25 May 2018

6. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ნაწილები

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ნაწილები

როგორც წინა თავში ავღნიშნეთ „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“ ორი ნაწილისგან შესდგება. ამ ნაწილებიდან პირველი უარყოფა, მეორე კი მიღებაა. 
•  პირველი ნაწილი: უარყოფა, რომელსაც შეიცავს სიტყვები „ლაა ილაჰა“, უარყოფს ყველა ღირსეულ სათაყვანებელს გარდა ალლაჰისა.
•  მეორე ნაწილი: დამოწმება და მიღება, რომლებსაც შეიცავს სიტყვა „ილლალლაჰ“. ეს სიტყვები ამოწმებს, რომ ღირსეული სათაყვანებელი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია.

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „ალლაჰი ჭეშმარიტებაა, ხოლო ის რასაც ისინი ეთაყვანებიან მის გარდა, სიცრუეა, იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია!“ (სურა ჰაჯ).

იბნი ქაიიმმა (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „“ლაა ილაჰა ილლალლაჰ“ (არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა) - ეს მნიშვნელობა უფრო მისაღებია, ვიდრე „ალლაჰი ღვთაებაა“, რადგან „ალლაჰი ღვთაებაა“ ნიშნავს, რომ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებაც არის. მაგრამ „არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა“, ცხადად გვაცნობებს, რომ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არის.“ 

ზოგიერთი მწერლის შეცდომა

ზოგი მწერალი ქელიმეი თაუჰიდის (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) შესახებ როცა საუბრობს, იყენებს ფრაზებს როგორიცაა: „ალლაჰის გარდა სხვა შემქმნელი არ არის, საზრდოს მომცემი, სიცოცხლის წამრთმეველი, გამცოცხლებელი, სიკეთისა და ზიანის მომცემი ალლაჰია. მის გარდა სხვა მფლობელი არ არის“. ეს ფრაზები კი მხოლოდ და მხოლოდ ‘რუბუბიეთ’ თაუჰიდს მოიცავს, რაც ქელიმეი თაუჰიდს ბოლომდე ვერ ხსნის. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ალლაჰი არის ის, ვისზეც კეთდება ღვთისმსახურება, ვინც გამოსცემს კანონებს, ვინც მართავს. ალლაჰის არის ის, ვის გამოც გვიყვარს, ვის გამოც პატივს ვცემთ, ვის გამოც გვეშინია და ა.შ.
„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ რუბუბიეთ თაუჰიდი რომ ყოფილიყო, მაშინ ალლაჰის შუამავლისა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და მუშრიქ არაბებს შორის განხეთქილება არ იქნებოდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ დალილებს მოვიყვანთ იმის შესახებ, რომ არაბებიც აღიარებდნენ ალლაჰს, როგორც საზრდოს მომცემს, შემქმნელს, ციდან წვიმის მომვლინებელს და ა.შ, თუმცა მაინც არ ითვლებოდნენ მორწმუნეებად.

აქედან გამომდინარე, ის ვინც ალლაჰის ამ თვისებებს იწამებს, თუმცა ალლაჰის გარდა ღვთისმსახურებას სხვას მიუძღვნის, მასზე(ალლაჰზე) მეტად სხვას შეიყვარებს, ვედრებას და სურვილებს თუ სხვისკენ მიმართავს(ალლაჰის გარდა), გასაჭირის დროს დახმარებას სხვისგან თუ მოითხოვს, დაკანონების უფლებას თუ ალლაჰის გარდა სხვას მიანიჭებს და ა.შ. ასეთი პიროვნება მუსლიმად არასდროს ჩაითვლება. ის ალლაჰის წინაშე აღსდგება, როგორც მუშრიქი (ალლაჰზე თანაზიარის დამყენებელი). თუ ასეთ მდგომარეობაში (მუშრიქად) მოკვდება, სამუდამო ჯოჯოხეთს დაიმსახურებს, საიდანაც ვერასდროს ვერ გამოვა და სამოთხეში ვერ შევა.

72. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.“ (სურა მაიდა).
როგორც თემის დასაწყისში ვთქვით ცოტაა ის, ვინც ალლაჰის (ღმერთის) არსებობას უარყოფს. ისინი (ურწმუნოები, მუშრიქები) ალლაჰს სცნობენ, როგორც ღმერთად და მისი თვისებებიდან რამოდენიმეს აღიარებენ. ისინი ალლაჰს ‘ულუჰიეთ’ (ღვთაებრიობა) თაუჰიდში უჩენენ თანაზიარს. ყურანში ამის მაგალითი ბევრია. ახლა კი ჩამოვთვალოთ ზოგიერთი დალილი იმისა, რომ ისინი (მუშრიქები) ალლაჰის ‘რუბუბიეთ’ თაუჰიდს აღიარებენ(თუმცა მაინც არ ითვლებიან მუსლიმებად). უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „25. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო? უთუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმაო“. უთხარი: „დიდება ალლაჰს!“ მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის.“ (სურა ლუყმან).

31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან (1) (წვიმას) და მიწიდან (2) (მცენარეულს)? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? (3) (სამყაროთა შორის) მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?“ (სურა იუნუს).
61. თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა და დაუმორჩილა მზე და მთვარე? - გიპასუხებენ: „ალლაჰმა.“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?!“ (სურა ალ-ანქაბუუთ).
63. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გარდმოავლინა ზეციდან წყალი და გააცოცხლა მისით მიწა მას მერე, რაც ის მკვდარი იყო?“ უსათუოდ გიპასუხებენ -„ალლაჰმა!“ უთხარი: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის!“ მაგრამ უმრავლესობა მათი ვერ განსჯიან.“ (სურა ალ-ანქაბუუთ).
9. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა? უთუოდ, გიპასუხებენ: გააჩინა ისინი ძლევამოსილმა, ბრძენმა“.“ (სურა აზ-ზუხრუფ).
84. ჰკითხე: ვის ეკუთვნის მიწა და ისინი ვინც მასზეა (1) (ვინც და რაც დედამიწაზე არსებობს), თუკი უწყით თქვენ?“ 
85. იტყვიან: „ალლაჰსო“. უთხარი: „ნუთუ აღარ შეიგონებთ (1) (არ დაფიქრდებით)? 
86. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდი ცისა და დიდებული ტახტრევანისა?
87. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „ნუთუ არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
88. ჰკითხე: თუ იცით: „ვინაა იგი, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არ საჭიროებს დაცვას?
89. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „მაშ, როგორღა ჰტყუვდებით!“ (სურა ალ-მუ’მინუნ).

როგორც აიათებიდან ჩანს, მუშრიქები ალლაჰის რამოდენიმე თვისებას აღიარებენ, თუმცა ურწმუნოებად ითვლებიან. ეს მდგომარეობა დღესაც იგივედ რჩება. ამით იმის თქმა გვსურდა, რომ ისეთი სიტყვების წარმოთქმა/დაჯერება როგორიცაა: „ალლაჰის გარდა სხვა შემქნელი არ არის“ ან „ალლაჰის გარდა საზრდოს მომცემი სხვა არ არის“, საკმარისი არ არის ‘ქელიმეი თაუჰიდის’ (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) ასახსნელად. ამ სიტყვების წარმოთქმა საკმარისი არ არის, იმისთვის რომ პიროვნება მუსლიმად ჩაითვალოს. ამ ფაქტს ყურანის აიათებიც ადასტურებს. თუ გვინდა განვასხვავოთ მუსლიმი და მუშრიქი ამისთვის უნდა ვიცოდეთ მუშრიქის თვისებები, რადგან არ დავუშვათ დიდი შეცდომა და მუშრიქს მუსლიმი არ ვუწოდოთ, მაშინ, როცა ალლაჰმა მუშრიქს, მუშრიქი უწოდა.