23 May 2018

4. სურა ნისა აიათი 144-147 - ურწმუნოები მეგობრად არ აიყვანოთ

4/144. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!
145. უეჭველად, თვალთმაქცები ცეცხლის უფსკრულში (1) (ჯოჯოხეთის ყველაზე ქვედა ფენაში) იქნებიან და ვერ მოუნახო შენ მათ შემწე,
146. გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოასწორეს თავიანთი სული, მიეჯაჭვნენ ალლაჰს, და გამოასწორეს რწმენა ალლაჰისადმი! აი, ეგენი არიან მორწმუნეებთან ერთად. ხოლო სულ მალე ალლაჰი მიუძღვნის მორწმუნეებს უდიდეს ჯილდოს!
147. რატომ დაგსაჯოთ ალლაჰმა თქვენ, თუ იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ! და ალლაჰი ხომ მომმადლებელია, ყოვლისმცოდნეა!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ქააფირებთან მეგობრობას, მათთან ახლო ურთიერთობას, მათ მიმართ სიყვარულს, მუსლიმის კუთვნილი საიდუმლოების მათზე შეტყობინებას უკრძალავს. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „3/28. არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა მისაქციელი (ფინიში).“ (ამ აიათის თაფსირი უკვე გავაზიარეთ), ანუ ალლაჰი გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ მის აკრძალვას თუ დაარღვევთ დაგსჯით, რის გამოც ალლაჰი ბრძანებს: „განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!“, ანუ გსურთ, რომ ალლაჰს საკუთარი თავის წინააღმდეგ დამამტკიცებელი საბუთი მისცეთ?!

ჯოჯოხეთში მუნააფიყების ადგილი

უზენაესი ალლაჰი შემდეგ გვაცნობებს: „უეჭველად, თვალთმაქცები“ მათი ქუფრის გამო აღსდგომის დღეს „ცეცხლის უფსკრულში (1) (ჯოჯოხეთის ყველაზე ქვედა ფენაში) იქნებიან“. იბნ აბუ ჰათიმ-ი აბუ ჰურაირასგან ამ სიტყვების „ცეცხლის უფსკრულში (1) (ჯოჯოხეთის ყველაზე ქვედა ფენაში) იქნებიან“ განმარტებას გადმოგვცემს: „ეს ის ადგილია, რომლის ზედა და ქვედა ნაწილი დალუქულია და რომლის ზემოთაც და ქვემოთაც ცეცხლია.“

მონანიების კარები მუნააფიყებისთვისაც გახსნილია

უზენაესი ალლაჰი შემდეგ გვაცნობებს იმას, რომ თუ ისინი (მუნააფიყები) სიკვდილამდე მოინანიებენ თავის დანაშაულს და გამოსწორდებიან, ალლაჰი მათ შეიწყალებს: „გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოასწორეს თავიანთი სული, მიეჯაჭვნენ ალლაჰს, და გამოასწორეს რწმენა ალლაჰისადმი!“, ანუ მუნააფიყობას თავს თუ დაანებებენ, ამელი ცოტაც რომ ჰქონდეთ, პატრონს (ამელის პატრონს) სარგებელს მაინც მისცემს.
იბნ აბუ ჰათიმი, მუაზ ბინ ჯაბალ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ღვთისმსახურებას გულწრფელად თუ შეასრულებ, ცოტა ამელიც საკმარისია (გადასარჩენად).“1(El-Mazan (5359), ჰადისის რეპუტაცია სუსტია).

„აი, ეგენი არიან მორწმუნეებთან ერთად“, ანუ აღსდგომის დღეს ისინი მორწმუნეებთან ერთად იქნებიან. „ხოლო სულ მალე ალლაჰი მიუძღვნის მორწმუნეებს უდიდეს ჯილდოს!“

უზენაესი ალლაჰი შემდეგ აიათში აცხადებს იმას, რომ მას არავინ სჭირდება და მორწმუნეები მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ცოდვების გამო ისჯებიან: „თუ იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ!“, ანუ თუ გამოსწორდებით, ალლაჰსა და მის შუამავალს თუ ირწმუნებთ „რატომ დაგსაჯოთ ალლაჰმა, და ალლაჰი ხომ მომმადლებელია, ყოვლისმცოდნეა!“, ანუ ვინც გულით ირწმუნებს, ალლაჰი მას უხვად დააჯილდოვებს.