19 June 2021

11. სურა ჰუდ აიათი 77-83 ლუტის თვისტომის განადგურება

ლუტის თვისტომის განადგურება

11/77. და როცა ლუტთან მივიდნენ ჩვენი ელჩები, შეწუხდა მათ გამო, შევიწროვებულად იგრძნო თავი და თქვა: „ეს მძიმე დღეაო!“

78. და მოვიდნენ მასთან სირბილით მისი ხალხი (1) (როცა გაიგეს უზენაესი ალლაჰის მიერ წარმოგზავნილ ანგელოზებზე), ხოლო ისინი სიავენს (2) (ისინი მამათმავლები იყვნენ) სჩადიოდნენ მანამდე. უთხრა (3) (ლუტმა): ჰეი, ხალხო ჩემო! აი ჩემი ქალიშვილნები (4) (იქორწინეთ მათზე), ისინი უფრო სპეტაკნი არიან თქვენთვის. დაე, გეშინოდეთ ალლაჰის და ნუ შემარცხვენთ ჩემი სტუმრების წინაშე. ნუთუ თქვენ შორის არ მოიძებნება გონიერი კაცი?

79. უთხრეს: ხომ იცი, რომ შენი ქალიშვილები არ გვჭირდება. და უეჭველად, შენ მშვენივრად იცი, რაც გვინდაო (1) (ჩვენ ქალები არაფრად მიგვაჩნია, ჩვენ მამათმავლები ვართ!).“

განმარტება:

უზენაესი ალლაჰი გვიამბობს, თუ როგორ გააგზავნა ელჩი ანგელოზები იბრაჰიმთან, სადაც მათ თქვეს, რომ ლუტის თვისტომი ალლაჰის ნებით განადგურდებოდა. შემდეგ კი, ელჩები ლუტთან მიდიან. ელჩების მისვლის დროს ლუტი, ერთი გადმოცემით თავის კუთვნილ მიწაზე იმყოფებოდა, სხვა გადმოცემით კი, სახლში იყო. ელჩები ლუტს ახალგაზრდა კაცის სახით მოევლინენ. ამ მდგომარეობამ (მათმა სტუმრობამ) ლუტს დარდი გაუჩინა და იგი დამწუხრდა. სტუმრად რომ არ მიეღო, მაშინ მისი ხალხიდან რომელიმე სტუმრად მიიღებდა და ახალგაზრდებს შეავიწროვებდა, რის გამოც მან თქვა: „ეს მძიმე დღეა!“ იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) და სხვებმა შემდეგნაირად განმარტეს: „უბედურების დღეა“, რადგან ლუტი მიხვდა, რომ მათი მხარდაჭერა მოუწევდა, რაც სირთულეს წარმოადგენდა. ყათადემ თქვა: „ლუტი მიწის ნაკვეთზე იმყოფებოდა, როდესაც ანგელოზები მოვიდნენ მასთან და მასპინძლობა ითხოვეს. ლუტს შერცხვა მათი და წინ წავიდა. სიარულის დროს თითქოს მინიშნება მისცა, რომ წასულიყვნენ და უთხრა: ‘ვალლაჰი, დედამიწაზე ამათზე უფრო ბინძურ ხალხს არ ვიცნობ.’ ცოტა სიარულის შემდეგ მათთან დაბრუნდა. ეს 4-ჯერ გაიმეორა. ანგელოზებს ნაბრძანები ჰქონდათ მანამ არ გაენადგურებინათ ხალხი, სანამ შუამავალი ხალხის სიბილწეს არ დაადასტურებდა.“

სუდდიმ თქვა: „ანგელოზები შუამავალ იბრაჰიმიდან წამოვიდნენ და ლუტ შუამავლისკენ გაემართნენ, შუადღეს კი სედომის მდინარეს მიადგნენ. იქ მათ იხილეს ლუტ შუამავლის გოგო, რომელიც წყალს ეზიდებოდა. ელჩებმა გოგოს ჰკითხეს: ‘ჰეი ახალგაზრდა გოგო, არის აქ დასარჩენი სახლი?’ გოგომ უპასუხა: ‘სანამ არ დავბრუნდები აქედან არ წახვიდეთ.’ გოგო შეშინდა, რომ ხალხს მათთვის არაფერი დაეშავებინა. მამასთან (ლუტთან) მივიდა და უთხრა: ‘მამა, ქალაქის შემოსასვლელში ახალგაზრდა ბიჭები არიან, მიუსწარი მათ. მათზე ლამაზი არავინ მინახავს. ხალხმა ისინი ხელში არ ჩაიგდონ და გარყვნილება არ ჩაიდინონ.’ ხალხმა ლუტს აუკრძალა მათი სტუმრად მიღება და უთხრეს, რომ სტუმრად თვითონ მიიღებდნენ. ლუტმა კი, სტუმრები საკუთარ სახლში მიიყვანა, რაც მხოლოდ მისმა ცოლმა იცოდა. ცოლი კი, წავიდა და ამბავი ხალხს აცნობა. ისინი კი ეგრევე სიხარულით მოცვივდნენ.

