31 August 2019

ალლაჰი ყურანში საკუთარ თავს მრავლობით ფორმაში რატომ წარმოგვიჩენს?

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც წმინდად იცავს მონოთეიზმის ანუ ერთი სათაყვანო ობიექტის მიმართ თაყვანისცემის პრინციპებს. სხვა დანარჩენ რელიგიაშ ყოველთვის ვაწყდებით უშუალოდ ღმერთების სიმრავლეს ან კიდევ სეთ ობიექტებს, რომლებსაც ღმერთებად არ აღიქვამენ ამ რელიგიის მიმდევრები, თუმცა მიაჩნიათ, რომ თაყვანისცემას და ვედრებას ისინიც იმსახურებენ. მათ სწამთ, რომ ასეთ ობიექტებს შეუძლიათ მათი შველა და დახმარება, რის გამოც ხშირად საშველად ღმერთის ნაცვლად მათ მიმართავენ. ისლამის თვალსაზრისით ასეთი სათაყვანო ობიექტებიც ცრუ ღმერთებად ან ქვეღმერთებად ითვლებიან, რადგანაც ისეთ დამოკიდებულებებს ავლენენ მათ მიმართ, რასაც მხოლოდ ერთადერთი ღმერთი იმსახურებს.
ქრისტიანობაში არსებული სამება, წმინდანთა კულტი, ხატთა თაყვანისცემა და მსგავსი საკითხები არღვევს მონოთეიზმის პრინციპებს, რაც თაყვანისცემის, სასოების, მშველელად მოხმობის თუ ღმერთისთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტების სხვა სათაყვანო ობიექტებზე გადანაწილებაში მჟღავნდება.
სამების გასამართლებლად ყურანში რაიმე ჩასაჭიდის ძიება ამაოა. თვით ბიბლიაშიც კი არსად არ არის გამოყენებული სიტყვასამება, ეს მხოლოდ რამდენიმე მუხლის სასურველი მიმართულებით ინტერპრეტირებასა და მრავლობით ნაცვალსახელებზე დაყრდნობით სასულიერო პირების მიერ შექმნილი ფორმულაა. ამ ფორმულის სიმართლე ქრისტიანებს შორის ჯერ კიდევ ყურანის ჩამოვლინებამდე იყო სადავო თემა. დღესაც არიან ისეთი ქრისტიანები, რომლებიც მსგავს შეხედულებას არ იზიარებენ.
მართალია ის, რომ უზენაესი ალლაჰი ყურანში საკუთარ თავს ხშირად აღნიშნავს პირველი პირის ნაცვალსახელით ჩვენ, თუმცა ეს არ გულისხმობს ღმერთის სიმრავლეს ან ღმერთის სამპიროვნულობას, როგორც ზოგიერთები აღნიშნავენ.
ყურანში გვაქვს აიათი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს სამებას. აქედან გამომდინარე, რა ლოგიკით უნდა განვმარტოთ ნაცვალსახელი ჩვენ სამების მინიშნებად? ამგვარი განმარტება არაობიეტური და სასურველი მიმართულებით დაკვეთილი ინტერპრეტაციაა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა.“ (მაიდე, 5/73.)
რაც შეეხება ნაცვალსახელ ჩვენ-ის სწორ ახსნას: მისი მნიშვნელობა არაბულ ენასა და ამ ენისთვის დამახასიათებელ თავისებურებაში უნდა ვეძიოთ. ყურანი არაბულ ენაზეა მოვლენილი. ნებისმიერი ტექსტის შესწავლა და გაანალიზება ორიგინალზე დაყრდნობით ხდება და არა თარგმანების მიხედვით. ისლამური ტრადიციის თანახმად არცერთი თარგმან არ არის ყურანი, რის გამოც ყურანის თარგმანებს ეწოდება ყურანის განმარტება, ყურანის შინაარსობრივი თარგმანი, ყურანის თარგმანი და მსგავსი სახელწოდებები. ყურანი უნიკალური მხოლოდ და მხოლოდ არაბულ ენაზეა, სხვა ნებისმიერი თარგმანი კრიტიკისთვის ღიაა. ვერცერთ თარგმანს ვერ ექნება უშეცდომობის პრეტენზია და ვერც იმით დაიკვეხნის ესა თუ ის თარგმანი, რომ მან სრულად გადმოსცა ყურანში ჩადებული სიბრძნე.
