24 May 2018

39. სურა ზუმარ აიათი 1-4

39/1. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
2. უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით. მაშ, თაყვანი ეცი ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით!
3. კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის! ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ): „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოვონ ალლაჰს, რაც შეიძლება მეტად“. უეჭველად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მატყუარა ქააფირია!
4. ალლაჰს, რომ ენება დადგენა ძისა, უთუოდ, აირჩევდა გაჩენილებისგან იმას, რაც ნებავს. დიდება შენდა (იგი შორს დგას ამისგან)! იგი ალლაჰია, ერთადერთი, ყოვლისშემძლე!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ ყურანი მისგან მოევლინა, რომელიც ჭეშმარიტია და არ შეიცავს არავითარ ეჭვსა და სიცრუეს. საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„26/192. უეჭველად, იგი (1) (ყურანი) ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისა!
193. სანდო სულმა ჩამოიტანა იგი,
194. გულზე დაგადო, რომ ქმნილიყავი ერთ-ერთი შემგონებელთაგანი!
195. (გარდმოავლინა) წმინდა არაბულ ენაზე.“

„41/41...უეჭველად, იგი წიგნია ძლევამოსილი.
42. სიცრუე ვერ გაეკარება მას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან. ზეგარდმოვლენილია ბრძენისგან, ყოვლადქებულისგან.“

„ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.“ - ანუ, ეს წიგნი, ყურანი გარდმოვლენილია ძლევამოსილი ალლაჰის მიერ, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ზიანს ვერ მიაყენებს. „ბრძენისა.“ - გარდმოვლენილია ბრძენი ალლაჰისა, რომლის სიტყვებში და ქმედებებში სიბრძნეა.

„უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით. მაშ, თაყვანი ეცი ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით!“ - ანუ, ყოველგვარი თანაზიარის დაყენების გარეშე, უზენაეს ალლაჰს თაყვანი ეცი და სხვასაც ამისკენ მოუწოდე. აცნობე სხვას, რომ არ არსებობს მისი (ალლაჰის) მსგავსი, თანაზიარი და თანასწორი. სწორედ ამის გამო ბრძანებს უზენაესი: „კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!“ - ანუ, უზენაესი ალლაჰი შესრულებულ ამელს (ქმედებას) მაშინ მიიღებს, თუ ის (ამელი) თანაზიარის დაყენების გარეშე, ხალასი რწმენით იქნება შესრულებული.

ქათადა ალლაჰის სიტყვებს: „კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!“ შემდეგნაირად განმარტავს: „ეს არის დამოწმება, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.“

შემდეგ უზენაესი ალლაჰი მუშრიქების მდგომარეობას გვამცნობს: „ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ): „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოვონ ალლაჰს, რაც შეიძლება მეტად“.“ - ანუ, ის მიზეზი, რომელიც მათ ამ ქმედებისკენ უბიძბეს შემდეგია: მათ თავიანთი კერპები, ალლაჰთან დაახლოებულ ანგელოზებს იმ პირობით მიამსგავსეს, რომ ანგელოზების ადგილას იქნებოდნენ და ამ ფორმით ალლაჰთან დაახლოებას შეძლებდნენ. ამგვარი საქციელით იმედი ჰქონდათ, რომ ისინი ალლაჰის წინაშე შუამავლობას გაუწევდნენ, სარჩოს მოპოვებაში და უბედურებების დამარცხებაში დაეხმარებოდნენ. რაც შეეხება სიკვდილის შემდეგ გაცოცხლებას, მათ (მუშრიქებს) ეს არ სჯეროდათ და უარყოფდნენ.