„ხოლო ისინი სიავენს სჩადიოდნენ მანამდე“ - ანუ, მამათმავლობა მათი ბუნება გახდა და ეს მდგომარეობა განადგურებამდე შეუნარჩუნდათ.

„უთხრა (ლუტმა): ჰეი, ხალხო ჩემო! აი ჩემი ქალიშვილები (4) (იქორწინეთ მათზე), ისინი უფრო სპეტაკნი არიან თქვენთვის.“ – „ჩემ ქალიშვილებში“ მათი ცოლები იგულისხმება, რადგან შუამავალი უმმეთისთვის მამის ადგილასაა. ლუტმა კი მათ ამქვეყნისთვის და იმქვეყნისთვის აჩვენა ის, რაც საუკეთესო იყო. სხვა აიათის მიხედვით, ლუტმა მათ უთხრა:

„26/165. ნუთუ თქვენ მხოლოდ მამაკაცებისკენ გაგიწევთ ვნება

166. და მიატოვებთ ცოლებს, რომლებიც ღმერთმა თქვენთვის საამისოდ შექმნა? არამც და არამც! თქვენ ადამიანობის ნიშანწყალი აღარ გაბადიათ!“

ასევე, სხვა აიათში ნაბრძანებია:

„15/70. მიუგეს (ხალხმა): „განა, არ აგიკრძალეთ შენ სხვის საქმეში ჩარევა?“ ანუ, არ აგიკრძალეთ სტუმრების მიღება?

71. უთხრა: ‘აი ესენი, ჩემი ქალიშვილები, თუკი გამკეთებელნი ხართ(იქორწინეთ მათზე და ვნება დაიოკეთ ქალებით და არა კაცებით).’

72. შენს სიცოცხლეს ვფიცავ (1) (ო, მუჰამმედ), უეჭველად, ისინი სიმთვრალეში დაძრწოდნენ!“

მუჯაჰიდმა აითის „აი ჩემი ქალიშვილები (4) (იქორწინეთ მათზე), ისინი უფრო სპეტაკნი არიან თქვენთვის.“ შესახებ თქვა: „ისინი ლუტ შუამავლის გოგოები კი არა, არამედ უმმეთის ქალები იყვნენ. ყოველი შუამავალი უმმეთის მამაა.“ ყათადე და სხვებიც იგივენაირად განმარტავენ.

იბნ ჯურაიჯი ამბობს: „ლუტ შუამავალმა მათ შესთავაზა არა მრუშობა, არამედ ქალებზე ქორწინება.“

საიდ ბინ ჯუბაირმა თქვა: „ლუტ შუამავალმა მათი ცოლები იგულისხმა. ვინაიდან, ისინი მისი შვილები, ხოლო თვითონ კი მათი მამაა.“

„33/6. შუამავალი მორწმუნეებისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე თავიანთი სულნი და მისი (1) (შუამავლის) ცოლები, მათი დედები არიან.“ - იგულისხმება შემდეგიც: „შუამავლების ცოლები მათი (უმმეთის) დედა, შუამავლები კი მამაა.“ ასე თქვეს რებიი ბინ ანასმა, ყათადემ, სუდდიმ, მუჯაჰიდმა და სხვებმა.

„დაე, გეშინოდეთ ალლაჰის და ნუ შემარცხვენთ ჩემი სტუმრების წინაშე“ - ანუ, როგორც გითხარით, იკმარეთ თქვენი ცოლები.

„ნუთუ თქვენ შორის არ მოიძებნება გონიერი კაცი?“ - ანუ, თქვენგან არ არის ისეთი ვინმე, ვისშიც ცოტათი მაინც სიკეთე მოიძებნება, ჩემ ბრძანებას შეასრულებს და გაგვეცლება?

