24 May 2018

4. სურა ნისა აიათი 171 - 'ისა-ს (‘ალეისალამ) შესახებ ქრისტიანების მცდარი რწმენა

4/171. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო (ქრისტიანებო)! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და არ თქვათ ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა (1) (და ალლაჰს არ გაუხადოთ თანაზიარი). რამეთუ მესიჰი ღისა ძე მარიამისა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი და არ თქვათ: სამება (3) (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა)! თავი ანებეთ თქვენდა სასიკეთოდ, რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!

განმარტება:
„ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო (ქრისტიანებო)! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში“, უზენაესი ალლაჰი ქრისტიანებს ექსტრემიზმისგან და გადაჭარბებულობისგან აფრთხილებს. ვინაიდან, ეს თვისება (გადაჭარბებულობა) ქრისტიანებში ბევრადაა. მათ ალლაჰის შუამავალს (‘ისას) მიუჩინეს ის მდგომარეობა, რაც ალლაჰს მისთვის (‘ისასთვის) არ მიუჩენია. მათ (ქრისტიანებმა) ‘ისა შუამავალი (‘ალეისალამ) ალლაჰთან ერთად მეორე ღვთაებად დაიყენეს. უფრო მეტიც, მათ უცოდველად მიიჩნიეს ზოგიერთები, რომლებიც ‘ისა-ს მიმდევრად აცხადებდნენ თავს. განურჩევლად ჭეშმარიტებისა და არაჭეშმარიტების, სწორისა და არასწორის, სიმართლისა და ტყუილის, იწამეს მათი და გაყვნენ იმას, რასაც ისინი ეუბნებოდნენ. უზენაესი ალლაჰი მათ შესახებ სხვა აიათში ბრძანებს: „9/31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (2) (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა.“

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, იბნ აბბას-ის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მეშვეობით, ომარ-ის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სიტყვებს გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ისევე, როგორც ქრისტიანებმა ‘ისა-ს მიმართ გადააჭარბეს, თქვენც მსგავსად, ჩემს მიმართ არ გადააჭარბოთ. მე მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის მსახური ვარ, შესაბამისად ჩემზე ალლაჰის შუამავალი ან ალლაჰის მსახური თქვით.“1(Buhari, 3445; Humeydi, 27; Ahmed b. Hanbel, 1/23; Ebu Ya’la, 153; İbn Hibban, 6239;). გადმომცემმა, ალი ბინ ალ-მადინი-მ თქვა, რომ ჰადისი საჰიჰია. ამ ჰადისს იმამ ბუჰარიც გადმოგვცემს.

იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, ანას ბინ მალიქი-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ერთ-ერთმა შუამავალს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჰეი მუჰამმად! ჰეი ჩვენო ბატონო და ბატონის შვილო, ჰეი ყველაზე სათნო შუამავალო და ყველაზე სათნოს შვილო!.“ ამის შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჰეი ადამიანებო! თქვენს სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ და ეშმაკმა არ გაცდუნოთ. მე აბდულლაჰის შვილი მუჰამმადი, ალლაჰის მსახური და შუამავალი ვარ. ვალლაჰი არ მსურს, რომ თქვენ მომანიჭოთ იმაზე მეტი მდგომარეობა, რაც ალლაჰმა მე მიბოძა.“2(Sahih. Ahmed b. Hanbel, 3/153; Nesai, Sünen-i Kübra 10078; İbn Hibban, 6240;). ჰადისი ამ თვალთახედვით მხოლოდ და მხოლოდ იმამ აჰმედმა გადმოსცა.

