14 June 2018

გამართლებული და ბიდ'ათი თავასსული


გამართლებული და ბიდათი თავასსული

ქება-დიდება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. სალამი და მშვიდობა შუამავალს, მის ოჯახს, საჰაბეს და ყველა მუსლიმს ერთად.
აჰლი სუნნეთ ვა ჯამაათის აზრი ერთია იმასთან დაკავშირებით, რომ თავასსული ყურანითა და ჰადისებით გამართლებული და დაშვებულია. თუმცა, დღესდღეობით ზოგიერთი პიროვნების წარმოდგენაში თავასსულის საკითხმა სხვა, ყურანში და სუნნეთში მოცემულისგან განსხვავებული მნიშვნელობა და სახე მიიღო.
მსგავსმა პიროვნებებმა თავასსულის შესახებ ყურანში მოცემული აიათები სხვადასხვა მნიშვნელობით განმარტა, რომელიც ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) მეთოდს ცდება.
საკითხის სწორად გაგებისთვის საჭიროა შევხედოთ იმ მეთოდს, რა მეთოდითაც საჰაბეები და მათი შთამომავლები მოქმედებდნენ. ცნობილია ის, რომ ამ უმმეთის პირველი თაობა, რომელიც სალაფის სახელითაა ცნობილი, აიათებისა და ჰადისების გაგებაში ყველაზე დაწინაურებული საზოგადეობა იყო. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ადამიანთა შორის ყველაზე საუკეთესო ჩემს დროს მცხოვრებნი არიან. მათ შემდეგ კი მათი შვილები. მათ შემდეგ კი მათი შვილები...“[1]
მას ვისაც ალლაჰისა და აჰირეთის დღის სწამს, საკუთარ ნება-სურვილზე დაყრდნობით საეჭვო საქმეების შესრულება უნდა მიატოვოს და სალაფების გზას უნდა გაჰყვეს. შევეცდებით განვმარტოთ ის, რაზეც მობიდაათე ხალხი საუბრობს. წარმატების მომცემი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია!

თავასსულის მნიშვნელობა

მისი ლექსიკური მნიშვნელობა შემდეგია: შემთხვევა, მოვლენა, გარემოება, მიზეზი, საბაბი. ვიღაცის ან რაღაცის საშუალებით სხვასთან დაახლოება. ვინმესთან ან რაიმესთან ახლოს ყოფნა. მისი სხვა მნიშვნელობა კი სულთანთან სიახლოვის ხარისხია.
შარიათულ ტერმინოლოგიაში მისი მნიშვნელობა შემდეგია: ალლაჰის წინაშე მაღალი საფეხურისა და ხარისხის მოპოვება, სარგებლის მიღების ან უბედურების აცილების მიზნით, ალლაჰზე და მის შუამავალზე მორჩილებითა და კარგი საქმის კეთებით ალლაჰთან ახლოს ყოფნა.
ალლაჰთან ახლოს ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ განსაზღვრულის შესრულებითაა შესაძლებელი.
ვასილა (საბაბი, მიზეზი) სამ საფუძველს ეყრდნობა:
1)            ის, ვისთანაც დაახლოებას ცდილობენ მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ალლაჰია.
2)            ის, ვინც დაახლოებას ცდილობს ანუ პიროვნება, რომელსაც თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურს.
3)            ალლაჰთან დაახლოების საშუალება, რაშიც კარგი საქმეები (ამელი) შედის.

თავასსულის სარგებლიანობისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო პირობები

1)            პიროვნება, რომელიც ალლაჰთან დაახლოებას ცდილობს მორწმუნე უნდა იყოს და ალლაჰის კანონები არ უნდა დაარღვიოს.
2)            ამელი (საქმე) რომლის საშუალებითაც ალლაჰთან დაახლოება ხდება, ალლაჰის ნებადართული ამელებიდან უნდა იყოს.
3)            შესრულებული საქმე (ისლამში) დაშვებული და ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) სუნნეთის შესაბამისი უნდა იყოს. ამელი სუნნეთის გაუქმების ან რაღაცის დამატების პირობით არ უნდა შესრულდეს.
აქედან გამომდინარე, არამუსლიმის ამელითა და პიროვნების მიერ ბიდააათების შესრულებით ალლაჰთან დაახლოება შეუძლებელია.