არაბული ენის თანახმად, როდესაც პირველი პირი საკუთარ თავს გამოხატავს მრავლობითი ნაცვალსახელით და ამბობს ჩვენ, ის ამით ხაზს უსვამს თავის სიძლიერეს, სიდიდეს, ძლევამოსილებასა და უდრეკელობას. ასეთი ფორმით საკუთარი თავის წარმოჩენას მიმართავენ მეფეები, იმპერატორები ან ისეთი პირები, ვისაც თავიანთი შესაძლებლობების წინა პლანზე წამოწევა სურთ. ეს არაბული ენისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რაც ყურანშიც აისახება. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით ერთი პიროვნების მხრიდან პირველი პირის მრავლობითი ნაცვალსახელის გამოყენება ასევე ინგლისურ და თურქულ ენებსაც ახასიათებს, რომლებსაც მეფეებისა და სულთნების საუბრებში და წერილებში უხვად გადავეყრებით ხოლმე. ასევე შეიძლება სხვა ენებსაც ახასიათებდეთ მსგავსი თავისებურებები... ენც, როდესაც ქართულად ვსაუბრობთ, უფროსებს ყოველთვის მივმართავთ მეორე პირის მრავლობითი ნაცვალსახელით და ვეუბნებით თქვენ, თუმცა ამით არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ერთზე მეტ პიროვნებას ვესაუბრებით. არცერთი საღად მოაზროვნე ამის საპირისპიროს მტკიცებას არ დაიწყებს. მიმართვის ასეთი ფორმით უფროსის წინაშე თავმდაბლობას ვიჩენთ, მას ვაგრძნობინებთ, რომ უფროსად ვცნობთ, პატივს ვცემთ და თავს არ ვუტოლებთ.
მსგავსი კითხვა პოლითეისტ არაბებსაც კი არ დაუსვამთ მუჰამმედ შუამავლისთვის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), რომელიც ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოუწოდებდა. მრავალღმერთიან არაბებს არ უთქვამთ მუჰამმედისთვის, რომ ჩვენ ერთზე მეტი ღმერთის თაყვანისცემას გვიკრძალავ, თუმცა შენი ღმერთი სიმრავლეზე გვესაუბრებაო. ისინი არაბები იყვნენ და ძალიან კარგად ესმოდათ თავიანთი ენის ბუნება და ხასიათი.
ასევე, ყურანში ხშირად გვხვდება მესამე პირის ნაცვალსახელი ის, რომელიც ალლაჰზე მიუთითებს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენება მისი მრავლობითი ფორმა ისინი. ეს იმიტომ, რომ აღნიშნულ ენას არ ახასიათებს მსგავსი გამოყენების პრაქტიკა, სადაც ერთი პიროვნება რაიმე მიზეზით აღინიშნებოდეს მესამე პირის ნაცვალსახელით. ამ შემთხვევაში, სადაც მესამე პირის ნაცვალსახელის მრავლობითი ფორმაა გამოყენებული, იქ აუცილებლად ერთზე მეტ პირზეა საუბარი. ალლაჰის შესახებ კი მსგავს ფორმას ვერსად ვერ წავაწყდებით, რადგანაც ისლამი ალლაჰის ერთადერთობას ქადაგებს.
რაც შეეხება მე-7 სურას მე-11 აიათს: ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ, მერე ჩვენ გამოვსახეთ თქვენი სახე.“ ამ აიათს არანაირი საერთო არ აქვს ბიბლიის დაბადების წიგნის პირველი თავის 26- მუხლთან, რომლის თანახმადაც ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსადაა გაჩენილი. როგორც ყველა არსებას გააჩნია თავისებური სახე და შესახედაობა, ასევე ადამიანსაც ღმერთმა მიანიჭა თავისებური სახე და შესახედაობა, თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: არაფერია მსგავსი მისი“ (შურა, 42/11).
დიდება მას! და იგი დიადი, უზენაესი და დიდებულია იმაზე, რასაც ისინი ამბობენ მის შესახებ! (ისრა, 17/43).