 „უთხრეს: ხომ იცი, რომ შენი ქალიშვილები არ გვჭირდება“ – ანუ, შენც კარგად იცი, რომ მათ მიმართ არაფერს ვგრძნობთ.

„და უეჭველად, შენ მშვენივრად იცი, რაც გვინდა“ - ანუ, ‘შენ კარგად იცი, რომ ჩვენ კაცების გარდა სხვა არავინ გვსურს. რა საჭიროა იგივეს გამეორება?’ სუდდიმ ეს აიათი შემდეგნაირად თარგმნა: „შენც იცი, რომ ჩვენ კაცები გვსურს.“

11/80. უთხრა (ლუტმა): „ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!“

81. უთხრეს (ანგელოზებმა): „ჰეი, ლუტ! უეჭველად, ჩვენ შენი ღმერთის ელჩები ვართ და ვერასდროს მოგეკარებიან ეგენი. მაშ, გზას გაუყევი ღამე, ცოლის გამოკლებით, შენი ოჯახით, და არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს. უეჭველად, მას ეწევა ის, რაც სხვებს ეწევა. უეჭველად, მათთვის აღთქმული დრო დილითაა. განა შორსაა დილა?“

განმარტება:

„ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!“ - ანუ, ნეტავ მქონოდა ძალა, რომ დამესაჯეთ და გასაკეთებელი გამეკეთებინა. აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ გადმოცემული ჰადისის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალლაჰის წყალობა ლუტს. მართლაც, რომ ის ძლიერ დამხმარეს (ანუ ალლაჰს) ეყრდნობოდა. ამის შემდეგ ალლაჰმა რომელი შუამავალიც გამოგზავნა ყველა თავისი მრავალრიცხოვანი ხალხიდან იყო.“[1] ანგელოზებმა ლუტს აცნობეს, რომ ალლაჰის მიერ გამოგზავნილი ელჩები იყვნენ და ის, რომ ხალხი მას ვერ შეეხებოდა: „უთხრეს (ანგელოზებმა): „ჰეი, ლუტ! უეჭველად, ჩვენ შენი ღმერთის ელჩები ვართ და ვერასდროს მოგეკარებიან ეგენი. მაშ, გზას გაუყევი ღამე, ცოლის გამოკლებით, შენი ოჯახით...“ უბრძანეს, რომ ღამის დასასრულს ოჯახის ერთად წასულიყო, თვითონ კი მათ უკან უნდა წაყოლოდა და ამგვარად შეეკრიბა.

„არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს“ - ანუ, მათი განადგურების ხმებს როდესაც გაიგონებთ უკან არ მიიხედოთ, მოუწონარმა ხმებმა არ შეგაშინოთ და გზა გააგრძელეთ.

„ცოლის გამოკლებით“ - ანუ, შენი ცოლის გარდა, ყველა ოჯახის წევრი ღამის დასასრულს წადით. იბნ მეს’უდმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ეს ასე წაიკითხა. ზოგიერთმა კი, გადათარგმნა, როგორც „არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს, გარდა შენი ცოლისა.“ ამის მიხედვით კი, მისი ცოლიც მათთან ერთად წავიდა, თუმცა სასჯელის ხმა როდესაც გაიგონა, უკან მიიხედა და თქვა: „ვაი ჩემო ხალხო“, ამის თქმაზე კი უცებ ციდან ქვა ჩამოვარდა და მოკვდა.

ანგელოზებმა ლუტი მანამ გაიყვანეს, სანამ მის ხალხს გაანადგურებდნენ. შუამავალ ლუტმა ანგელოზებს უთხრა, რომ ეგრევე გაენადგურებინათ, ანგელოზებმა კი უპასუხეს: „უეჭველად, მათთვის აღთქმული დრო დილითაა. განა შორსაა დილა?“

