01 July 2019

2. როგორ სრულდება ნამაზი?

მალიქ ბინ ალ-ჰუვაირის გადმოცემული ჰადისის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „...და იმ ფორმით შეასრულეთ ნამაზი, რა ფორმითაც ჩემს მიერ შესრულებული ნამაზი იხილეთ...“[1]
ანგელოზმა ჯიბრილმა ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ქააბას კარების გვერდით ნამაზის შესრულების ფორმა და დროები შეასწავლა. საჰაბეებმა ნამაზი ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შეისწავლეს. მათ შემდგომ მოსულმა მუსლიმებმა კი დღემდე, თაობიდან თაობაზე გადაცემით ნამაზის შესრულების ფორმა გადმოსცეს.
ნამაზი არის ღვთისმსახურება, რომლის პირობაც გულწრფელობა და შუამავალზე (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიბაძვით შესრულებაა. ის, ვინც ნამაზს გულწრფელად ალლაჰის კმაყოფილებისთვის არ შეასრულებს, შირქში ჩავარდება და შესრულებული ღვთისმსახურება სახიხი[2] არ იქნება, რადგან უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „39/65. და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, რომელნიც იყვნენ შენს უწინ: „თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, უთუოდ, ამაო გახდება შენი საქმენი და უსათუოდ, აღმოჩნდები წაგებულთა შორის“.“ შუამავალზე (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიბაძვის გარეშე შესრულებული ღვთისმსახურებაც უარყოფილია, რადგან ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აიშას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ გადმოცემულ ჰადისში ბრძანებს: „ყოველი პიროვნება, რომელიც ჩვენს საქმეში (რელიგიაში) არ არსებულს შემდგომ დაამატებს/გამოიგონებს, უარყოფილი იქნება.“[3]
ნამაზი ისლამის ყველაზე დიდი შემადგენელი ნაწილია. მისი უარყოფით მიმტოვებელი პიროვნება ქააფირი (ურწმუნო) გახდება. სიზარმაცის ან სხვადასხვა საქმეებით დაკავებითა და შარიათული საპატიო მიზეზის გარეშე მისი მიმტოვებელიც იგივენაირად ქააფირია. სუნნეთში ეს საკითხი ძალიან აშკარაა. ჯაბირისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘პიროვნებასა და შირქს/ქუფრს შორის განმასხავებელი ნიშანი ნამაზის მიტოვებაა.’“[4]
ნამაზი შეიცავს:
·   ყიამს,[5] რა დროსაც ხდება ქირაათი.[6]
·   რუქუღს,[7] რა დროსაც სრულდება თესბიჰი.[8]
·   რუქუღიდან გასწორებას, რაც ცალკე ალლაჰის შექებას/გახსენებას მოიცავს.
·   მათ შორის ერთხელ დაჯდომას და თესბიჰის შესრულებას.
ზემოთ ჩამოთვლილს ერთად „ერთი მუხლი“ ეწოდება. ნამაზი რამოდენიმე მუხლისგან შედგება.
·   ფარძი[9] ნამაზი ხუთია:
·   ფაჯრი ნამაზის (დილის ნამაზის) ფარძი, რომელიც მგზავრობაშიც[10] და საცხოვრებელ ადგილზეც ორი მუხლია.
·   ზუხრი (შუადღის ნამაზი), ‘ასრი (სამხრობის ნამაზი) და ‘იშას (ძილის წინა ნამაზი) ფარძი, რომელიც მგზავრობაში ორ-ორი მუხლი, ხოლო საცხოვრებელ ადგილას ოთხი მუხლია.
·   მაღრიბის (საღამოს ნამაზი) ფარძი, რომელიც მგზავრობაშიც და საცხოვრებელ ადგილზეც სამი მუხლია.
მუსლიმან პიროვნებას ნამაზის შესრულება შეუძლია როგორც ცალკე, ასევე ჯამაათის ერთად. პიროვნება აბდესს თუ აიღებს და ჯამაათით ნამაზის შესრულებას გადაწყვეტს, მაშინ მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯის გამო უზენაესი ალლაჰი მას ერთი საფეხურით აამაღლებს და მის კუთვნილ ერთ ცოდვას წაუშლის. აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘...რომელიმე მუსლიმანი აბდესს კარგად და გულდასმით თუ აიღებს და მესჯიდში მხოლოდ და მხოლოდ ნამაზის შესასრულებლად წავა, მაშინ მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯის გამო უზენაესი ალლაჰი მას ერთი საფეხურით აამაღლებს და ერთ ცოდვას წაშლის...“[11]



[1] ბუხარი, 1/155.
[2] სარწმუნო, მიღებული.
[3] მუსლიმ, 2/1343, ჰადისის : 1718.
[4] მუსლიმ, 1/88, ჰადისის : 82.
[5] დგომას.
[6] ყურანიდან სურას და აიათის კითხვა.
[7] წელში მოხრა.
[8] ალლაჰის მოხსენება.
[9] სავალდებულო.
[10] მგზავრს მგზავრობის დროს ფარძი ნამაზების ოთხი მუხლის ორ მუხლად შესრულება შეუძლია.
[11] მუსლიმ, 1/459, ჰადისის : 649.