესთხოვონ ალლაჰს?! და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
75. მესიჰი, მარიამის ძე, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავალთა მასზე უწინ. ხოლო დედა მისი სიმართლისმთქმელი ქალი იყო. ორივე მათგანი საჭმელს მიირთმევდა (1) (ანუ ჩვევლებრივი ადამიანები იყვნენ). შეხედე, როგორ ვუმარტავთ ხალხს აიათებს (2) (მონოთეიზმის თაობაზე), და შეხედე, როგორ აქცევენ (3) (ჭეშმარიტებას) ზურგს!“ (ყურანი, მე-5 სურა; 73-75 მუხლები).
ისლამი უარყოფს, რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა, რომ იგი ერთ-ერთ თავის ანგელოზს შეერკინა, რომ მას ადამიანებმა შეთქმულება მოუწყეს და რომ მან რომელიმე ადამიანის სახე მიიღო. ეს ყველაფერი მკრეხელობად ითვლება. ღმერთი დიდია. იგი შორს არის არასრულყოფილებისგან. იგი არასოდეს იღლება. იგი არასოდეს თვლემს და არასოდეს სძინავს.
არაბული სიტყვა ალლაჰი ღმერთს ნიშნავს (ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა). სიტყვა ალლაჰი ღმერთის სახელია, რომელსაც არაბები-არაბი მუსლიმანებიც და არაბი ქრისტიანებიც გამოიყენებენ. ეს სიტყვა სხვა არაფრის აღნიშვნელია, გარდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა. არაბული სიტყვა ალაჰი ყურანში 2150-ჯერ არის ნახსენები. სიტყვა ალლაჰი ღმერთს ნიშნავდა არამეულ ენაზე, არაბულთან დაახლოებულ იმ ენაზე, რომელზეც იესო საუბრობდა.
2)   ანგელოზების რწმენა: მუსლიმანებს ანგელოზების არსებობის სჯერათ და მათ წმინდა არსებებად თვლიან. ანგელოზები მხოლოდ ღმერთს ეთაყვანებიან, მხოლოდ ღმერთს უჯერებენ და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებენ. ანგელოზთა შორის არის გაბრიელი (ჯიბრილი), რომელმაც მუჰამედს ყურანი გადმოსცა.
3)   საღვთო წიგნების რწმენა: მუსლიმანებს სჯერათ, რომ ღმერთი თავის წიგნებს თავისივე შუამავლებს გადასცემდა. ამ წიგნებს შორის არის ყურანი, რომელიც ღმერთმა მაჰამედს გადასცა. ღმერთმა ყურანი შეცვლასა და დამახინჯებისგან დაიცვა. ღმერთმა თქვა: „15/9. უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება (1) (ყურანი) და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი (2) (მისი რამენაირი ფორმით შეცვლა წარმოუდგენელია. იგი უზენაესი ალლაჰის მფარველობის ქვეშაა).“ (ყურანი, მე-15 სურა; მე-9 მუხლი).
4)   შუამავლების და ღვთის გზავნილების რწმენა: მუსლიმანებს ღმერთის წინასწარმეტყველებისა და შუამავლების სწამთ. მაგალითად ისეთების, როგორებიც არიან: ადამი, ნოე, აბრამი, ისმალი, ისააკი, იაკობი, მოსე და იესო (მშვიდობა მათ). მაგრამ ღმერთის უკანასკნელი შუამავალი, რომელიც მან კაცობრიობას მოუვლინა, მუჰამედი იყო. მუსლიმანებს სჯერათ, რომ მუჰამედი ღვთის მიერ გამოგზავნილი უკანასკნელი შუამავალია, რადგანაც ღმერთმა თქვა: „33/40. და არ არის მუჰამმედი არც ერთი თქვენგანის მამა, მაგრამ იგი ალლაჰის წარმოგზავნილი და შუამავალთა ბეჭედია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!“ (ყურანი, 33-ე სურა; მე-40 მუხლი).
მუსლიმანებს სჯერათ, რომ ყველა გზავნილი და შუამავალი ადამიანი იყო, რომლებსაც არცერთი ღვთიური თვისება არ გააჩნიათ.
5)   განკისთვის დღის რწმენა: მუსლიმანებს განკითხვის დღის (მკვდრეთით აღდგენის) სჯერათ. ამ დღეს ყველა ადამიანი მკვდრეთით აღდგება და ღვთის სასამართლოს წინაშე წარსდგება.
6)   ალ-ადარის რწმენა: მუსლიმანებს ალ-ადარის, ღვთაებრივი ბედისწერის სჯერათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს თავისუფალი ნება არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სწორსა და მცდარს შორის და ამ არჩევანის გამო პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ღვთაებრივი ბედისწერის რწმენა ოთხ რამეს გულისხმობს:
1-     ღმერთმა ყველაფერი იცის. მან იცის, რა მოხდა და რა მოხდება.
2-     ღმერთს აღნუსხული აქვს, რა მოხდა და რა მოხდება.
3-     რაც ღმერთს სურს, მოხდება, ხოლო რაც არ სურს, არ მოხდება.
4-     ღმერთია ყველაფრის შემქნელი.



[1] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2754, და სახიხ ალ-ბუხარში, #5999.
[2] 1984 წლის 25 ივნისს, “ასოშიეითიდ პრესის” ცნობით, გამოკითხვების თანახმად ანგლიკანურ ეპისკოპოსთა უმეტესობა ამბობს, რომ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ, რომ აღიარონ მესია როგორც ღმერთი. ამ აზრზე იყო ინგლისის 39 ეპისკოპოსიდან 31. დამატებითმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ 31-დან 19 თვლიდა, რომ იესო ღმერთის უმაღლესი შუამავალი იყო. გამოკითხვა ჩაატარა ლონდონის ვიქენდის ტელევიზიის საკვირაო რელიგიურმა პროგრამამ კრედომ.