23 May 2018

4. სურა ნისა აიათი 47-48 - აჰლი ქითაბის ხელმეორედ რწმენისკენ მოპატიჟება

4/47. ჰეი თქვენ, რომელთაც გებოძათ ღვთიური წიგნი! ირწმუნეთ ის, რაც გარდმოგივლინეთ დასტურად იმისა, რაც იყო თქვენთან მანამდე, ვიდრე წავშლიდეთ სახეებს და უკან შემოვაბრუნებდეთ; ან დავწყევლით მათ, როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი. უეჭველად, ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!
48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი აჰლი ქითაბს (ეუდეველები და ქრისტიანები) კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მიიღონ და იწამონ ის, რითაც ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოვიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰი მათ შემდეგნაირად ემუქრება: „ვიდრე წავშლიდეთ სახეებს და უკან შემოვაბრუნებდეთ; ან დავწყევლით მათ, როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი”. ავფი იბნ აბბას-ისგან ამ აიათის შესახებ გადმოგვცემს: სახის წაშლაში დაბრმავება, უკან შემობრუნებაში კი სახის ზურგის მხარეს შებრუნება იგულისხმება. ამგვარად ისინი უკუსვლით ივლიან. ეს არის სასჯელი იმათთვის, რომლებმაც მიატოვეს ჭეშმარიტება და აიღეს სიყალბე. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით ეს სიტყვები მსგავსია ალლაჰის იმ სიტყვებისა, რომლებსაც ალლაჰი სხვა აიათში გვამცნობს:

„36/8. უეჭველად, ჩვენ დავადეთ მათ კისრებზე ბორკილები ნიკაპამდე, ამიტომაც თავები აღმა აქვთ აწეულნი!
9. დავადგინეთ ზღუდე მათ წინ და ზღუდე მათ უკან, ამგვარად შევფუთეთ, უკვე ვერღა დაინახავენ“

მუჯაჰიდი ამბობს, რომ სახის წაშლაში ჭეშმარიტი გზიდან გადახვევა, უკან შემობრუნებაში კი მრუდე გზაზე ყოფნა იგულისხმება.

როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი“ ანუ როგორც დავწყევლეთ ის ხალხი, რომლებსაც შაბათს ნადირობა აეკრძალათ, თუმცა ბრძანება მაინც დაარღვიეს, რის გამოც ალლაჰმა ისინი მაიმუნებად და ღორებად აქცია.

უეჭველად, ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!“ ანუ ალლაჰის ბრძანებისა და ნების წინააღმდეგ წამსვლელი არავინ და არაფერია.

ალლაჰი მხოლოდ შირქს არ პატიობს:
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას“ ანუ პიროვნება ალლაჰის წინაშე მსგავსი მდგომარეობით თუ წარსდგება, ალლაჰი მას არ შეიწყალებს. „და მიუტევებს“ მორწმუნეებისაგან „ამის გარდა ყველაფერს“, ყველა დანარჩენ ცოდვას „ინებებს ვისაც“, ანუ აპატიებს მას, ვისაც იგი (ალლაჰი) ისურვებს.

ამ აიათთან დაკავშირებით ათობით ჰადისია გადმოცემული. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი:

პირველი ჰადისი: იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, აიშა-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ამელის წიგნი (წიგნი, რომელშიც ცოდვებია ჩაწერილი) ალლაჰის წინაშე სამი სახეობისაა. პირველი სახეობა არის ისეთი, რომელსაც ალლაჰი მნიშვნელობას არ ანიჭებს. მეორე სახეობა არის ისეთი, რომლის გამოც ალლაჰი პიროვნებას პასუხისმგებლობას მიანიჭებს. მესამე სახეობა არის ისეთი, რომელსაც ალლაჰი არ პატიობს. მესამე სახეობის წიგნი შირქია. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა, რომ „უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას“, ასევე ბრძანა, რომ: „5/72...უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე...“. წიგნი, რომელსაც ალლაჰი მნიშვნელობას არ ანიჭებს, შეიცავს ალლაჰისა და მორწმუნის შორის არსებულ ქმედებებს, როგორიცაა: მორწმუნის მიერ გაცდენილი ნამაზი ან მარხვა. უზენაესმა ალლაჰმა თუ ისურვა, მორწმუნეების მიერ ჩადენილ ცოდვებს (გაცდენილი ნამაზისა და მარხვის ცოდვას) აპატიებს. არსებობს ისეთი გარემო, სადაც ალლაჰი მორწმუნეს სხვა მორწმუნის უფლების შელახვის გამო დაკითხვას მოუწყობს.“1(İmam ahmed b. Hanbel, 6/240. Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 10/37, hadis no: 18382). ჰადისს მხოლოდ იმამ აჰმად-ი გადმოგცემს.

მეორე ჰადისი: იმამ აჰმად ბინ ჰაბნელ-ი, მუავიიე-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „არის იმედი იმაში, რომ ალლაჰი ყველა ცოდვას პატიობს. თუმცა განსხვავებულია მათი მდგომარეობა, რომელთაც ალლაჰის წინაშე წარსდგნენ, როგორც ქააფირები და მათი მდგომარეობა, რომლებმაც მორწმუნე ნებაყოფლობით მოკლეს.“2(Nesai, Sünen-i Kübra, 3446. Ahmen b. Hanbel, 4/99). ამ ჰადისს ნასაი-ც გადმოგვცემს.