სტუმრების დაბინავების შემდეგ, ლუტ შუამავლის ხალხი ყველა მხრიდან მოცვივდნენ და მისი სახლის წინ გაჩერდნენ. ლუტიც კარებთან იდგა და ცდილობდა შეეფერხებინა ისინი იმ საძაგელი საქმისგან, რის გამოც იყვნენ მოსულნი. მოსული ხალხი კი, მას არ უსმენდა და ემუქრებოდა. ზუსტად ამ დროს კი ჯიბრაილ ანგელოზი (‘ალეისალამ) გამოჩნდა და ფრთა მათ სახეში დაარტყა, შედეგად ისინი დაბრმავდნენ. ამის შემდეგ უკან მიბრუნდნენ, როგორც მოხეტიალე გზააბნეულები, რის შესახებაც ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „54/37. და ვფიცავ, თვალი დაადგეს მის სტუმრებს, თვალის ჩინი წავართვით მათ. მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონებანი ჩემი!“

11/82. და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება (1) (მათ გასანადგურებლად), ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები,

83. შენი ღმერთის წინაშე ნიშანდადებული. და იგი (1) (ქვები) უსამართლოთაგან შორს როდია.

განმარტება:

„და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება“ - მზის ამოსვლისას „მათი დასახლება“ ანუ სედომის დასახლება „ამოვაბრუნეთ“. სხვა აიათში ნაბრძანებია:

„53/53. და გასანადგურებელი ქალაქი (1) (ლუტის ხალხისა) ჩამოაქცია,

54. დაე, დაფარა იგი, რაც გადაეკვრა.“

„და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები“ - აიათში მოხსენებული სიტყვა „სიჯჯილ“-ი სპარსული სიტყვაა და ტალახისგან გამომწვარ ქვას ნიშნავს. ასე განმარტეს იბნ აბბასმა და სხვებმა. ზოგიერთმა თქვა, რომ ამ სიტყვაში გამომწვარი თიხა იგულისხმებოდა. სხვა აიათში ნათქვამია: 51/33. რათა ვაწიოთ მათ თიხის ქვებიანუ, გაქვავებული ტალახი.

مُسَوَّمَةً ნიშნავს დანიშნულს, რაზეც მეპატრონეების სახელი აწერია ანუ მისი სახელი, ვისაც უნდა დაცემოდა ქვა.

ნაამბობის მიხედვით, ქვები ქალაქის გარდა, მის მიმდებარე დასახლებაშიც ჩამოცვივდნენ. საუბრის დროს ციდან ქვა ჩამოვარდებოდა და რომელიმე ადამიანს დაეცემოდა, შემდეგ კი ეს ქვა სხვა ადგილას მყოფ ადამიანთან მიდიოდა. ამგვარად ყველა ჩანიშნულ ადამიანს ქვა დაეცემოდა და ცოცხალს არავის ტოვებდა. მუჯაჰიდმა თქვა: „ჯიბრაილმა (‘ალეისალამ) ლუტის ხალხი საკუთარი სახლებიდან აიყვანა, ისინი საკუთარი ცხოველებითა და ნივთებით ცაში აიტაცა. ცის მკვიდრნი ძაღლების ყეფასაც კი იგონებდნენ. შემდეგ ისინი მარჯვენა ფრთის წვერით ატარა, შემდეგ კი ამოაბრუნა და ძირს გადაყარა.“ ის ასევე ამბობს: „ჩვენთან მოღწეული ამბის მიხედვით, ჯიბრაილმა ისინი ცის შუა ნაწილამდე აიტაცა, იმგვარად რომ ცის მკვრიდრნს ძაღლების ხმები ესმოდათ. ისინი გაანადგურა. შემდეგ კი გაფანტულ ხალხს კლდე გაუგზავნა. როგორც გვითხრეს ოთხი (ან სამი) ქალაქი იყო და მაცხოვრებელი 100 000  შეადგენდა. ყველაზე დიდი რაოდენობა სედომში იმყოფებოდა. ჩვენამდე მოღწეული ამბის მიხედვით, იბრაჰიმ შუამავალი სედომის მოპირდაპირე მთიდან სედომს გახედავს და იკითხავს: „რა დაგემართა სედომ?“

ყათადა და სხვები გადმოცემენ: „ჩვენამდე მოღწეული ამბის მიხედვით, ერთ დილას ჯიბრაილმა ფრთა გაშალა და ქალაქების ერთად, ცხოველები, ქვები, ხეები და მათ შორის არსებული რაც იყო ყველა თავის ფრთაზე დაილაგა, რის შემდეგაც ცაში აიყვანა. იმ დონეზე რომ დედამიწაზე მცხოვრებლებმა ადამიანებისა და ძაღლების ხმა გაიგონეს. შემდეგ კი, ადამიანები, რომელთა რიცხვიც ოთხ მილიონს შეადგენდა, ამოატრიალა და დედამიწაზე გამოუშვა. ერთმანეთზე მიყარ-მოყარა, შემდეგ კი ზემოდან ქვები დაუშინა.“