თავასსულის სახეობები

1)            დასაშვები თავასსული და
2)            ბიდათი თავასსული.

1-       დასაშვები თავასსული:
სიტყვით, საქმით ან რწმენით უზენაესი ალლაჰის მოსაწონი ფარძი ან მუსთეჰაბი ამელის შესრულებით ალლაჰთან ახლოს ყოფნაა.
მისი სახეობები:
a)        ალლაჰის კუთვნილი ლამაზი სახელებითა და თვისებებით ალლაჰთან დაახლოება:
მსგავსი თავასსული არსებულ თავასსულებს შორის ყველაზე კარგია. ამის დალილი ყურანის შემდეგი აიათია:
„7/180. ყველაზე საუკეთესო სახელები ალლაჰისაა. მაშ, შეევედრეთ მას ამით და განერიდეთ, რომელნიც მის სახელების შესახებ ჭეშმარიტებას ცვლიან. მალე მიეზღვებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდნენ!“
როგორც აიათშია მოცემული, ალლაჰის სახელებითა და თვისებებით ალლაჰის მოხსენება, უზენაესის მიერ მოწონებული ქმედებებიდანაა. სწორედ ამის გამო, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ალლაჰთან დაახლოების მიზნით ხშირად თავასსულის ამ კატეგორიას იყენებდა.
ჩვენი მიზანი და მოვალეობა ალლაჰთან იმ ფორმით დაახლოებაა, რა ფორმითაც მისი შუამავალი (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ), საჰაბეები და მათი შვილები ალლაჰს უახლოვდებოდნენ.
b)       კარგი ამელით თავასსული:
ამის მაგალითი შემდეგია: „ჩემო ალლაჰო! ჩემი შენს მიმართ რწმენის, შენი შუამავლისადმი (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) სიყვარულისა და დაჯერების საფუძველზე, შენგან სიმშვიდეს ვითხოვ.“
ასევე, პიროვნების მიერ შესრულებული ნამაზი, მარხვა, ჯიჰადი, ყურანის კითხვა, ზიქრი, ისთიღფარი, კარგი საქმეების კეთება, ჰარამი საქმეებისგან შორს ყოფნა და მსგავსი... ალლაჰთან სიახლოვის ძებნაა. ამის დალილად შეგვიძლია ყურანის აიათი მოვიყვანოთ:
„3/16. ისინი, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ ვიწამეთ, მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი და დაგვიფარე ჯოჯოხეთის მტანჯველი ცეცხლისგან.“
სუნნეთიდან დალილად შეგვიძლია მაღაროს ხალხის ამბავი მოვიყვანოთ. ამბის მიხედვით, წარსულში მცხოვრები მუსლიმთა თემის სამმა პიროვნებამ ცუდი ამინდის გამო თავი მაღაროს შეაფარა. მაღაროში შესვლის შემდეგ კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც გასასვლელი ჩაიკეტა. სამმა პიროვნებამ კი მათ მიერ შესრულებული კარგი ამელებით თავასსული გააკეთეს და ალლაჰისგან დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც უზენაესმა ალლაჰმა გასასვლელი გზა გაუხსნა.[2]
c)        მორწმუნე პიროვნების მიერ გაკეთებული ვედრებით თავასსული:
ალლაჰის მსახური გასაჭირში თუ ჩავარდება, მას შეუძლია მორწმუნე ძმისგან ვედრება ითხოვოს (ანუ მის მორწმუნე ძმას სთხოვს, რომ ალლაჰს მისთვის ვედრება გაუკეთოს). მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი პიროვნება მუვაჰიდი (ერთღმერთიანი) უნდა იყოს. ამის დალილი შემდეგია: უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„59/10. და რომელნიც მოვიდნენ მათ შემდგომ, ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი და ჩვენი ძმების, რომელთაც ჩვენ გაგვასწრეს რწმენით. და არ ჩაგვინერგო გულებში შური იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს. ღმერთო ჩვენო, უეჭველად, შენ ლმობიერი და მწყალობელი ხარ!
სუნნეთიდან დალილი შემდეგია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუსლიმის მიერ სხვა მუსლიმისთვის შესრულებული ვედრება მიღებული იქნება.“3(Müslim).
სხვა ჰადისში ანას ბინ მალიქი გადმოგვცემს: „სიდუხჭირის დროს ომერი, აბბას ბინ აბდულმუტტალიბთან ერთად გარეთ გავიდა და ალლაჰს შემდეგნაირად შეევედრა: ‘ჩემო ალლაჰო! მაშინ, როცა შუამავალი ცოცხალი იყო, მასთან ერთად შენ გთხოვდით, შენც წყალობად წვიმას მოგვივლენდი. ახლა შუამავალი ცოცხალი აღარ არის და მის ბიძასთან ერთად შენ გთხოვთ. მოგვივლინე წვიმა.’ გადმომცემი ამბობს, რომ ამ ვედრების შემდეგ ალლაჰმა წვიმა გარდმოავლინა.“[3]
ომარ ბინ ჰატტაბის (რადიალლაჰუანჰ) სიტყვების მნიშვნელობა შემდეგია: „ჩვენ ალლაჰის შუამავალს (სალლლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ვთხოვდით, რომ ალლაჰისთვის წვიმა ეთხოვა, ამგვარად მისი ვედრებით ალლაჰთან დაახლოებას ვგულისხმობდით. ახლა კი ის, როცა გარდაიცვალა, ჩვენთვის დუას ვეღარ გააკეთებს, რის გამოც მისი ბიძისგან ჩვენთვის ვედრების გაკეთებას ვითხოვთ.“

