07 March 2023

8.8 პირველი პუნქტი - ალლაჰის გარდა, სხვისთვის ყურბნის (შესაწირის) შეწირვა

მწერალმა ისლამიდან გამსვლელი პირველი პუნქტის ხსენების შემდეგ, თქვა: „ალლაჰის გარდა სხვისი სახელით, ჯინების ან საფლავების სახელით შესაწირის შეწირვა შირქი ქმედებებიდანაა.“ ამგვარად, ხაზი გაუსვა, რომ შესაწირის შეწირვა ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა და ალლაჰის გარდა სხვის მიმართ მისი შესრულება შირქია. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ქავსარ 108/2. 2. ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი).“

„სურა ან’ამ 6/162. უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ლოცვა, ჩემი შესაწირი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიკვდილი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.“

იმამ იბნ ქასირი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აიათის განმარტებისას ამბობს: „ალლაჰი შუამავალს უბრძანებს, რომ აცნობოს ხალხს ის, რომ ალლაჰის გარდა სხვის მიმართ ღვთისმსახურება, მისი სახელის გარდა, სხვის სახელზე საკლავის შეწირვა ალლაჰის საწინააღმდეგოა. ვინაიდან, ნამაზი მხოლოდ ალლაჰისთვისაა და ასევე, შესაწირიც ერთადერთი ალლაჰის სახელით სრულდება. მუშრიქები კერპებს ეთაყვანებოდნენ და მათ საკლავს სწირავდნენ...“[1]

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასენმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰი მსახურებისგან მოითხოვს, რომ ღვთისმსახურებების გზით ემსახურონ. ღვთისმსახურებები სრულდება, როგორც ნამაზისა და სხვა ღვთისმსახურებების გზით, ასევე შესაწირის შეწირვითაც და ზოგადად, ღვთისმსახურების რომელი სახეც არ უნდა სრულდებოდეს, მთელი არსით მიმართული უნდა იყოს ალლაჰისკენ და არა სხვა ქმნილების. მსახური ნებისმიერ ღვთისმსახურებას, მათ შორის შესაწირის შეწირვას, ალლაჰის გარდა სხვის მიმართ თუ აღავლენს, მაშინ მისი ქმედებით ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს.“[2]

როგორც აიათში ვკითხულობთ, შესაწირის შეწირვა ღვთისმსახურებიდან ყველაზე მნიშვნელოვან ღვთისმსახურების-ნამაზის ერთად იქნა მოხსენებული. ნამაზი და შესაწირის შეწირვა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის უნდა შესრულდეს. ამგვარად, ალლაჰთან დაახლოების მიზნით სხვის მიმართ შესაწირის შეწირვა შირქია. ალლაჰმა დაგვიფაროს, ამგვარი ქმედებების ჩამდენი დაწყევლილია და თაქფირს იმსახურებს. ალიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) ბრძანა: „ალლაჰმა დაწყევლა ის, ვინც მის გარდა სხვას შესაწირს შეწირავს.“[3]

ხოლო, არავითარი პრობლემა არ არის, თუ მუსლიმი თავისი ოჯახისთვის, ჯამაათისთვის, სტუმრისთვის ან ვაჭრობისთვის საქონელს დაკლავს. უფრო მეტიც, საქონლის დაკვლა მოპატიჟების მიზნით, მოწონებულია. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ალლაჰის შუამავლისგან გადმოგვცემს: „ვისაც სწამს ალლაჰი და ახირეთის დღე, სტუმარს გაუმასპინძლდეს.“[4]

მოკლედ, შესაწირის შეწირვა ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის სრულდება. ალლაჰის გარდა სხვის მიმართ შეწირული შესაწირი ისლამიდან გამყვანი - დიდი ქუფრია.



[1] იბნ ქასირ, თაფსირულ-ყურ’ანი’ლ-აზიმ: 3/343;

[2] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მაჯიდ: 143;

[3] სახიხ ჰადის: მუსლიმ 1978; ნესაი 4422..

[4] სახიხ ჰადის: ბუხარი 6018; მუსლიმ 74...