მუჰამმედ ბინ ქა’ბ-ი ამბობს: „ლუტის ხალხის ქალაქი ხუთი იყო. სიდიდით პირველი სედომი იყო, შემდეგ სა’ბე, საუდე, ასრე და დუმა. ჯიბრაილმა ისინი თავის ფრთაზე შემოილაგა და ცაში აიყვანა, იმ დონეზე რომ ცის მკვიდრებმა ძაღლებისა და ქათმების ხმები გაიგონეს. შემდეგ კი, ისინი ამოაბრუნა, ალლაჰმა კი მათზე ქვა გააწვიმა. ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები - ანუ, სედომი და მის ახლოს მდებარე ქალაქები გავანადგურეთ.“

სუდდი ამბობს: „დილით ჯიბრაილმა ლუტის ხალხი თავიანთი სახლებიანად მიწის შვიდი სართულის სიღრმიდან აიყვანა და ცაში აიტაცა. იმ დონემდე, რომ ცის მკვიდრებმა ძაღლებისა და მამლების ხმები გაიგეს. შემდეგ კი, ისინი ამოაბრუნა და ძირს დაანარცხა. აი ეს იგულისხმება აიათში „გასანადგურებელი ქალაქი (1) (ლუტის ხალხისა) ჩამოაქცია“. ძირს დაცემის შემდეგ გადარჩენილებს კი ქვა დაუშინა. მარტოდ მცხოვრებლებთან კი ქვა მოდიოდა და კლავდა.“

„და იგი (1) (ქვები) უსამართლოთაგან შორს როდია“ - ანუ, ამგვარი სასჯელი მსგავსი საქციელის ჩამდენისგან შორს არ არის.

იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ), ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ვინმეს თუ დაინახავთ ისეთს, როგორიც ლუტის ხალხი იყო, მაშინ იგი მოკალით.“[2] იმამ შაფიმ და ზოგიერთმა სწავლულმა ამ ჰადისზე დაყრდნობით თქვეს, რომ დაქორწინებული იქნებოდა თუ დასაქორწინებელი, მსგავსი ქმედების შემსრულებელი მოკლული უნდა იქნას. აბუ ჰანიფას მიხედვით კი, მსგავსი ქმედების შემსრულებელი სიმაღლიდან უნდა გადმოაგდონ, შემდეგ კი ქვებით უნდა ჩაქოლონ. უკეთესად ალლაჰმა უწყის.

 

 



[1] ბუხარი, 3375; თირმიზი, 3116; აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/322; თაბერი, 18397; თაჰავი, მუშქილუ’ლ-ასარ 330; იბნ ჰიბბან, 2606; ბეღავი, მეაალიმუ’თ-თენზილ, 2/395, 396.

[2] აჰმედ ბინ ჰანბელ, 1/300; აბუ დავუდ, 4462; თირმიზი, 1483; იბნ მაჯე, 2561; ჰაქიმ, 1/255, აბუ ნუაიმ, 3/343; ჰარაითი, მესავიუ’ლ-ალაყ, 435. აჯურრი, ზემმუ’ლ-ლივატ, 25; ბეიჰაყი, ას-სუნენ, 8/232; იბნ ჯავზი, ზემმუ’ლ-ჰევა, 162. გადმოცემულია იბნ აბბასისგან. ჰაქიმმა თქვა, რომ ეს ჰადისი სახიხია, ზეჰებიმ კი დაეთანხმა.

12 June 2021

7. სურა ა'რაფ აიათი 80-82 ლუტ შუამავალი და თვისტომი

 ლუტ შუამავალი და თვისტომი

7/80. და ლუტიც, აკი, უთხრა თავის ხალხს: ‘განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ გარყვნილებას თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?

81. უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ!’

82. და არ იყო პასუხი მისი ხალხისა, გარდა თავიანთი აზრის გამოთქმისა: ‘გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ!’