დასაშვები თავასსულის სახეობები ესენია. ამის გარდა, თავასსულის სხვა სახეობა მიუღებელი და უსაბუთოა. ალლაჰის სახელებითა და თვისებებით, რწმენითა და თაუჰიდით თავასსული ფარძი, კარგი საქმეებითა და სარწმუნო პიროვნებების მიერ შესრულებული ვედრებით თავასსული კი მუსთეჰაბია (მოსაწონია). ყოველმა მუსლიმმა გასაჭირისა და სიდუხჭირის დროს, ალლაჰის შიშით, მისგან სიმორცხვის გრძნობითა და მასზე თაყვანისცემის მიზნით, დასაშვები თავასსულის სახეობებით უნდა იმოქმედოს.

ბიდათი თავასსული და მისი სახეობები

ალლაჰის მიერ მოუწონარი სიტყვით, საქმით და რწმენით უზენაეს ალლაჰთან დაახლოება, ბიდათ თავასსულს მიეკუთვნება.
ისინი, ვინც მსგავსი თავასსულით არიან დაკავებულნი, სხვა პიროვნებებს გზის აბნევით აჩვენებენ, რომ თითქოს ბიდათი თავასსული ალლაჰის მიერ დადგენილია, რის გამოც მათი უბედურებების მიზეზი ხდებიან.
ახლა კი ბიდათი თავასსულის ზოგიერთი სახეობა განვმარტოთ:
a)        ვიღაცის ხსოვნით (სახელით, სტატუსით) ალლაჰთან დაახლოება
ამის მაგალითია: „ჩემო ალლაჰო! შუამავლის ან ვინმეს გულისთვის შენგან ვითხოვ.“
მსგავსი თავასსული ისლამში არ არსებობს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„6/38..ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვიტოვებია..“
აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ტუალეტში შესვლის წესიც კი გვასწავლა.“[4] ხოლო მსგავსი თავასსული სუნნეთში არ არის.
ასევე, მსგავსი თავასსულის სახეობა საჰაბეების ცხოვრებაშიც კი არ გვხვდება. ის, რასაც ისლამი გვიბრძანებს არის ის, რომ ალლაჰთან დაახლოება მისი უზენაესი სახელებითა და თვისებებითაა შესაძლებელი. მსგავს ბიდათ სახეობაში პიროვნებას თუ სჯერა, რომ ალლაჰთან დასაახლოებლად სულთნები, მეფეები ან სხვა პიროვნებებია საჭირო, მაშინ მათი ასეთი რწმენა დიდ ქუფრს მიეკუთვნება, რადგან მსგავსი ქმედებით ადამიანი უზენაეს ალლაჰს (მის მიერ) შექმნილს ამსგავსებს. მსგავსი შედარება ძალიან ცუდი შედარებაა, რადგან უზენაესი ალლაჰის მის ქმნილებებზე შედარება არ შეიძლება. იმისათვის რომ უზენაესმა ალლაჰმა ვიღაც მოიწონოს ან დასაჯოს შუამდგომელი არ სჭირდება. ანგელოზი, შუამავალი ან სხვა.. ვინც არ უნდა იყოს უზენაესი ალლაჰის ტოლი ვერასდროს ვერ იქნება, მათი ალლაჰზე შედარება შეუძლებელია. ყველაფერი შექმნილი ალლაჰზეა დამოკიდებული, ხოლო შემქმნელი (ალლაჰი) არავისზე არ არის დამოკიდებული. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„16/73. და ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა სხვას, რომელთაც არ ხელეწიფებათ მათთვის სარჩოს მიცემა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, და არ შეუძლიათ მათ.
74. არავინ შეადაროთ ალლაჰს! უეჭველად, ალლაჰი უწყის, და თქვენ არ უწყით!“
