27 August 2019

ნაწილი 4. სამი საფუძველი და ოთხი ყაიდა

მეორე საფეხური: იმანი
იმანი 70-ზე მეტი ნაწილისგან შედგება. ყველაზე მაღალი არის ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’. ყველაზე დაბალი კი გზის დამაბრკოლებლებისგან გაწმენდაა. სიმორცხვეც იმანის ნაწილია.
იმანის პირობა ექვსია: ალლაჰის, ანგელოზების, წიგნების, შუამავლების, ყიამეთის (წარღვნის) დღისა და ბედისწერის დაჯერება.
პირველი ხუთი პირობის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია:
„2/177. სიკეთე მარტოოდენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს სახის მოპყრობით არ შემოიფარგლება. არამედ სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი და შუამავლები...“
ბედისწერის დაჯერების არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„54/49. უეჭველად, ჩვენ ყველაფერი გავაჩინეთ თანაზომიერებით.“
მესამე საფეხური: იჰსანი (ალლაჰზე გულწრფელად მსახურება)
იჰსანის ერთადერთი პირობა არსებობს: ალლაჰზე მსახურება ისე, თითქოს მას ხედავდე. შენ მას თუ ვერ ხედავ, ის შენ აუცილებლად გხედავს.
იჰსანის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია:
„16/128. უეჭველად, ალლაჰი მათთანაა, რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან და რომელნიც სიკეთის მქმნელნი არიან!“
ასევე: „26/217. და სასოებდე ძლევამოსილს, მწყალობელს,
218. რომელიც გხედავს, როცა (ლოცვად) დგები
219. და ქცევას შენსას მლოცველებს შორის!
220. უეჭველად, იგია ყოვლიმსმენი, ყოვლისმცოდნე!“
ასევე: „10/61. და რა მდგომარეობაშიც უნდა იყო და რასაც უნდა კითხულობდე ყურანიდან, და რა საქმითაც უნდა იყო დაკავებული, როგორც უნდა ჩაიძიროთ მასში, ჩვენ უთუოდ, მოწმედ ვართ თქვენდა.“
სუნნეთიდან არგუმენტი კი ცნობილი ჯიბრილის ჰადისია: ომარისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: „ერთხელ ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად როდესაც ვიმყოფებოდით, თეთრ სამოსში გახვეული შავთმიანი უცნობი კაცი მოვიდა, რომელსაც მგზავრობა არ ეტყობოდა. შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) წინ დაჯდა, მუხლები შუამავლის მუხლებს მიადო, ხელები საკუთარ მუხლებზე დაიწყო და შუამავალს უთხრა: ‘ჰეი მუჰამმედ, ისლამი განმიმარტე.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: ‘ისლამი არის: ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებლების უარყოფა და რწმუნება იმისა, რომ მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია, ნამაზის შესრულება, ზექათის გაცემა, რამაზნის თვეში მარხვა და შესაძლებლობის შემთხვევაში ქააბას მონახულება.’ კაცმა უთხა: ‘მართალს ამბობ.’ ჩვენთვის უცნაური იყო ის ფაქტი, რომ კაცი თან შეკითხვას სვამდა და თან პასუხობდა. კაცმა თქვა: ‘ახლა კი იმანი (რწმენა) განმიმარტე.’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: ‘ალლაჰის, ანგელოზების, წიგნების, შუამავლებისა და ახირეთის (იმქვეყნის არსებობის) რწმუნებაა. ასევე, ბედისწერის - ცუდისა თუ კარგის.’ კაცმა პასუხის სისწორე დაამოწმა და იკითხა: ‘იჰსანი რა არის?’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: ‘იჰსანი არის ღვთისმსახურება ისე, თითქოს ალლაჰს ხედავდე. შენ მას თუ ვერ ხედავ, ის შენ აუცილებლად გხედავს.’ კაცმა თქვა: ‘სწორია. ყიამეთი (წარღვნა) როდის იქნება?’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: ‘მოპასუხე კითხვის დამსმელზე მცოდნე არ არის.’ კაცმა უთხრა: ‘მაშინ მისი ნიშნები მითხარი.’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘ჯარიების[1] მიერ პატრონების დაბადება, ფეხშიშველი და ღარიბი მწყემსების მიერ მაღალი სახლების აშენებაში ერთმანეთზე ჯიბრი.’ კაცი უხმოდ წავიდა, მე კი რამოდენიმე ხანი ისე უბრალოდ გავჩერდი. შემდეგ კი, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მკითხა: ‘ჰეი ომარ, იცი ვინ იყო ის კაცი?’ მე ვუთხარი: ‘ალლაჰმა და მისმა შუამავალმა იციან.’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიპასუხა: ‘ის ჯიბრილი იყო. თქვენთან რელიგიის შესასწავლად მოვიდა.’“[2]



[1] ტყვე ქალი
[2] მუსლიმ, იმან 1, 5. ბუხარი, იმან 37; თირმიზი, იმან 4; აბუ დავუდ, სუნნეთ 16; ნესაი, მევაქით 6.