05 October 2019

მე-6 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად


E.      ყურანი ზღვებისა და მდინარეების შესახებ:

თანამედროვე მეცნიერებამ დაადგინა, რომ ორი ზღვის შესართავთან უზარმაზარი ბარიერი მდებარეობს. ეს ბარიერი ორ ზღვას ერთმანეთისაგან ისე ჰყოფს, რომ თითოეულ მათგანს თავის ტემპერატურას, მარილიანობას და სიხისტეს უნარჩუნებს. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის წყალი თბილი, მლაშე და ნაკლებად ხისტია ატლანტის ოკეანის წყალთან შედარებით. როცა ხმელთაშუა ზღვის წყალი ატლანტის ოკეანეს გიბრალტარის სრუტით უერთდება, ის ოკეანეში ასობით  კილომეტრის სიგრძეზე და 1000 მეტრის სიღრმეზე იჭრება თავისი თბილი, მარილიანი და ნაკლებად ხისტი წყლით.

ხმელთაშუა ზღვის წყალი ამ სიღრმეზე იძენს სტაბილურობას (იხ. 13-ე სურათი).


სურათი 13. ხმელთაშუა ზღვის წყალი, გიბრალტარის სრუტის გავლით ატლანტის ოკეანეში თავისი თბილი, მარილიანი და ნაკლებად ხისტი წყლით იჭრება, მაგრამ ბარიერის გამო მასში მაინც არ ირევა. ტემპერატურა მოცემულია ცელსიუსის შკალით (წყალქვეშა გეოლოგია, კინენი, გვ. 43, შეტანილია მცირე ცვლილება).

მიუხედავად ზღვების უზარმაზარი ტალღების, ძლიერი დინებებისა და მიმოქცევისა, ისინი ერთმანეთში არ ირევიან და არც ბარიერს არღვევენ. ყურანში ნახსენებია, რომ ზღვები ერთმანეთს უერთდებიან და მათ შორის ბარიერია, რომელსაც ისინი არ არღვევენ.

ღმერთმა თქვა: “55/19. მიუშვა ორი ზღვა, ერთმანეთს ეამბორებიან.
მათ შორის უხილავი მიჯნაა, რომელსაც ვერ გადალახავენ.” (55-ე სურა; IX-XX მუხლები).
მაგრამ როდესაც ყურანში საუბარია მტკნარ და მლაშე წყლების გაყოფაზე, იქვე ნახსენებია “გაუვალი ზღუდე” და “ცარიელი ადგილი”.
“25/53. იგია, რომელმაც ერთად დაადგინა ორი ზღვა: ერთი მტკნარი, მეორე კი მლაშე, ხოლო მათ შორის უხილავი მიჯნა და გადაულახავი ზღუდე!(25-ე სურა; 53-ე მუხლი).
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არის ნახსენები “გაუვალი ზღუდე” მტკნარ და მლაშე წყლების შორის არსებულ გამყოფზე საუბრისას და რატომ არ არის იგი ნახსენები ორ ზღვას შორის არსებულ გამყოფზე საუბრისას? თანამედროვე მეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ დელტებში (მდინარისა და ზღვის შესართავებში), სადაც მტკნარი და მარილიანი წყლები ერთმანეთს უერთდება, სიტუაცია უფრო სხვაგვარია, ვიდრე ზღვების შესართავებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მტკნარი და მარილიანი წყლების აღრევა დელტებში იმის გამო არ ხდება, რომ ამას უცვლელი სიხისტის მქონე პიკნოკლინის ზონა ეწინააღმდეგება[1]. ეს “გაუვალი ზღუდე” მტკნარი და მლაშე წყლებისგან განსხვავებული მარილიანობით გამოირჩევა.[2] (იხ. 14-ე ნახატი).

სურათი 14. ოკეანოგრაფიის საწყისები, თურმანი, გვ. 301, შეტანილია მცირე ცვლილება.

ამ ინფორმაციის აღმოჩენა სულ ახლახან, ტემპერატურის, მარილიანობის, სიხისტისა და ჟანგბადის ხსნადობის ხარისხის ამომცნობი უახლესი აღჭუვილობის წყალობით გახდა შესაძლებელი. ადამიანის თვალი ორ ზღვას შორის არსებულ განსხვავებას ვერ ხედავს და მას ჰომოგენურ წყლად აღიქვამს. ადამიანის თვალი ვერც დელტებში არსებულ სამი სახის წყალს - მტკნარს, მლაშეს და “გაუვალი ზღუდის” წყალს ანსხვავებს ერთმანეთისგან.



[1] ოკეანოგრაფია, გროსი, გვ. 242. აგრეთვე იხ. ოკეანოგრაფიის საწყისები, თურმანი, გვ. 300-301.
[2] ოკეანოგრაფია, გროსი, გვ. 242. ოკეანოგრაფიის საწყისები, თურმანი, გვ. 300-301.