ქათადა, სუდდი, ზაიდ ბინ ასლამი, მალიქი და იბნ ზაიდი ამ აიათს შემდეგნაირად განმარტავს: „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ ალლაჰთან დაგვაახლოვონ და მის წინაშე შუამდგომლობა გაგვიწიონ.“

სწორედ ეს იყო (და არის) მუშრიქების მრწამსი, მაშინ, როცა ყოველი შუამავალი მოვიდა იმისათვის, რომ გაენადგურებინა მსგავსი მრწამსი და ებრძანებინა თაყვანისცემა, რომელიც მიმართული იქნებოდა (თანაზიარის დაყენების გარეშე) მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისკენ. მათ (ყოველმა შუამავალმა) აცნობეს ხალხს, რომ უზენაესმა ალლაჰმა მსგავსი ქმედება აკრძალა, მსგავსი ქმედებისგან უკმაყოფილოა და მას არ მიიღებდა:
„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს...“

„21/25. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!““
„უეჭველად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ.“ - სიკვდილის შემდეგ, გაცოცხლების დროს უზენაესი ალლაჰი განსჯის მათ შორის, ჭეშმარიტებას სიცრუისგან განასხვავებს და ყველას მისცემს იმის სამაგიეროს, რაც დაიმსახურეს.

„34/40. იმ დღეს იგი შეკრებს ყველას უკლებლივ და ეტყვის ანგელოზებს: „ესენი გცემდნენ თქვენ თაყვანს?“
41. თქვეს: „დიდება შენდა! ჩვენი მფარველი ისინი კი არა, შენ ხარ. არა ისინი ეთაყვანებოდნენ ჯინებს და უმრავლესობამ მათგან ისინი ირწმუნა!““

„უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მატყუარა ქააფირია!“ - აიათის მნიშვნელობა შემდეგია: ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე არ დაადგენს მას, ვინც ალლაჰს ცილი დასწამა და გულით უარყო ის ჭეშმარიტება, რომელიც უზენაესმა მოავლინა.
შემდეგ აიათში უზენაესი ალლაჰი გვამცნობს მუშრიქებზე, რომლებიც ანგელოზებს ეთაყვანებოდნენ, იუდეველებზე, რომლებიც ‘უზაირ’-ს განადიდებდნენ და ქრისტიანებზე, რომლებმაც ‘’ისა’ ღვთაებად დაიყენეს: „ალლაჰს, რომ ენება დადგენა ძისა, უთუოდ, აირჩევდა გაჩენილებისგან იმას, რაც ნებავს.“ - ანუ, ალლაჰს, რომ მსგავსი ნდომებოდა, მაშინ მათ მიერ ნათქვამის განსხვავებულად მოიქცეოდა. თუმცა ეს არის პირობა, რომელიც ნებადართულობას და შესრულებას არ საჭიროებს. უფრო მეტიც, ეს შეუძლებელია. აიათის ამ სიტყვებით მოხსენება იმის მანიშნებელია, თუ რაოდენ ჯაჰილები (უვიცები) არიან. ამ აიათის ფორმა მსგავსია სხვა აიათის გადმოცემის ფორმისა, სადაც უზენაესი ბრძანებს:

„21/17. ჩვენ რომ გართობის დადგენა გვდომებოდა, უთუოდ, მას ჩვენი წიაღიდან დავიდგენდით. ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, ასე მოვიქცეოდით!“

„43/81. უთხარი: „რომ ჰყოლოდა მოწყალეს ძე, მაშინ მე პირველი ვცემდი თაყვანს.““

ყველა ეს გადმოცემის ფორმა ერთმანეთის მსგავსია. მოსაუბრის მიერ წამოყენებული პირობის დაკავშირება შეუძლებელთან, საუბრის ერთ-ერთი ფორმაა.

„დიდება შენდა (იგი შორს დგას ამისგან)! იგი ალლაჰია, ერთადერთი, ყოვლისშემძლე!“ - ანუ, ის შორსაა იმისგან, რომ შვილი ჰყავდეს. უზენაესია, რადგან ის ერთადერთია, შეუდარებელია. ყველა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ის (ალლაჰი) კი არავისზე და არაფერზე არაა დამოკიდებული. ის არის ერთადერთი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ემორჩილება. შორს არის იმისგან, რასაც ქააფირები და მუშრიქები მის შესახებ ამბობენ.