სწორედ ამის გამო საჰაბეები შუამავლის გარდაცვალების შემდეგ, (შუამავალს) არა და მის ბიძას სთხოვთდნენ ვედრების შესრულებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მისი ბიძის გულისთვის ალლაჰს სთხოვდნენ.
ვედრების მსგავსი სახეობა ბიდათია. მათ მსგავსი დუისთვის არ მიუმართიათ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ მსგავსი რამ არც ალლაჰის წინგში და არც ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) სუნნეთში არ იყო.
შუამავლის სიკვდილის შემდეგი, ვინმესთვის მსგავსი თავასსული (ვიღაცის ხსოვნისთვის-გულისთვის თავასსული) მიღებული, რომ ყოფილიყო, ყველაზე პირველად მსგავს ადგილს ალლაჰის შუამავალი დაიჭერდა. თავასსულის მსგავსი ფორმა, მუშრიქ მექქელებზე დამსგავსებაა.
„39/3. კარგად შეიმეცნეთ, ხალასი რწმენა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის! ხოლო რომელთაც აიყვანეს მის გარდა მეგობრები, (ამბობენ) „არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად“...“
დაჯერება და რწმენა იმისა, რომ სარგებლის მოტანა და ბოროტების თავიდან აცილება ალლაჰის რომელიმე ქმნილებას შეუძლია, დიდი შირქის ერთ-ერთი სახეობაა. მსგავს ქმედებას ადამიანი ისლამიდან გაჰყავს.
b)       გარდაცვლილ ევლიების ან მორწმუნე პიროვნებების მოხმობა, მათზე დახმარების თხოვნა და მათთვის შესაწირის შეწირვა
მსგავსი რამ ალლაჰის რელიგიაში არ არსებობს. ეს საქციელი თაუჰიდის დამანგრეველი დიდი შირქია. ამის მაგალითი შემდეგი სიტყვებია: „ჰეი ჩემო შეიხო! დამეხმარე მე და ამაშორე სიავე.“ გარდაცვლილისთვის შესაწირის შეწირვაც მსგავსია. მაგალითად ვიღაცამ, რომ თქვას: „ჰეი ჩემო შეიხო! ალლაჰმა თუ ბარაქა მომცა... ან ესა და ეს სურვილი თუ ამისრულდა...შენთვის ამასა და ამას გავაკეთებ, შესაწირს შევწირავ.“
მსავსი ქმედებები, როგორიცაა დუა (ვედრება) და შესაწირის შეწირვა, მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ალლაჰისთვის სრულდება, ხოლო ზემოთ ხსენებული ღვთისმსახურებანი ალლაჰის გარდა სხვისთვის თუ სრულდება, მაშინ ეს დიდი შირქია, რაც ისლამში მიღებული არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„6/136. და მაგათ (1) (მექას წარმართებმა) წილი დაუდგინეს ალლაჰს იმისაგან, რაც ნათესი და საქონელი მას გაუჩენია, და თქვეს: „ეს ალლაჰისთვის“, მათი გაგებით, „ხოლო ეს ჩვენი კერპებისთვის.“ მაგრამ, რაც მათი კერპებისაა, არ მიდის ის ალლაჰთან, და რაც ალლაჰისაა, მათ კერპებთან მიდის ის. და რა ცუდია ის, რასაც ადგენენ ისინი!“
ალლაჰის გარდა სხვისი მოხმობა, მათზე ვედრების გაკეთება და სასაფლაოს შიგნით სანთლების დანთება (რომლებსაც დღეს ბევრი ისლამის სახელით ასრულებს) არც შუამავლის და არც სალაფების გზა არ არის, პირიქით მსგავსი, რამ ისლამის საწინააღმდეგო ქმედებაა. მათ სჯეროდათ და სწამდათ, რომ დუა (ვედრება) მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი ალლაჰის მიმართ სრულდება. მსგავსი ამ აიათისა:
