30 July 2019

ნაწილი 2. არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ვაჰჰაბიზმი?


მას შემდეგ, რაც მუსლიმანურ მხარეებში ისლამის ზოგადი მდგომარეობა აღვწერეთ, გადავიდეთ თვით ამ მოწოდების ისტორიასთან, რომლის მიზანი სწორი ისლამის ქადაგება იყო.
შეიხ მუჰამმედ ათ-თამიმი დაიბადა ჰიჯრით 1115-1206 წლებში, გრიგორიანულით კი 1703-1792 წლებში, ნაჯდის მხარეში ქალაქ ალ-უიაინაში. მისი ოჯახი ცნობილი იყო ისლამის შესწავლის ტრადიციით. მისი ბაბუა სულეიმანი საკმაოდ ცნობილი სწავლული იყო.
იბნ ბიშერი წერს:სულეიმან იბნ ალ ათ-თამიმი ნაჯდის წამყვანი ალიმი[1] იყო. ისლამს საკმაოდ საფუძვლიანად იცნობდა, მასთან სხვადასხვა საკითხებში გასარკვევად შორეული მხარეებიდან მოდიოდნენ.
შეიხი მუჰამმედ ათ-თამიმის მამა აბდულვაჰჰაბი ქალაქ ალ-უიაინას ყადი ანუ მოსამართლე იყო. მოსამართლის პოსტის დატოვების შემდეგ აბდულვაჰჰაბი ადგილობრივ მეჩეთებში ჰანბალი მეზჰების მიხედვით ჰადისებს და თაფსირს[2] ასწავლიდა.
მუჰამმედ ათ-თამიმი ბავშვობაში ხშირად ესწრებოდა გაკვეთილებს, სადაც რელიგიის შესახებ ცხარე კამათი იმართებოდა. 12 წლის მუჰამმედ ათ-თამიმიმ პირველად შეამჩნია განსხვავება გაკვეთილებსა და ხალხურ რელიგიას შორის. მალევე მან მამის ნებართვით დატოვა ალ-უიაინა და გაემგზავრა მექქაში, რათა შეესრულებინა ჰაჯობა და მიეღო ცოდნა.
მექქაში ჩასვლის შემდეგ შეასრულა ჰაჯობა და გაემგზავრა მედინაში, სადაც დიდ სწავლულებს შეხვდა. მათ შორის შეიხ აბდულლაჰ იბნ იბრაჰიმს, რომელიც იბნ თეიმიას სკოლის მიმდევარი იყო. შეიხ მუჰამმედ ათ-თამიმმა ნაჯიდში გავრცელებული ხალხური რელიგიის შესახებ შეიხ აბდულლაჰ იბნ იბრაჰიმს როდესაც მოუყვა, შეიხმა აბდულლაჰმა იგი წიგნებით სავსე ოთახში შეიყვანა და უთხრა: „ეს არის ის, რაც ხალხურ რელიგიას დაამარცხებს. აქვე, შეიხი ხვდება მეორე ‘ალიმს, მუჰამმედ იბნ ჰაიათ ას-სინდის. ას-სინდიც იბნ თეიმიას მტკიცე მიმდევარი და რელიგიაში შემოტანილი სიახლეების მტკიცე მოწინააღმდეგე იყო. ერთხელ მედინაში შეიხმა შუამავალ მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საფლავთან ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, რომლებიც საფლავს რაღაცას ევედრებოდნენ. შეიხი უყურებდა მათ, ხოლო მოახლოებულმა ას-სინდიმ მვედრებლები გააძევა. შეიხის კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, ას-სინდიმ უპასუხა: მათ დაღუპავს სწორედ ის, რისი იმედიც აქვთ, ხოლო მათი საქმეები ფუჭად ჩაივლის.
