23 May 2018

2. სურა ბაყარა აიათი 120-121 - იუდეველებზე და ქრისტიანებზე გაყოლის აკრძალვა


2/120. და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ იმათ რწმენას არ გაჰყვები. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): უეჭველად, ალლაჰის გზა (ისლამი) ესაა გზა ჭეშმარიტი. ხოლო თუ იმათ ვნებებს აჰყვები იმის შემდგომ, რაც ცოდნა (1) (წმინდა ყურანი) მოგევლინა, მაშინ ვერც მფარველს და ვერც შემწეს ვერ ნახავ ალლაჰისგან.
121. ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კითხულობენ მას (ყურანს) შესაფერისი კითხვით. აი ისინი, ვისაც სწამთ მისი, ხოლო ვინც უარყოფს მას, წაგებულნი არიან.

განმარტება:
იმამ თაბარი აიათის „და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ იმათ რწმენას არ გაჰყვები.“ შესახებ ამბობს: „ჰეი მუჰამმად! იუდეველნი და ქრისტიანნი შენგან კმაყოფილი არასდროს იქნებიან. აქედან გამომდინარე, ნუ შეეცდები მათი კმაყოფილების მოპოვებას და ნუ დაემსგავსები მათ. შენი მისია მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებაა.“
„ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ,“ - მამარ-ის მიხედვით, რომელმაც ქათადა-დან გადმოსცა, ამ სიტყვებში იუდეველნი და ქრისტიანნი იგულისხმებიან. აბდურრაჰმან ბინ ზაიდ-ი და იმამ თაბარი-ც ამ აზრზე არიან.

საიდ-ის გადმოცემის მიხედვით, ქათადა-ს უთქვამს: „ისინი ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეები არიან.“ აბუ ალიიე-ს გადმოცემის მიხედვით, იბნ მას’უდ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათის „კითხულობენ მას (ყურანს) შესაფერისი კითხვით.“ შესახებ თქვა: „ვფიცავ ალლაჰს, რომლის ხელშიც ჩემი სიცოცხლეა. ამ სიტყვებში იგულისხმება, ყურანის ისეთი ფორმით კითხვა, როგორი ფორმითაც მოევლინა, მასში ჰალალის ჰალალად, ჰარამის კი ჰარამად ცნობა და მისი ისეთი ფორმით წაკითხვა, რომ მნიშვნელობა არ შეეცვალოს.“ აბდურრაზზაქ-იც იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) იგივეს გადმოგვცემს.

სუდდი აბუ მალიქ-ის საშუალებით, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ აიათის შესახებ გადმოგვცემს: „ისინი წიგნში არსებულ ჰალალს ჰალალად, ჰარამს კი ჰარამად მიიღებენ და სიტყვებს არ შეცვლიან.“ იბნ აბი ჰათიმი ამბობს, რომ მსგავსი სიტყვები იბნ მას’უდ-მაც გადმოსცა.


„ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კითხულობენ მას (ყურანს) შესაფერისი კითხვით. აი ისინი, ვისაც სწამთ მისი“, ანუ, ჰეი მუჰამმად! ისინი, რომელთაც უწინ წიგნები ვუბოძეთ და რომლებმაც შესაფერისად გაჰყვნენ მას, შენს მიერ მოტანილსაც (რომელიც ჩემგან გებოძა) მიიღებენ და იწამებენ. საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „5/66. მათ რომ ემოქმედათ თევრათითა და ინჯილით და რაც ზემოევლინა მათ მათი ღმერთისგან, დიახაც, ისაზრდოებდნენ იმით, რაც მათ ზემოთაა და მათ ქვემოთაა. არის მათ შორის თემი, ზომიერების დამცავი, მაგრამ ცუდია ის, რასაც უმეტესობა სჩადის.