18 August 2019

ნაწილი 2. სამი საფუძველი და ოთხი ყაიდა


თუ გკითხავენ შემდეგს: „რა არის ის სამი საფუძველი, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს?“, მაშინ შემდეგნაირად უპასუხე: „ესენია: მსახურის მიერ ბატონ-პატრონი ალლაჰის, რელიგიისა და შუამავლის ცოდნა.“
პირველი: მსახურის მიერ ბატონ-პატრონი ალლაჰის ცოდნა
თუ გკითხავენ: „ვინ არის შენი რაბბი (ბატონ-პატრონი)?“
შემდეგნაირად უპასუხე: „თავისი წყალობით ჩემი და ყოველი ქმნილების მომმართველი ალლაჰია. ის ჩემი ღვთაებაა. მხოლოდ და მხოლოდ მას ვცემ თაყვანს.“
დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „1/1. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს,“
„‘ალემ“: ალლაჰის გარდა ყველაფერია. მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
თუ გკითხავენ: „რით შეიცანი ალლაჰი?“
უთხარი: „მისი აიათებითა და გაჩენილებით/ქმნილებებით. ღამე, დღე, მთვარე და მზე მისი აიათებიდანაა. შვიდი მიწა, შვიდი ცა, მათში არსებული და მათ შორის არსებული მის (ალლაჰის) ქმნილებათაგანია.
ამის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „41/37. და მისი სასწაულებიდანაა ღამე და დღე, მზე და მთვარე. არ აღავლინოთ სეჯდე არც მზისთვის და არც მთვარისთვის, სეჯდე აღასრულეთ ალლაჰისთვის, რომელმაც გააჩინა ისინი, თუკი მხოლოდ მას სცემთ თაყვანს.“
სხვა აიათში კი ბრძანებს: 7/54. უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც უმალ მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მორჩილებენ მას. განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
რაბბ (ბატონ-პატრონი) კი არის ის, ვისზეც ღვთისმსახურება სრულდება.
ამის დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„2/21. ჰეი, ადამიანნო! თაყვანი ეცით ღმერთსა თქვენსა, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და თქვენ უწინარეს ვინც იყო! ამგვარად, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან.
22. რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა კამარად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. დაე, შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი!“
იბნი ქესირი ამბობს: „მათი შემქმნელი არის ის, ვინც ჭეშმარიტად ღვთისმსახურებას იმსახურებს.“
ალლაჰის მიერ ნაბრძანები სხვადასხვა ღვთისმსახურებები შემდეგია: ისლამი, იმანი, იჰსანი (სიკეთე), დუ’ა (ვედრება), შიში, იმედი, თევექქული (მინდობა), სურვილი, მიმართვა, დახმარების თხოვნა, რიდი, მიკედლება, ყურბანის (შესაწირის) დაკვლა, მსხვერპლის შეწირვა და სხვა სახის ალლაჰის მიერ ნაბრძანები ღვთისმსახურებები. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის სრულდება.
არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„72/18. და უეჭველად, სალოცავები ალლაჰს ეკუთვნის. დაე, ნუ შეევედრები ალლაჰთან ერთად ვინმეს!“
ის, ვინც ჩამოთვლილი ღვთისმსახურებებიდან რომელიმეს ალლაჰის გარდა სხვას მიუძღვნის, მუშრიქი და ქააფირია.
ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა:
„23/117. და ვინც მოუხმობს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაებას, რომლის შესახებაც მტკიცება არ არსებობს, უკვე მისი ანგარიშგება მხოლოდ თავისი ღმერთის წინაშეა. უეჭველად, ურწმუნონი ვერ იქნებიან გადარჩენილნი!"
ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს: „დუ’ა (ვედრება) ღვთისმსახურებაა.“
არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „40/60. და ბრძანა თქვენმა ღმერთმა: „შემევედრეთ და შევისმენ თქვენს ვედრებას. უეჭველად, რომელნიც მედიდურობას ავლენენ ჩემდამი მსახურებაში, შევლენ ჯოჯოხეთში დამცირებულნი“.“
შიშის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „3/175. (ეშმაკი თვითონაა, თქვენ ვინც გაუწყათ) ეშმაკს სურს თავისივე შემწეებით (ვინც გაყვა ეშმაკის გზას) შეგაშინოთ თქვენ. თუკი თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხართ არ შეგეშინდეთ მათი და გეშინოდეთ ჩემი.“
იმედის არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „18/110. უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. მე ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, ვინც სასოებს თავის უფალთან შეხვედრას (1) (ვისაც სწამს აღდგომისა და საზღაურის მიგების), მაშინ მართალი საქმე აკეთოს და ნუ დაუდგენს ზიარად თაყვანისცემაში თავის ღმერთს ნურავის!“
თევექქულის (მინდობის) დალილი კი შემდეგია: „5/23... და გქონდეთ იმედი მხოლოდ ალლაჰის, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი!““
ასევე შემდეგი სიტყვაც: „65/3... ვინც სასოებს ალლაჰს, მაშინ იგი საკმარისია მისთვის...“
სურვილის, შიშისა და რიდის შესახებ არგუმენტები ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „21/90...უეჭველად, ისინი ისწრაფოდნენ სიქველისკენ, გვიხმობდნენ სასოებით და შიშით, და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი!“
შიშის შესახებ არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „2/150...ნუ გეშინიათ მათი და გეშინოდეთ ჩემი...“
მიმართვის შესახებ არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „39/54. და მიიქეცით თქვენი ღმერთისკენ და დამორჩილდით მას...“
დახმარების თხოვნის შესახებ არგუმენტი კი შემდეგია: „1/4. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ შეწევნას!“
ჰადისში ნაბრძანებია: „დახმარება როდესაც დაგჭირდება, ალლაჰისგან ითხოვე.“
მიკედლების შესახებ არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „113/1. თქვი: მივეკედლები აისის უფალს.“
„114/1. თქვი: მივეკედლები ადამიანთა ღმერთს...“
იმედის ქონის შესახებ არგუმენტი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „8/9. აკი, სთხოვდით შეწევნას თქვენს ღმერთს და მაშინვე გიპასუხა თქვენ: უეჭველად, „შეგაწევთ მე ათას ანგელოზს, ერთმანეთის მიყოლებილთ“.“
შესაწირის შესახებ დალილი კი ალლაჰის შემდეგი სიტყვაა: „6/162. უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.
163. მოზიარე არ ჰყავს მას.“
ჰადისში კი შემდეგნაირადაა გადმოცემული: „ალლაჰმა დასწყევლა ის, ვინც მის გარდა სხვას შესაწირს შეწირავს.“
შეპირების შესახებ არგუმენტი ალლაჰის შემდეგი სიტყვებია: „76/7. ასრულებენ შეპირებულს და ეშინიათ იმ დღის, რომლის სიავე გავრცელებულია.“