შეიხი მუჰამმედ ათ-თამიმი მედინაში ყოფნისას გარდა ამ ორი შეიხისა კიდევ მრავალ სწავლულებს და მათ ნაშრომებს ეცნობა, რის შემდეგაც უკან ნაჯიდში ბრუნდება. იგი კვლავ ტოვებს ნაჯდს და მიემგზავრება ერაყში, რათა გაეცნოს იქაურ ხალხს და მიიღოს ცოდნა იმისათვის, რომ სწორი ისლამის საქადაგებლად უფრო მომზადებული დაბრუნდეს. იგი ჩავიდა ბასრაში, სადაც ასევე იბნ თეიმიას სკოლის მიმდევარ შეიხ მუჰამმედ ალ-მაჯმუისთან დაიწყო სწავლა. მალევე ერთ-ერთ საფლავზე, რომელსაც ადგილობრივები თაყვანს სცემდნენ, შეიხს ღია კამათი მოსდის მომლოცველებთან, რის შემდეგაც ხალხმა მასზე ათასგვარი ჭორი მოიგონა, რამაც სხვადასხვა ხალხის მიერ მის მიმართ ინტერესი გამოიწვია. მიმდებარე რეგიონებიდან ხალხი შეიხის სანახავად მოდიოდნენ, თუმცა მასთან შეხვედრისას ბევრი გაკვირვებული ბრუნდებოდა უკან, რადგან შეიხი მასზე გამოგონილ ჭორებს და მლანძღველებს კი არ პასუხობდა, არამედ ხალხს ასწავლიდა, რომ ალლაჰის გარდა სხვისთვის თაყვანი არ უნდა ეცათ. თუმცა ჭორებმა მაინც გამოიღო შედეგი და ერთ დღესაც ადგილობრივების დიდმა ბრბომ შეიხს ბასრას დატოვება მოთხოვეს. იგი გამოაძევეს ქალაქიდან ისე, რომ თან საგზალი და სასმელი წყალი არ ჰქონდა. გზად შემოხვდა აზ-ზუბაირის მცხოვრები აბუ ჰუმაიდანი, რომელმაც შეიხი თავის სოფელში შეიფარა. მოგვიანებით შეიხი მუჰამმედ ათ-თამიმი ტოვებს აზ-ზუბეირსაც და მიემართება უკან ნაჯიდში. შეიხი ბრუნდება ჰურაიმალაში, სადაც იწყებს მქადაგებლურ საქმიანობას. თუმცა ხალხი მის ამ საქმეს უარყოფითად ხვდება, რის გამოც მამამისს, აბდულვაჰჰაბს აფრთხილებენ, რომ შვილი მოთოკოს. მამა დაჯერებით ურჩევს შვილს, რომ ფრთხილად აწარმოოს ქადაგება, რასაც იგი ემორჩილება. თუმცა აბდულვაჰჰაბის გარდაცვალების შემდეგ იგი კვლავ ანახლებს თავის ქადაგებას და აქვეყნებს მის პირველ წერილს, რომელიც მან გააგზავნა არიდში, ნაჯდის უდიდეს ოაზისში: მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით! მუჰამმედ ათ-თამიმისგან ყველა მუსლიმანს, ვისთანაც კი მიაღწევს ეს წერილი. მშვიდობა თქვენდა, ღვთის წყალობა და კურთხევა. იცოდეთ, რომ ალლაჰმა გამოგიგზავნათ შუამავალი მუჰამმედი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), რათა ეხარებინა და გაეფრთხილებინეთ. ეხარებინა მისი მიმდევრებისთვის სამოთხის შესახებ და გაეფრთხილებინა ჯოჯოხეთის შესახებ ისინი, ვინც იგი უარყო. თქვენ იცით, როგორც ნებისმიერმა, ვინც ცოტა რამ მაინც იცის, რომ ერთღმერთიანობა, რაც შუამავალმა (ღმერთმა დალოცოს იგი) გვასწავლა, არის ის, რომლის საქადაგებლადაც ალლაჰმა გამოგზავნა ყველა შუამავალი. დღესდღეობით გავრცელებული ხალხური რელიგია წმინდანებითა და ევლიებით სხვა არაფერია თუ არა მრავალღმერთიანობა, რომლის შესახებაც ალლაჰმა ბრძანა: უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი! (სურა 