განმარტება:

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს „და ლუტიც“ ანუ ლუტიც გამოვგზავნეთ, როგორც შუამავალი. ლუტ შუამავალი აზარის შვილი ჰარანის შვილია ანუ მამამისი ჰარანია, აზარი კი ბაბუამისია. ლუტი, იბრაჰიმ შუამავლის (ალლაჰის მშვიდობა მას) ძმისშვილია. იწამა იბრაჰიმის და შამში ჰიჯრათი შეასრულა (გადასახლდა). ალლაჰმა კი, ლუტი - სედუმისა[1] და მის მიმდებარედ მცხოვრებ ხალხის შუამავლად მოავლინა. ხალხს ალლაჰის მსახურებისკენ მოუწოდებდა, ბრძანებდა სიკეთეს და აკრძალული ქმედებებისგან შორს ყოფნას ურჩევდა. მანამდე არ არსებულ გარყვნილებას სჩადიოდნენ, რაც იმაში გამომდინარეობდა, რომ ქალები მიატოვეს და სექსუალურ ურთიერთობას კაცებთან ამყარებდნენ. ეს ის ქმედება იყო, რაც მანამდე არცერთ ადამის შვილს არ მოსვლია აზრად, გარდა სედუმის ხალხისა (ალლაჰის წყევლა მათ).

ამრ ბინ დინარი, აიათის „განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ გარყვნილებას თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?“ შესახებ ამბობს: „ამ ხალხის გამოჩენმადე არცერთ მამაკაცს სხვა არცერთ მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა არ დაუმყარებია.“

დამასკოს მეჩეთის მშენებელი და ომაიანთა ხალიფა ვალიდ ბინ აბდულმელიქი ამბობს: „ალლაჰს შუამავალ ლუტის თვისტომთა შესახებ არაფერი რომ არ ეთქვა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ კაცს კაცთან სექსუალური ურთიერთობა ექნებოდა.“

ამიტომ ლუტმა მათ უთხრა: „‘განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ გარყვნილებას თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე? უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით.“ ანუ, მიატოვეთ ქალები, რომლებიც ალლაჰმა თქვენთვის გააჩინა და ვნებით კაცებს დაუახლოვდით. ეს არის თქვენი გარყვნილება და უვიცობა, რადგან თქვენი ნამოქმედარი  უადგილოა და არავითარი გამართლება არ აქვს. სწორედ ამის გამო ალლაჰმა სხვა აიათში ბრძანა: „15/71. უთხრა (ლუტმა): „აი ესენი, ჩემი ქალიშვილები, თუკი გამკეთებელნი ხართ (ის, რაც  გწადიათ, მაშინ იქორწინეთ მათზე)“.“ წაახალისა რომ ქალებთან დაემყარებინათ სექსუალური ურთიერთობა, მათ კი ეს არ მოისურვეს და უპასუხეს: „11/79. ხომ იცი, რომ შენი ქალიშვილები არ გვჭირდება. და უეჭველად, შენ მშვენივრად იცი, რაც გვინდა.“ ანუ, შენც კი იცი, რომ ჩვენ ქალები არ გვსურს და მათ მიმართ არაფერს ვგრძნობთ.

ყურანის განმმარტებლების მოსაზრებებით, კაცები კაცებით კმაყოფილდებოდნენ, ქალები კი ქალებით.

„და არ იყო პასუხი მისი ხალხისა, გარდა თავიანთი აზრის გამოთქმისა: ‘გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ!’“ ანუ, ხალხი შუამავალ ლუტს მხოლოდ იმით პასუხობდა, რომ მას ქვეყნიდან გააძევებდნენ. ალლაჰმა კი, ლუტ შუამავალი მათგან იხსნა, ისინი კი თავიანთ სახლებში დაამცირა და გააანდგურა.

ყათადე, აიათის „ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ“ შესახებ ამბობს: „მათ (აღვირახსნილებმა) შეარცხვინეს ისინი, იმით რაც სირცხვილი არ არის.“ მუჯაჰიდი ამბობს: „მათ (აღვირახსნილებმა) თქვეს: ‘ისინი არიან უმწიკვლო ხალხი, რომლებიც ქალისა და მამაკაცის უკანა ორგანოს არ უახლოვდებიან.“ ამგვარი სიტყვები იბნ აბბას-ისგანაცაა გადმოცემული.

 

 



[1] ტერიტორია, სადაც ლუტ შუამავალი ცხოვრობა.