28 October 2019

24-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ადამიანთა უფლებები და სამართალი ისლამში

ისლამი ადამიანს უამრავ უფლებას ანიჭებს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ის უფლება, რომელსაც ისლამი იცავს. ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეების სიცოცხლე და საკუთრება ხელშეუხებლად არის მიჩნეული - მნიშვნელობა არა აქვს, მისი პატრონი მუსლიმანია თუ არა. ისლამი აგრეთვე ღირსებასაც იცავს. ასე, რომ ისლამში ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება ან სასაცილო აგდება დაშვებული არ არის. ღვთის შუამავალმა მუჰამედმა თქვა:მხოლოდ თქვენი სისხლი, თქვენი საკუთრება და თქვენი ღირსებაა ხელშეუხებელი.[1]
რასიზმი ისლამში დაშვებული არ არის, ისლამი ადამიანთა თანასწორუფლებიანობაზე შემდეგნაირად საუბრობს: „49/13. ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ყურანი, 49-ე სურა; მე-13 მუხლი).
ისლამი ამბობს, რომ დაუშვებელია კონკრეტულ ადამიანსა თუ რომელიმე ერს პრივილეგია იმისთვის მივანიჭოთ, რომ მას უფრო მეტი სიმდიდრე ან ძალაუფლება აქვს. ღმერთმა ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანი შექმნა, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ თავიანთი რწმენითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. ღვთის შუამავალმა მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა:ო, ხალხო! თქვენი ღმერთი ერთია და თქვენი წინაპარიც (ადამი) ერთია. არაბი არაფრით სჯობია სხვას (არა არაბს) და სხვა არაფრით სჯობია არაბს, და წითური არაფრით სჯობია შავგრემანს, შავგრემანი კი არაფრით სჯობია წითურს,[2] განსხვავება მათ შორის მხოლოდ ღვთისმოსაობაშია.“[3]
დღესდღეისობით კაცობრიობის უდიდეს პრობლემას რასიზმი წარმოადგენს. განვითარებულ საზოგადოებას ადამიანის მთვარეზე გაგზავნა შეუძლია, მაგრამ ადამიანთა შორის ზიზღი და ბრძოლა ვერ აღმოფხვრა. ღვთის შუამავალ მუჰამედის (სალამი და მშვიდობა მას) მოღვაწეობიდან მოყოლებული, ისლამი მშვენიერ მაგალითს იძლევა, თუ როგორ უნდა მოეღოს რასიზმს ბოლო. მექაში ყოველწლიურად სალოცავად ჩასვლა (ჰაჯობა) იმის აშკარა მაგალითია, რომ ისლამურ ერებს შორის მტრობა არ არსებობს. მექაში სალოცავად 2 მილიონამდე მუსლიმანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ისლამი სამართლიანი რელიგიაა. ღმერთმა თქვა: „4/58. უეჭველად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ანაბარი უკან დაუბრუნოთ თავის პატრონებს და როცა განსჯით ადამიანთა შორის, სამართლიანად განსაჯოთ. უეჭველად, რა მშვენიერია ალლაჰის შეგონება! უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!“ (ყურანი, 4-ე სურა; 58-ე მუხლი).
ასევე, ღმერთმა თქვა: „49/9...და იყავით სამართლიანნი, რამეთუ ალლაჰს უყვარს სამართლიანნი.“ (ყურანი, 49-ე სურა, მე-9 მუხლი).
ჩვენ იმათაც სამართლიანად უნდა მოვექცეთ, ვინც ჩვენი წინააღმდეგია. ღმერთმა თქვა: „5/8. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ.“ (ყურანი, 5-ე სურა; 8-ე მუხლი).
შუამავალმა მუჰამედმა თქვა: ხალხნო, უფრთხილდით უსამართლობას, განკითხვის დღეს უსამართლობისათვის თქვენ სრული წყვდიადი მოგიცავთ.[4] და ვისაც თავისი უფლებები ჩამორთმეული აქვს, განკითხვის დღეს დაუბრუნდება. შუამავალ მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) თქვა: განკითხვის დღეს უფლებები დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ჩამორთმეული ჰქონდათ.[5]



[1] იხილეთ: სახიხ ალ-ბუხარში, #1739 და მუსნად აჰმადში, #2037.
[2] შუამავლის ნათქვამში ფერები ჩვეულებრივ მაგალითებადაა მოყვანილი. ნაგულისხმევია, რომ ისლამში თეთრი, შავი, წითელი თუ სხვა ფერის გამო, ერთი ადამიანი მეორეს არაფრით სჯობია.
[3] იხილეთ: მუსნად აჰმადში, 22978.
[4] იხილეთ: მუსნად აჰმადში, # 5798 და სახიხ მუსლიმში ალ-ბუხარში, #2447.
[5] იხილეთ: სახიხ მუსლიმში #2582 და მუსნად აჰმადში, # 7163.