„2/186. და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!“
ასევე, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰიალეიჰი ვა სალლამ) გვამცნო, რომ: „დუა (ვედრება) ღვთისმსახურებაა.“[5]
მაშინ, როცა დუა (ვედრება) ღვთისსამხურებაა, როგორ შეიძლება ალლაჰის გარდა სხვის მიმართ დუის შესრულება?
„35/14. თუკი მოუხმობთ მათ, არ ესმით თქვენი ვედრება, და რომც გაიგონ, ვერ გიპასუხებენ. ხოლო აღდგომის დღეს უარყოფენ თქვენს მრავალღმერთიანობას. და ვერ გამცნობს შენ (2) (, მუჰამმედ) ისე, როგორც ყოვლისმცოდნე!“
უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი ქმედება თაუჰიდის, ალლაჰის შუამავლის მიერ მოტანილის (რომელიც ალლაჰიდან ებოძა) საწინააღმდეგოა. შუამავლების მისია შირქის გაუქმება და ერთღმერთიანობის აღდგენა იყო. მათ გვასწავლეს, რომ ამელი (ქმედება) ალლაჰის წინაშე მიღებული რომ იყოს, შემდეგი ორი პირობა უნდა შესრულდეს:
1)            ამელი კარგი (ანუ სუნნეთისა) და
2)            ალლაჰის შარიათის შესაბამისი უნდა იყოს.
უზენაესი ალლაჰი შირქის გარდა, დანარჩენ ყველა ცოდვას მიუტევებს.
„4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!“
c)        ევლიების სულისთვის შესაწირის შეწირვა და მათი საფლავებისადმი პატივისცემა
დღევანდელი მობიდათეებისა და ჯააჰილების მიერ შესრულებული ქმედებებიდან ზოგიერთი შემდეგია: ევლიების საფლავებთან შესაწირის შეწირვა, განსაზღვრულ დროებში მათი საფლავების მონახულება და მათზე პატივისცემის გამოხატვა, გამოჯანმრთელების მიზნით ავადმყოფების მათთან მიყვანა, მათგან შუამდგომლობის მოთხოვნა, მათზე ვედრება, იმედის დამყარება და .. მსგავსი ბიდათი ქმედებებით ისინი ალლაჰს თანაზიარს უდგენენ, რომელიც ისლამის საფუძველში არ არის. ყურანში უზენაესი ალლაჰი მსგავსი საქმეებისგან ადამიანებს შემდეგნაირად აფრთხილებს:
„4/36. თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ გაუხადოთ თანაზიარი მას...“
„2/22.. დაე, შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი!“
არ არის განსხვავება შირქის შემსრულებელსა და მასზე კმაყოფილების გამომხატველს შორის. დაე ალლაჰმა მსგავსი საქმეებისგან დაგვიფაროს.
მობიდაათე ხალხმა ნებადართული თავასსული (რომლის საფუძველი ყურანი და სუნნეთია) მიატოვა, რის შემდეგაც ალლაჰთან დაახლოებას თავიანთი გამოგონილი ვედრებებითა და ბიდათი თავასსულით ცდილობენ. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ თავასსულის ისეთი სახეობაა სასარგებლო, რომელსაც ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალამ) და მისი საჰაბეები ასრულებდნენ.
„2/61... „ნუთუ ითხოვთ უარესით შეცვალოს ის, რაც უკეთესია?..“

