23 May 2018

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 65-68


3/65. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის გამო? თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება) ხომ მხოლოდ მის (იბრაჰიმის) შემდგომ იყო გარდმოვლენილი. განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?
66. აი, თქვენ ესა ხართ, იმაზე დაობდით, რაც (მეტ-ნაკლებად) იცოდით. და რატომღა კამათობთ იმაზე, რაც არ იცით (2) (რატომ კამათობთ იბრაჰიმის თაობაზე)? უეჭველად, უწყის ალლაჰმა და არ უწყით თქვენ!
67. იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი (1) (მონოთეიზმის მაღიარებელი და ალლაჰის ყველა ეპითეტის ჭეშმარიტად მცნობი. ერთმორწმუნე.) მუსლიმი და არ იყო წარმართი იგი.
68. უეჭველად, ყველაზე ახლო იბრაჰიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს (მუჰამმედს) და რომელთაც ირწმუნეს (მისი). ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი იუდეველებსა და ქრისტიანებს კიცხავს იმის გამო, რომ მათ იბრაჰიმის (‘ალეისალამ) შესახებ თქვეს ის, რაზეც ცოდნა არ გააჩნდათ. მუჰამმად ბინ ისჰაქ-ი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ქრისტიანებისა და იუდეველების თემის წინამძღვრები მივიდნენ და კამათი დაიწყეს. იუდეველები ამბობდნენ, რომ იბრაჰიმი იუდეველი იყო, ხოლო ქრისტიანები ამბობდნენ, რომ იბრაჰიმი ქრისტიანი იყო. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა აიათი მოავლინა: „ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის გამო? თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება) ხომ მხოლოდ მის (იბრაჰიმის) შემდგომ იყო გარდმოვლენილი.” ანუ, ჰეი იუდეველებო! როგორ ამბობთ, რომ იბრაჰიმი (‘ალეისალამ) იუდეველი იყო, მაშინ, როცა იბრაჰიმმა (‘ალეისალამ) მანამდე იცხოვრა, სანამ მუსას (‘ალეისალამ) წიგნს ვუბოძებდით?! ჰეი ქრისტიანებო! როგორ ამბობთ, რომ იბრაჰიმი (‘ალეისალამ) ქრისტიანი იყო, მაშინ, როცა ‘ისა (‘ალეისალამ) (ქრისტიანობა) საუკუნეების შემდეგ გაჩნდა?! ყოველივე ამის გამო, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?

„აი, თქვენ ესა ხართ, იმაზე დაობდით, რაც (მეტ-ნაკლებად) იცოდით. და რატომღა კამათობთ იმაზე, რაც არ იცით (2) (რატომ კამათობთ იბრაჰიმის თაობაზე)?“ - ამ აიათის მიხედვით, ალლაჰი კიცხავს და აკრიტიკებს მას, რომელიც საუბრობს იმას, რაზეც ცოდნა არ გააჩნია. იუდეველებმა და ქრისტიანებმაც ყოველგვარი ცოდნის გარეშე, იბრაჰიმის თაობაზე იკამათეს. რის შემდეგაც, ალლაჰმა მსგავსი საქციელი დაგმო და მოუწოდა მათ, რომ ეს საქმე მიანდონ იმას, ვისაც დაფარულისა და ხილულის ცოდნა გააჩნია (ანუ ალლაჰს). რის გამოც, უზენაესი ბრძანებს: „უეჭველად, უწყის ალლაჰმა და არ უწყით თქვენ!

იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი მუსლიმი და არ იყო წარმართი იგი” – ‘ჰანიფი’ შირქისგან შორს მყოფს და ერთღმერთიანს ნიშნავს. ეს აიათი: „და არ იყო წარმართი იგი” მსგავსია აიათისა, რომლის მიხედვითაც: „2/135. და თქვეს: იყავით იუდეველნი ან ქრისტიანნი, რომ ეწიოთ ჭეშმარიტებას. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): არა! ჩვენ იბრაჰიმის, ჰანიფის (ერთმორწმუნეობის, მონოთეიზმის) რწმენას გავყვებით! და ის არ ყოფილა წარმართთაგანი.“

უეჭველად, ყველაზე ახლო იბრაჰიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს (მუჰამმედს) და რომელთაც ირწმუნეს (მისი). ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა.“ - უზენაესს ამის თქმა სურს: ყველაზე ახლოს იბრაჰიმთან, იბრაჰიმის რელიგიაზე მყოფნი არიან ის მუჰაჯირები, ანსარები და შემდგომი მუსლიმები, რომლებმაც იწამეს შუამავალ მუჰამმადის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და გაჰყვნენ მას.

საიდ ბინ მანსური, იბნ მას’უდ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ყოველი შუამავლის მეგობარი წინა შუამავლებიდან ერთ-ერთია. ჩემი წინაპარი და მეგობარი კი იბრაჰიმია.“ შემდეგ კი ეს აიათი წაიკითხა: „უეჭველად, ყველაზე ახლო იბრაჰიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს (მუჰამმედს) და რომელთაც ირწმუნეს (მისი). ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა.““1(Sahih. Tirmizi, 2995; Ahmed b. Hanbel, 2/292, 553; Taberi, 7212. იბნ მას’უდი გადმოგვცემს).

ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა“ - ანუ, უზენაესი ალლაჰი მფარველი და მეგობარია მათი, რომლებსაც შუამავლების სწამთ.