25 May 2018

8. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - სახელისა და თვისებების თავჰიდი

სახელისა და თვისებების თავჰიდი

თავჰიდის მესამე ნაწილი „სახელისა და თვისებების თავჰიდია“, რაც ალლაჰის სახელებითა და თვისებებით, ალლაჰის ერთობის დადასტურებას ნიშნავს. როგორც ყურანიდან, ასევე ჰადისებიდან ცნობილია, რომ ალლაჰს რამოდენიმე სახელი და თვისებები გააჩნია. 

ალლაჰის სახელები შესდგება „ალ-ასმაულ-ჰუსნა“-სგან, რაც ჰადისების მიხედვით 99-ს შეადგენს. მუსლიმმა ეს სახელები უნდა აღიაროს ისე, როგორც ალლაჰს შეეფერება. 
რაც შეეხება ალლაჰის თვისებები: ალლაჰს ხელი, სახე აქვს. ალლაჰს შეუძლია გაბრაზდეს, შეუძლია შეიყვაროს... არშზე ამაღლება, ხაფანგის დაგება და ამის მსგავსი თვისებებისგან შესდგება. 
ყოველი მუსლიმის ვალია ალლაჰის თვისებები, ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე აღიაროს და ირწმუნოს.

ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ ამას თუ ვაღიარებთ, მაშინ ალლაჰს ადამიანს მივამსგავსებთ, რაც არასწორიაო. ეს კი ალლაჰის თვისებების უარყოფაა, რაც არასწორმა ინტერპრეტაციამ, ახსნა-განმარტებამ გამოიწვია. მაგალითად, ამბობენ რომ ალლაჰის „ხელში“ „ძალა“ იგულისხმებაო, რაც საჰაბეების და სწავლულების შეხედულებას არ ეთანხმება. არის საშიშროება იმისა, რომ ყურანში მოცემული „კი“, „არა“-დ გადავაქციოთ. ამის გამო სალაფებს მსგავსი ახსნა-განმარტებისგან თავი შეუკავებიათ და დაჯერებულან იმას, რაც ყურანშია გადმოცემული. ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველგვარი ახსნა-განმარტების და მიმსგავსების გარეშე ვაღიაროთ ალლაჰის ეს თვისებები. ამის დალილი ყურანში მოცემული აიათია: „11. არაფერია მსგავსი მისი..“ (სურა აშ-შურა).

 არშზე ამაღლებულა, თუმცა ისე არა როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.(აკრძალულია ფორმის მიცემა). ალლაჰი ბრაზდება, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ. ალლაჰს უყვარს, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ...

ალლაჰის თვისებები მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რაც მის მიერ შექმნილის თვისებებს არ ჰგავს. მას უყვარს ისე, როგორც უნდა უყვარდეს ალლაჰს და ის ბრაზდება ისე, როგორც უნდა გაბრაზდეს ალლაჰი. ამ ყველაფრით კი ქმნილებებს არ ჰგავს. 

ერთხელ იმამ მალიქს (რაჰმათულლაჰი ‘ალეიჰ) ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა „ალლაჰი არშზე ამაღლდა“ აიათში მოცემული სიტყვა „ისთივა“. იმამმა ასეთნაირად უპასუხა: „ისთივა ცნობილია. მისი გარემოება/მდგომარეობა კი გაურკვეველია. ამის რწმუნება ფარდზი, ხოლო მის შესახებ კითხვის დასმა ბიდ’ათია.“ (el-Kabasatu’s-Seniyye, გვ.. 199.). ამ სიტყვებით იმამმა გვასწავლა თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ალლაჰის სახელებისა და თვისებების მიმართ.

აქედან გამომდინარე, საჭიროა ალლაჰის სახელები და თვისები ვიწამოთ და ვაღიაროთ ისე, როგორც ეს ალლაჰს შეეფერება. მისი თვისებები და სახელები არ ჰგავს მის მიერ შექმნილის თვისებებსა და სახელებს.