24 May 2018

18. სურა ქაჰფ აიათი 27-28

18/27. და იკითხე შენი ღმერთის წიგნი და რაც შენ ზეშთაგეგონა. არ მოიძებნება მისი სიტყვების შემცვლელი და ვერ იპოვი მის გარდა თავშესაფარს!
28. დაიმორჩილე სული შენი მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე და ილტვიან მისი წყალობისაკენ. და არ აარიდო თვალი მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ისედაც ის თავის საქმეში ზღვარს გადასულა!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყურანის კითხვას და ხალხზე (ყურანის) ახსნა-განმარტებას უბრძანებს.

„არ მოიძებნება მისი სიტყვების შემცვლელი“, ანუ მისი (ალლაჰის) სიტყვები კითხვის დროს არ შეცვალო, არ დაამახინჯო და არასწორი განმარტება არ გაუკეთო.
„და ვერ იპოვი მის გარდა თავშესაფარს!“ - იბნ ჯარირ-ი ამბობს: ამ აიათის მნიშვნელობა შემდეგია: „შენ ჰეი მუჰამმად! ალლაჰის წიგნს ისე თუ არ განმარტავ, როგორც დაგევალა, მაშინ შენ ალლაჰის გარდა, სხვასთან (თავის დასაცავად) თავშესაფარს ვერ იპოვი. ეს აიათი მსგავსია ალლაჰის სხვა აიათისა:

„5/67. ო, შუამავალო! აუწყე (მთლიანად), რაც ზემოგევლინა შენ (1) (არაფერი დაფარო მისგან) შენი ღმერთისგან. და თუ ამას არ იქმ (2) (მთლიანად თუ არ გადასცემ, რაც მოგევლინა ალლაჰისგან), მაშინ მისი წერილი სრულყოფილად არ გადაგიცემია. ხოლო ალლაჰი დაგიფარავს იმ ადამიანებისგან.“

„28/85. უეჭველად, რომელმაც ვალდებული ჰქმნა შენზე ყურანი, უთუოდ, მიგაბრუნებს მისაბრუნებელში.“

ანუ შენ ჰეი მუჰამმად! უზენაესი ალლაჰი აუცილებლად გამოგკითხავს იმის შესახებ, განუმარტე ხალხს თუ არა ის, რაც შენზე სავალდებულო გახდა.

„დაიმორჩილე სული შენი მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე და ილტვიან მისი წყალობისაკენ.“ - აიათის მნიშვნელობა შემდეგია: გინდ ღარიბი იყოს, გინდ მდიდარი, გინდ ძლიერი, გინდ სუსტი, დაჯექი და ადექი მათთან ერთად, რომლებიც არიან მორწმუნენი და განადიდებენ ალლაჰს.
როგორც ნათქვამია, აიათი ყურაიშელების საგვარეულოს წინამძღოლების შესახებ მოევლინა. მათ ისურვეს შუამავალთან განმარტოება, მაშინ, როცა მისთან ერთად სუსტი (დაბალი ფენის) საჰაბეები იმყოფებოდნენ: ბილალ, ამმა, სუჰაიბ, ჰაბბაბ-ი და იბნ მესუდ-ი. მათ სურდათ, რომ შუამავალს ისინი გაეგდო და მხოლოდ მათ დარჩენილიყვნენ შუამავლის გვერდით. უზენაესმა ალლაჰმა კი შუამავალს მსგავსი საქციელი აუკრძალა: „6/52. და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი.“ და უბრძანა: „დაიმორჩილე სული შენი (ანუ ფიზიკურად დარჩი) მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე და ილტვიან მისი წყალობისაკენ.“

მუსლიმი საჰიჰში გადმოგვცემს: ...სა’დ ბინ აბი ვაყყას-მა თქვა: შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ექვსი ვიყავით, როდესაც მუშრიქები მოვიდნენ და შუამავალს უთხრეს: „ესენი გარეთ გაუშვი, რადგან ჩვენს მიმართ არ გადიდგულდნენ (ანუ თავი ჩვენ არ გაგვიტოლონ). ალლაჰის შუამავალი ჩაფიქრდა. ცოტახნის შემდეგ კი ალლაჰმა აიათი მოავლინა: „6/52. და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი.“1(წყარო სურა ან’ამ-ის 52-ე აიათის თაფსირშია მოცემული. İbn-i Kesir Tefsiri).

„და არ აარიდო თვალი მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით“ - იბნ აბბას-ი აიათის შესახებ ამბობს: თვალი არ აარიდო მათ, ანუ მათ ადგილას, საზოგადოებაში დაფასებული და მდიდარი ხალხი (მუშრიქები) არ დააყენო.
„არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ისედაც ის თავის საქმეში ზღვარს გადასულა!“ ანუ არ დაემორჩილო მათ ნებას, რომლებსაც ეს ქვეყანა ურჩევნიათ იმ ქვეყანას, რის გამოც ალლაჰს და მის რელიგიას არ ემსახურებიან და თავიანთი საქმეებითა და მოქმედებებით ზღვარს გადავიდნენ. და არ შეგშურდეს მათი (მათი სიმდიდრისა და სახელის გამო). უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„20/131. თვალი არ გაგექცეს იმისკენ, რითაც ჩვენ ვასარგებლეთ ზოგი იმათგანი მიწიერი ცხოვრების შემკულობანით, რათა ამით გამოგვეცადა ისინი. ხოლო სარჩო (1) (სამოთხე) შენი ღმერთისა უფრო უკეთესია (2) (იმასთან შედარებით, რაც მათ მივეცით ამქვეყნად) და მარადიულია!“