მესამე ჰადისი: იმამ აჰმად ბინ ჰაბნელ-ი, აბუ ზარრ-ასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უზენაესი ალლაჰი მორწმუნეს ეტყვის: ‘ჰეი ჩემო მონავ! მიუხედავად იმისა, რომ მე არ მემსახურებოდი, ჩემგან მაინც იმედი გქონდა, (ამის გამო) მეც შენი ნაკლოვანებების მიუხედავად ცოდვები გაპატიე. ჰეი მონავ! შენ ჩემამდე დედამიწის ოდენა ცოდვებით, თუმცა თანაზიარის გაჩენის გარეშე, რომ მოხვიდე, მეც შენ დედამიწისეული შეწყალებით დაგხვდები.“3(Sahih. Ahmed, 5/154). ჰადისს მხოლოდ იმამ აჰმად-ი გადმოგცემს.
მეოთხე ჰადისი: აჰმად ბინ ჰანბელ-ი, აბუ ზარრ-ასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ერთხელ შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივედი და ასე ბრძანა: „ის, ვინც „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს იტყვის და მის გზაზე მოკვდება, სამოთხეში შევა.“ მე შუამავალს ვკითხე: „მაშინაც თუ იმრუშებს და იქურდებს?“. მან (შუამავალმა) მიპასუხა: „დიახ, თუნდაც იმრუშოს ან მოიპაროს.“ ეს კითხვა სამჯერ დავუსვი, რის შემდეგაც მითხრა: „დიახ, აბუ ზარრ-ას რომც არ მოსწონდეს ეს.“4(Buhari, 5827; Müslim, 94, Hadis no: 154; Ahmed b. Hanbel, 5/166).

მეხუთე ჰადისი: აბდ ბინ ჰუმაიდ-ის თაფსირში ჯაბირ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ერთი ადამიანი შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა ჰკითხა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! რა არის ის, რასაც სამოთხე და ჯოჯოხეთი მოითხოვს?“ შუამავალმა ბრძანა: „ის, ვინც ალლაჰს თანაზიარის დადგენის გარეშე ემსახურება, მისთვის სამოთხე ვააჯიბი გახდება, ხოლო ვინც ალლაჰზე თანაზიარის დადგენით მოკვდება, ჯოჯოხეთი მისთვის ვააჯიბი გახდება.“5(Müslim, 93; Sahih).

მეექვსე ჰადისი: იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, დამდამ ბინ ჯავს-ისგან გადმოგვცემს: აბუ ჰურაირამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მითხრა: „ფრთხილად! არავის უთხრა სიტყვები, როგორიცაა: „ალლაჰი არ გაპატიებს“, „ალლაჰი შენ სამოთხეში არასდროს შეგიყვანს“. მე პასუხად: „ჰეი აბუ ჰურაირა! ჩვენ ამ სიტყვებს გაბრაზების დროს, ჩვენს ძმებს ვეუბნებით.“ მან მითხრა: „შენ არ თქვა. გაივიგონე თუ როგორ თქვა ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგი სიტყვები: „ისრაელის შვილთაგან ორი კაცი იყო. მათგან ერთ-ერთი ღვთისმსახური, მეორე კი ცოდვილი იყო. ღვთისმსახური ცოდვილს ეტყვის, რომ ცოდვების კეთებას შეეშვას, ცოდვილი კი შემდეგნაირად უპასუხებს: „ჩემ ღმერთთან მარტო დამტოვე. ჩემს მეთვალყურედ მოევლინე?“ ერთ დღესაც ღვთისმსახურმა მისი მეგობარი დიდი ცოდვის კეთების დროს შეამჩნია და უთხრა: „სირცხვილი შენ! მიატოვე ეს ცოდვა!“. ცოდვილმა იგივენაირად უპასუხა, რის შემდეგაც ღვთისმსახურმა უთხრა: „ვფიცავ ალლაჰს, რომ ალლაჰი შენ არ გაპატიებს და სამოთხეში არასდროს შეგიყვანს.“ ბოლოს ალლაჰმა ანგელოზი გაგზავნა, რომელსაც მათი სულის ართმევა დაავალა. ორივე ალლაჰის წინაშე წარსდგა. ალლაჰმა ცოდვილს უთხრა, რომ სამოთხეში შესულიყო, რადგან ალლაჰმა მას ყველა ცოდვა აპატია. მეორეს კი უთხრა: „შენ იცი ვინ ვარ მე?! ნუთუ გაქვს ძალა იმის შესრულების, რისი შესრულებაც მხოლოდ და მხოლოდ მე შემიძლია?!“, ამის შემდეგ ალლაჰმა ანგელოზებს უბრძანა, რომ ეს პიროვნება ჯოჯოხეთში წაეყვანათ. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვფიცავ ალლაჰს, რომლის ხელშიც ჩემი სიცოცხლეა! ამ ადამიანმა ისეთი რამ თქვა, რომლის გამოც ეს ქვეყანაც და ის ქვეყანაც დაკარგა.“6(Hasen. Ebedi (4901); Ahmed b. Hanbel (363)).

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!“. ეს აიათი შემდეგი აიათის მსგავსია: „31/13...უეჭველად, კერპთაყვანისმცემლობა უდიდესი უსამართლობაა!“