მიზეზი, რის გამოც პიროვნებები თავასსულის საკითხში ცდებიან


1)       ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მიბაძვაა.
მიბაძვა ხდება მაშინ, როცა ერთი ადამიანი სხვა მეორე პიროვნებას ყოველი დალილის გარეშე ბაძავს.
შარიათის მიხედვით მსგავსად მოქმედება არასწორი და ჰარამია. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„5/104. როცა მათ ეუბნებიან: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან, პასუხობენ: ჩვენ ისიც გვყოფნის, რაც ვპოვეთ ჩვენს მამებთან (წინაპრებთან). მაგრამ ხომ შეიძლებოდა მათ მამებს არაფერი სცოდნოდათ და ყოფილიყვნენ არასწორ გზაზე?“
სალაფების სწავლულები და იმამები ადამიანებს მსგავსი ქმედების შესრულებისგან აფრთხილებდნენ. მიბაძვა წინააღმდეგობის, სისუსტისა და საფების გაყოფის მიზეზია. ოთხი იმამი ალლაჰის შუამავლის სიტყვას როგორც კი გაიგონებდნენ, საკუთარ არასწორ მოსაზრებებს ეგრევე შუამავლის სიტყვებით ცვლიდნენ, ასევე სხვა პიროვნებებსაც აფრთხილებდნენ, რომ მათზე დალილების გარეშე არ მიებაძათ, არ გაჰყოლოდნენ, რაც მათ მიერ შემდეგი აიათის საფუძვლიანად გაგების გამოხატულებაა:
„7/3. (უთხარი მათ) გაჰყევით იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენ თქვენი ღმერთისგან (1) (წმინდა ყურანი) და არ დაიდგინოთ მის გარდა მეგობარი და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა.“
2)       კონკრეტული საკითხის განხილვის დროს ზოგიერთი აიათისა და ჰადისის გამოყენება, ზოგიერთის კი გამოუყენებლობა.
ამასთან ერთად, მათ მიერ დალილად მოყვანილი აიათები და ჰადისები, შეიძლება მათი შეხედულებების დამამტკიცებელი საბუთი სულაც არ იყოს.
ცნობილია ის, რომ ისინი დალილებს სწორ განმარტებას არ აძლევენ ან იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც სინამდვილეშია. მსგავსი ამ აიათისა:
„5/35. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის, და ეძიებდეთ მასთან საშუალებას (1) (რომელიც ალლაჰთან დაგაახლოებთ ), და იბრძოლეთ მის (ალლაჰის) გზაზე (2) (რელიგიის გასავრცელებლად, რათა აღმოიფხვრას დედამიწაზე ურჯულოება და უკეთურება). ეგების გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ!“
აიათში მოცემული სიტყვავასილა“ (საშუალები)- მნიშვნელობა შემდეგია: „მოსაწონი და ისლამში დაშვებული საქმეების შესრულებით ალლაჰთან დაახლოება.“ ამ თემასთან დაკავშირებით აიათის განმმარტებელთა შორის სხვადასხვა აზრი არ არის. ზოგიერთ პიროვნებას, ეს აიათი მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოსდა ალლაჰის გარდა სხვაზე იმედის დამყარება დაშვებულია. მსგავსი ქმედება უზენაესი ალლაჰის სიტყვის დამახინჯებაა. როგორც ვთქვით, აიათის განმმარტებელთა ერთიანი აზრით, ვასილა (რომელზეც უზენაესმა ალლაჰმა ნება დართო) შარიათის შესაბამისი ქმედებებით ალლაჰთან დაახლოების სურვილია.
3)            სუსტი და გამოგონილი ჰადისებით მოქმედება
შეგვიძლია მაგალითისთვის რამოდენიმე მათგანი მოვიყვანოთ:
ჩემი სტატუსით თავასსული გააკეთეთ. უეჭველად ჩემი ხარისხი ალლაჰის წინაშე დიდია.“ ეს ჰადისი გამოგონილი და ცრუა.
ადამმა (‘ალეისალამ) ცოდვის ჩადენის შემდეგ თქვა: ‘ჩემო ალლაჰო! მუჰამმადის ხათრისთვის გთხოვ, რომ მაპატიო.’ ამის შემდეგ ალლაჰმა ჰკითხა: ‘ჰეი ადამ! მაშინ, როცა ჯერ ის (მუჰამმადი არ გამიჩენია) საიდან გაიგე მის შესახებ?’ ადამი (‘ალეისალამ) უპასუხებს: ‘ჩემო ალლაჰო! მაშინ, როცა მე შემქმენი და სული მიბოძე, მაღლა არშზე წავიკითხე სიტყვები, სადაც ეწერა: ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ მუჰამმადუნ რასულულლაჰ.’ მივხვდი, რომ შენ შენი სახელის გვერდით, მხოლოდ შენთვის ყველაზე საყვარელი პიროვნების სახელს დაწერდი.’ ამის შემდეგ ალლაჰმა ბრძანა: ‘მე შენ გაპატიე. მუჰამმადი, რომ არ ყოფილიყო შენ არ გაგაჩენდი.’“
იმამ ზაჰაბი ნაწარმოებში, რომლის სახელიამიზან“, ამბობს, რომ მსგავსი გადმოცემა გამოგონილი და ცრუა.
ვინც სახლიდან ნამაზის შესრულებისთვის გაეშურება და იტყვის: ‘ჩემო ალლაჰო! შენზე მავედრებლებისა და ჩემი ნაბიჯების ხათრისთვის შენგან ამასა და ამას ვითხოვ.’ სურვილი აუსრულდება.“ ეს ჰადისი სუსტია. იბნი თაიმიაა და ზაჰაბი ამ ჰადისს სუსტად მიიჩნევს.