„და არ თქვათ ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა“, ანუ ალლაჰზე ტყუილს ნუ ამბობთ, მას (ალლაჰს) თანაზიარს და შვილს ნუ მიაწერთ. უზენაესი ალლაჰი ყოველივე ამისგან შორს დგას. ბატონ-პატრონი, ძლევამოსილი, დიდებული და წმინდათა წმინდა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. მის გარდა ღვთაება და ბატონი არ არსებობს. უზენაესი ალლაჰი ამის შემდეგ ბრძანებს: „რამეთუ მესიჰი ‘ისა ძე მარიამისა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან“, ანუ ის (‘ისა) ალლაჰის შუამავლებიდან ერთ-ერთი შუამავალია. ალლაჰის ქმნილებებიდან ერთ-ერთია. მასზე „იქმენ“ ითქვა და ისიც (‘ისაც) გაჩნდა. იგი (‘ისა შუამავალი) შეიქმნა „იქმენ“ სიტყვით, რომელიც ალლაჰისგან ჯიბრილ-მა (‘ალეისალამ) მარიამ-ს (‘ალეისალამ) გადასცა. ჯიბრილ-მა შეჰბერა სული და ალლაჰის ნებით ‘ისა შუამავალი (‘ალეისალამ) გაჩნდა. ‘ისა (‘ალეისალამ) უმამოდ დაიბადა, ამიტომაა ნათქვამი: „ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან.“ უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „5/75. მესიჰი, მარიამის ძე, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავალთა მასზე უწინ. ხოლო დედა მისი სიმართლის მთქმელი ქალი იყო. ორივე მათგანი საჭმელს მიირთმევდა.“

„3/59. უეჭველად, ალლაჰის წინაშე ‘ისას გაჩენის ფორმა ადამის გაჩენის ფორმის მსგავსია: მან იგი (ადამი) მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იქმენ! და იქმნა (გასულდგმულდა) ისიც.“

„21/91. და (1) (გაიხსენე მარიამი) რომელმაც შეინახა პატიოსნება. მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან (2) (ჯიბრაილისგან) და დავადგინეთ იგი და ძე მისი სასწაულად სამყაროთათვის!“

„66/12. და მარიამი, იმრანის ასული, რომელმაც შეინახა პატიოსნება, მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან (1) (ჯიბრაილისგან), მან დაამოწმა თავისი ღმერთის სიტყვები და წიგნები მისი და შეიქმნა მორჩილთაგანი.“

„43/59. იგი (‘ისა) მსახურია მხოლოდ, რომელზეც წყალობა მოვიღეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის.“

იბნ აბუ ჰათიმ-ი, აჰმად ბინ სინან ალ-ვასითი-სგან გადმოგვცემს: შაზზ ბინ იაჰია ალლაჰის სიტყვების „ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან.“ შესახებ ამბობს: ეს სიტყვა „ქუნ“ (იქმენ) ‘ისა-დ არ გადაქცეულა. უფრო სწორად, ამ სიტყვის (‘ქუნ’-იქმენ) საშუალებითა და ალლაჰის ნებით ‘ისა შუამავალი გაჩნდა.

იმამ ბუჰარი, უბადე ბინ სამით-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ), ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვებს გადმოგვცემს: „უზენაესი ალლაჰი სამოთხეში შეიყვანს მას, ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, ასევე დაამოწმებს, რომ ‘ისა ალლაჰის მსახური და შუამავალია, რომელიც ალლაჰის სიტყვის (‘ქუნ’-იქმენ) საშუალებითა და ნებით გაჩნდა და ასევე დაამოწმებს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა.“3(Buhari, 3435; Müslim, 28; Ahmed b. Hanbel, 5/313;). ჯაბირის გადმოცემით კი ჰადისში ასეა ნათქვამი: „სამოთხის შვიდი კარებიდან, რომელშიც უნდა იმაში შევა.“4(Müslim, 28; Nesai, Amelu’l-yevmi ve’l-leyle, 1130; İbn Hibban, 207;). იმამ მუსლიმიც ასეთნაირად გადმოსცემს.

