24 May 2018

24. სურა ნურ აიათი 14-15 - პიროვნებები, რომლებიც ცოდნის გარეშე საუბრობენ

24/14. და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი სააქაოშიც და საიქიოშიც, უთუოდ შეგეხებოდათ უდიდესი სასჯელი იმისათვის, რაშიც ყელამდე იყავით ჩაფლულნი.
15. აკი იკვლევდით! თქვენი ენით და ბაგეებით ამბობთ იმას, რისი ცოდნაც არ გაგაჩნიათ, და ფიქრობთ, რომ ეს საქციელი უმნიშვნელოა, არადა ალლაჰის წინაშე ეს დიდი ცოდვაა!

განმარტება:
ჰეი თქვენ, რომელნიც აიშას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შესახებ ცუდს ამბობდით: „რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი სააქაოშიც და საიქიოშიც, უთუოდ შეგეხებოდათ უდიდესი სასჯელი იმისათვის, რაშიც ყელამდე იყავით ჩაფლულნი.“ ეს ეხებათ იმათ, რომელნიც მორწმუნენი არიან და რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ მოენანიებინათ ის, რაც ჩაიდინეს.

ამ აიათში არ იგულისხმებიან ისეთი მუნააყიფები, როგორებიც აბდულლაჰ ბინ უბაიი ბინ სალულ-ი და სხვები არიან, რომლებმაც შუამავლის ცოლს ცილი დასწამეს. არ იგულისხმებიან, რადგან მათ არ გააჩნიათ რწმენა იმისა, რომ ჩადენილი ცოდვა მოინანიონ ან გააბათილონ (კარგი საქმეებით). განსაზღვრული ქმედების შესახებ მოვლენილი მუქარის მდგომარეობა ამდაგვარია: ჩადენილი ცოდვის პატიება გულწრფელი მონანიების შემდეგაა შესაძლებელი. თუ არ იქნება მონანიება, პიროვნების მიერ გაკეთებული კარგი საქმეები ჩაითვლება ისე, თითქოსდა არ გაკეთებულა. ხოლო მუნააფიყებს, მათ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო, მოვლენილი მუქარის გასაუქმებლად, საკმარისი არც რწმენა და არც საქმე არ გააჩნიათ.

„აკი იკვლევდით!“ - მუჯაჰიდმა და საიდ ბინ ჯუბაირმა თქვეს: ამ სიტყვებში შედის სიტყვები, როგორიცაა: „მე ეს სიტყვები ამა და ამისგან გავიგონე“, „ვიღაცამ ასე თქვა“, „ზოგიერთი ასე ამბობს..და ა.შ“

„თქვენი ენით და ბაგეებით ამბობთ იმას, რისი ცოდნაც არ გაგაჩნიათ,“ - ამბობდით იმას, რისი ცოდნაც არ გქონდათ.

„ფიქრობთ, რომ ეს საქციელი უმნიშვნელოა, არადა ალლაჰის წინაშე ეს დიდი ცოდვაა!“ - ანუ, თქვენ გეგონათ, რომ მორწმუნეების დედაზე ასეთი სიტყვების თქმა უმნიშვნელო იყო. თქვენი ეს სიტყვები შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ცოლის მიმართ, რომც არ ყოფილიყო მიმართული, უმნიშვნელო მაინც არ იქნებოდა. და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მდგომარეობა მაშინ, როცა ეს სიტყვები შუამავალს ცოლს აკადრეს?! - უეჭველად, შუამავლის ცოლზე მსგავსი სიტყვების თქმა ძალიან დიდი საქმეა. უეჭველად უზენაესი ალლაჰი ამას არ მოითმენს. როგორ მოხდა და ასეთი რამ შუამავლის ცოლზე იფიქრეთ?! ამის გამო უზენაესი ბრძანებს: „ფიქრობთ, რომ ეს საქციელი უმნიშვნელოა, არადა ალლაჰის წინაშე ეს დიდი ცოდვაა!“

ბუჰარი და მუსლიმი საჰიჰში გადმოგვცემს: „უეჭველად, ადამიანი დაუფიქრებლად იტყვის სიტყვას, რის გამოც ალლაჰის რისხვას დაიმსახურებს და ამ სიტყვის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში გაეხვევა.“ სხვა გადმოცემაში ნათქვამია: „უეჭველად, ადამიანი დაუფიქრებლად იტყვის სიტყვას, რის გამოც ალლაჰის კმაყოფილებას დაიმსახურებს. ასევე დაუფიქრებლად იტყვის სიტყვას, რის გამოც ალლაჰის რისხვას დაიმსახურებს და ჯოჯოხეთის ცეცხლში გაეხვევა.“1(Buhari, 6478; Müslim, 2988).