ბოლო სიტყვა

ყოველი მუვაჰიდის (ერთღმერთიანის) მოვალეობაა, რომ გაუფრთხილდეს ისეთი ბიდათი თავასსულის შესრულებას, რომელიც დიდ თუ პატარა შირქთან და ჰარამთან ახლოს არის. მსგავსი ქმედება ზღვარგადასულობაა და ვედრების მიუღებლობას, განულებას, გაუქმებას იწვევს, რადგან უზენაესი ალლაჰი მხოლოდ შარიათის შესაბამისად შესრულებულ ვედრებებს მიიღებს.
ასევე, ყოველმა მუსლიმმა უნდა შეეცადოს, რომ ვედრებანი ყურანიდან და სუნნეთიდან შეისწავლოს. ამგვარი საქციელი ვედრების მიღების მხრივ ყველაზე სანდოა, თან პიროვნებას მადლს შეჰმატებს.
ჩემო ალლაჰო! შენი ლამაზი სახელებითა და უზენაესი თვისებებით, შენს მიმართ ჩვენი რწმენით, შენი შუამავლისადმი ჩვენი სიყვარულითა და მის სუნნეთზე მორჩილებით, ჩვენი შესრულებული სანდო საქმეებითა და მუსლიმების ვედრებით შენთან სიახლოვეს ველით, დაე არ აგვაცილო შუამავლის გზიდან, გაგვხადე ისეთი მუვაჰიდები, რომლებიც ჭეშმარიტ გზას არასდროს აცდებიან. წილი გვარგუნე, რომ შენს მტრებზე გამარჯვება მოვიპოვოთ და შენი რელიგია, ისლამი განვადიდოთ (გავაძლიეროთ, პირველ ადგილზე ავიყვანოთ).







[1] ბუჰარი
[2] ბუჰარი და მუსლიმ
[3] მუსლიმ
[4] მუსლიმ
[5] თირმიზი