24 May 2018

17. სურა ალ-ისრა აიათი 36

17/36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!”

განმარტება:
ალი ბინ აბუ თალჰა, იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათის შესახებ გადმოგვცემს: „არ თქვა ის, რაც არ იცი.“ ავფ-იც მისგან (იბნ აბბასისგან) გადმოგვცემს: „არ თქვა იმის შესახებ ის, რაც არ იცი. არ დააბრალო, არ დაადანაშაულო.“ მუჰამმად ბინ ალ-ჰანეფიიმ თქვა: „ამ სიტყვებში ცრუ მოწმეობა იგულისხმება.“ ქათადამ თქვა: „მაშინ, როცა არ დაგინახია არ თქვა, რომ დაინახე. მაშინ, როცა არ გაგიგონია არ თქვა, რომ გაიგონე. მაშინ, როცა არ იცი არ თქვა, რომ იცი. უეჭველად უზენაესი ალლაჰი ყოველივე ამის გამო პასუხს მოგთხოვს.“

ამ ყველაფრის მნიშვნელობა შემდეგია: უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა ისეთი სიტყვის თქმა და მოქმედება, რომელიც მცდარ აზრს, ოცნებას, ეჭვსა და ვარაუდს შეიცავს (ეყრდნობა). საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:
„49/12. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს, რამეთუ ზოგი ვარაუდი ცოდვაა...“

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვარაუდს მაქსიმალურად მოერიდეთ, რადგან ვარაუდი სიტყვათა შორის ყველაზე მატყუარაა.“1(Buhari, 6066; Müslim, 6563; Ebu Davud, 4917; Ahmed, II, 465; İbn Hibban, 5687; აბუ ჰურაირა გადმოგვცემს).

„უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!” - ანუ, ყოველი ქმედების გამო ალლაჰის წინაშე პასუხს აგებთ. ყოველი პიროვნება პასუხისმგებელი იქნება თავისი ნამოქმედარის და ალლაჰის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორ და რაში გამოიყენა მისი ორგანოები, როგორიცაა თვალი, ყური, გული და ასე შემდეგ.