5:72). თუ გაითავისებთ ამას, მაშინ თქვენთვის გასაგები გახდება, რომ როგორც კი არიდის მცხოვრებლები მიატოვებენ ურწმუნოების ბრალდებებსა და მტრობას ამ მოწოდებების მიმართ, მაშინ ისინი თვით გახდებიან ისლამის წიაღის მკვიდრნი. ჩვენ არ მოვსულვართ ურწმუნოების ბრალდებების წამოსაყენებლად ან საომრად, არამედ იმიტომ, რომ აგიხსნათ თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ღმერთისა და მისი შუამავლის რელიგია, რომ შეისწავლოთ იგი თუ ხართ მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საზოგადოების ნაწილი, როგორც თქვენი რწმენით, ასევე გარეგნულად. ჩემს სიტყვებს აგიხსნით ყიბლის მაგალითით: ორივენი ლოცულობს, მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც. მუსლიმანთა ლოცვის ყიბლა (მიმართულება) ქააბა, ხოლო ქრისტიანთა აღმოსავლეთი. თუკი ვინმე, რომელიც თავის თავს მუსლიმს უწოდებს, შეიძულებდა ქააბისკენ ლოცვას, მისკენ ლოცველებს და დაიწყებდა აღმოსავლეთისკენ ლოცვას, ნუთუ მას მუსლიმანად ჩათვლიდით? სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ დღეს. შუამავალი მუჰამმედი ( სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გამოგზავნილია, რათა ერთღმერთიანობის რელიგიის შესახებ გვამცნოს და ის, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის და არავის სხვას, იქნება ეს თვით შუამავალი თუ სხვა ვინმე. ქრისტიანები კი ისას (იესოს) (მშვიდობა მას) ევედრებიან, ალლაჰის შუამავალს და წმინდანებს სთხოვენ შუამდგომლობას ღმერთის წინაშე. ამგვარად გააიგივეთ ერთღმერთიანობა ქააბას ყიბლასთან, ხოლო წმინდანთა შუამდგომლობა აღმოსავლეთის ყიბლასთან. თქვენს სიამაყის გრძნობას ვურჩევ! ნუ დაკარგავთ თქვენს არჩევანს ღმერთისგან და ნუ შეიყვარებთ სხვა რელიგიას ღმერთის რელიგიაზე მეტად! რას იტყვით მასზე, ვინც წარსდგა ღმერთის წინაშე ისე, რომ გულში იცოდა, ერთღმერთიანობა არის ალლაჰისა და მისი შუამავლის სარწმუნოება, თუმცა ერთღმერთიანობა და მისი მიმდევრები სძულდა? ნუთუ გონიათ, რომ ღმერთი ამას ვინმეს აპატიებს? ეს რჩევა მათთვისაა, ვისაც სწამს ზესთასოფლისა. ხოლო თუ გული ცარიელია, მაშ არ არის ღონე და ძალა ალლაჰის გარდა.
ამავე პერიოდში შეიხი წერს თავის წიგნს ერთღმერთიანობა“, რაც ღმერთის უფლებაა მის მსახურებზე, სადაც იგი დაწვრილებით გადმოსცემს ერთღმერთიანობის ძირითად პრინციპებს ყურანისა და სუნნეთის საფუძველზე. მისი მეთოდი მარტივია, მტკიცებულებად ვინმეს მოთხრობილი ევლიების სიზმრები კი არა, არამედ ყურანის აიათები და სარწმუნო ჰადისები მოჰყავს. ამგვარად, იგი ნათლად აჩვენებს ხალხური რელიგიის სავალალო მდგომარეობას. მაგალითისთვის გამოგვადგება ამ წიგნის ერთ-ერთი თავი, სადაც იგი დაწვრილებით ხსნის თუ როგორ შეიძლება რელიგიური და კეთილმორწმუნე ხალხის გადაჭარბებულმა პატივისცემამ შემდგომში გზააბნევა გამოიწვიოს.