აიათში ნახსენები სიტყვებში „ერთი სულია მისგან.“ მოცემული „მინ“ (-გან)-ის მნიშვნელობა მსგავსია „მინ“ (-გან) მნიშვნელობისა (საჭიროა არაბულის ცოდნა, რომ უკეთ გასაგები იყოს, რადგან ქართულ თარგმანში ეგ სიტყვა არ ჩანს, თუმცა იგულისხმება), რომელიც ამ აიათშია მოცემული: „45/13. და თქვენს განკარგულებაში მოგცათ ყველაფერი (მისგან, ანუ ალლაჰისგან), რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა...“ რისი საერთო მნიშვნელობაც ასეთია: „ის (‘ისა შუამავალი) ალლაჰის ქმნილებებიდან ერთ-ერთია.“ და არა ისეთი, როგორც ქრისტიანებმა გაიგეს: მათ აიათში მოცემული სიტყვები არასწორად გადათარგმნეს და ‘ისა ალლაჰის ნაწილად მიიჩნიეს. მუჯაჰიდი ამ სიტყვებს „ერთი სულია მისგან.“ თარგმნის, როგორც „ერთი შუამავალია მისგან.“
„მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი“, ანუ დაამოწმეთ და აღიარეთ ალლაჰის ერთადერთობა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი და არც შვილი. ასევე იცოდეთ, რომ ‘ისა (‘ალეისალამ) ალლაჰის მსახური და შუამავალია. ‘ისას და მისი დედის სახით ალლაჰს თანაზიარს ნუ დაუდგენთ. ამის გამო ალლაჰი ბრძანებს: „და არ თქვათ: სამება (3) (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა)!“ უზენაესი ალლაჰი მსგავსი რამისგან შორს დგას. ეს აიათი მაიდა სურის 73-ე აიათის მსგავსია: „5/73. ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა (1) (ერთ-ერთი ის, და დანარჩენი ორი: ‘ისა და დედამისი - მარიამი). და არ არის ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა.“ უზენაესი ალლაჰი ამ სურის ბოლოში ბრძანებს: „5/116. და უთხრა ალლაჰმა: „ჰეი, ‘ისა, მარიამის შვილო, განა შენ უთხარი ხალხს, დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად, ალლაჰის გარდა?“ მიუგო: „დიდება შენდა! როგორ ვიტყოდი იმას, რაც არ ვიცი. მე რომ ეს მეთქვა, შენ გეცოდინებოდა. შენ უწყი იმას, რაც ჩემშია, მე კი არ ვიცი ის, რაც შენშია. უეჭველად, შენ ის ხარ, ვინც უწყის დაფარული.“ წინა აიათში ალლაჰი ბრძანებს, რომ „ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა“, ალლაჰი სხვა აიათში მესიჰის სიტყვებს გადმოგვცემს: „5/72. ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა; და თქვა მესიჰმა: ისრაილის შვილნო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.“ აქედან გამომდინარე, ქრისტიანების ჯააჰილობას და ქუფრებს საზღვარი არ აქვს. მათი შეხედულებები ერთმანეთში არეული და ერთმანეთის საპირისპიროა. ზოგიერთ მათგანს ‘ისა ღვთაებად მიაჩნია, ზოგიერთი კი მას ალლაჰის შვილად მიიჩნევს. მათ შორის ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი და ჯგუფი არსებობს. რა კარგად უთქვამს ალიმებიდან ერთ-ერთს: „ათი ქრისტიანი ერთად თუ მოიყრის თავს, იქ თერთმეტი შეხედულება წარმოიშვება.“

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „თავი ანებეთ თქვენდა სასიკეთოდ“, ანუ შეეშვით ასეთ ქმედებებს, თუ გინდათ, რომ სიკეთე გეწიოთ. „რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას.“, ანუ ალლაჰი დიდებულია და შორს დგას იმისგან, რასაც თქვენ მას მიაწერთ. „მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!“, ანუ ყველაფერი ეს, ალლაჰის ქონებაა, რომელიც ალლაჰმა შექმნა. ყველაფერი რაც მის შექმნილშია, ალლაჰის მსახურია და ალლაჰის განკარგულების ქვეშ ითვლება. ასეთნაირად, ნუთუ შესაძლებელია, რომ ალლაჰს შვილი ჰყავდეს? უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „6/101. ცათა და ქვეყნის არაფრისგან გამჩენია! როგორ ეყოლება მას ძე, როცა მეუღლე არ ჰყოლია. და გააჩინა მან ყოველი, და იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.“

19/88. და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინაო“.
89. ვფიცავ, საშინელი სიბილწე თქვით თქვენ!
90. ლამისაა ცანი გაიპონ ამისგან, მიწა დასკდეს და მთები ჩამოიშალოს
91. იმის გამო, რომ მიაწერეს მოწყალეს ძე!
92. და არ შეშვენის მოწყალეს, რომ დაიდგინოს შვილი!
93. რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მოწყალის წინაშე ყველა წარსდგება, როგორც მსახური.
94. ვფიცავ, მან ყველა ცოდნით გარემოიცვა და თითო-თითოდ დათვალა (1) (არავის შეუძლია, რომ მიიმალოს მისგან)!
95. და ყოველი მათგანი წარსდგება მის (1) (ალლაჰის) წინაშე აღდგომის დღეს მარტოდმარტო (2) (არანაირი ქონება და არანაირი შემწე, რომელიც დაიცავს სასჯელისგან)!