მას მოჰყავს შემდეგი აიათი: „4/171. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში!“, რის შემდეგაც ურთავს ჰადისს, რომელიც ხსნის ამ აიათისს არსს. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ნუ გადააჭარბებთ ჩემს შეფასებაში, როგორც ქრისტიანებმა გადააჭარბეს მარიამის ძის შეფასებაში. მომიხსენიეთ, როგორც ღმერთის მსახური და შუამავალი.“[3] ასევე მოჰყავს აიათი: „71/23. და თქვეს: არ მიატოვოთ თქვენი ღვთაებები: არც ვედდი და არც სუვაღი, არც იეღუსა, არც იეღუყე და არც ნესრა. და უსადაგებს ამ აიათს ამხსნელ სარწმუნო ჰადისს: „ეს სახელები ეკუთვნოდათ კეთილ ხალხს შუამავალ ნუჰის ტომიდან. როცა ისინი გარდაიცვალნენ, მათი ძეგლები შეკრების ადგილას აღმართეს. მართლაც ხალხი ასე მოიქცა, თუმცა ამ ძეგლებს ვედრებას არ აღუვლენდნენ. მაგრამ მომდევნო თაობებმა მათთვის თაყვანისცემა და შუამდგომლობისთვის ვედრება დაიწყეს.“[4]
შეიხი ასეთი მარტივი მეთოდოლოგიით ხსნიდა იბრაჰიმისეული ერთღმერთიანობის ჭეშმარიტებას. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ხალხში ერთღმერთიანობამ კვლავ აქტიურად დაიწყო გავრცელება. მან დაიწყო ყალბი ღვთაებების წინააღმდეგ ბრძოლა. დაიქირავა მუშები, რათა მათ მოეჭრათ ის ხეები, რომლებსაც ხალხი ვედრებას აღუვლენდა. მაგრამ ერთ-ერთი ხის, რომელსაც ხალხი მგლის ხეს ეძახდა, მოჭრა ვერავინ მოახერხა, რადგან ხის გარშემო ყოველთვის მავედრებლები იყვნენ შეკრებილნი. შეიხი თავად წავიდა და მოჭრა ის ხე. ხალხი ელოდა, რომ შეიხს რამე საშინელება დაემართებოდა ხის შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ალ-უიაინას ამირის, უსმან იბნ ამმარის დახმარებით მან შეძლო აღეკვეთა მლოცველების მისვლა ალ-ჯუბაილში მდებარე ზაიდ იბნ ალ-ჰატტაბის საფლავზე. საფლავს ზემოდან დაშენებული ქვები და სამლოცველო მოუშალა. შეიხი მუჰამმედ ათ-თამიმი მოქმედებდა ჰადისის მიხედვით: აბუ ალ-ჰაიაჯ ალ-ასადი გადმოსცემს: ალიმ მითხრა მე: უნდა გაგაგზავნო იმავე დავალებით, რა დავალებითაც მე ღმერთის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გამგზავნა: ‘დაინახავ თუ არა ნებისმიერ გამოსახულებას, მაშინვე გაანადგურე, ხოლო თუ ნახავ ამაღლებულ საფლავს, გაასწორე იგი მიწის დონეზე.’“[5] ამ საქციელმა ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ როცა დაინახეს, რომ შეიხი ამ საქციელის შემდეგაც ჯანმრთელი იყო, ირწმუნეს მისი სიტყვის. შეიხი ამ დროს ახალ ახალ წერილებს გზავნიდა ყველა შესაძლო მიმართულებით. ალ-უიაინაში მან გააცოცხლა სავალდებულო ლოცვების ერთობლივად, ჯგუფურად შესრულების პრაქტიკა, რომელიც დავიწყებული იყო. აღადგინა შარიათული სასჯელები, რომლებიც ადათურ წესებს ჰქონდათ ჩანაცვლებული. ამის შემდეგ შეიხი სირიაში მიემართება, სადაც ასევე აღადგენს შარიათულ წესებს, აგზავნის წერილებს ნაჯდის მომიჯნავე თუ შორეულ მუსლიმანურ მხარეებში. მის ქადაგებას უკვე მრავალი მომხრე უჩნდება.



[1] სწავლული.
[2] ყურანის ახსნა-განმარტება.
[3] ბუხარი, ჰადისის №: 3445.
[4] ბუხარი, ჰადისის №: 4920
[5] აბუ დავუდ, 3218; ათ-თირმიზი, 1049; ან-ნასა, 4/88.