06 January 2019

19. სურა მარიამ აიათი 59-60: მომავალი თაობა


მომდევნო თაობა

19/59. მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას,
60. გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. აი ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!
განმარტება:
მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა“ - იქიდან გამომდინარე, რომ მათ ნამაზი მიატოვეს, ამასთან ერთად სხვა ფარძი ღვთისმსახურებების შესრულებაზეც ხელი აიღეს, რადგან ნამაზი ისლამის საყრდენი, მისი ფეხზე დამყენებელი და მსახურთა ქმედებებიდან ყველაზე სასარგებლოა. მათ ნამაზი მიატოვეს და ამ ქვეყნიურ სურვილებსა და ვნებებისკენ მიბრუნდნენ, მათით დაკმაყოფილდნენ. ამის გამო ისინი აღსდგომის დღეს უსიამოვნებას გადაეყრებიან.
სხვადასხვა აზრია იმასთან დაკავშირებით თუ ნამაზის მიტოვებაში რა იგულისხმება. ზოგიერთმა სწავლულმა ამ სიტყვებში ნამაზის მთლიანად მიტოვება იგულისხმა. მსგავსი განმარტება მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ ქურაზის, იბნ ზეიდ ბინ ასლამსა და სუდდის ეკუთვნის, იბნი ჯარირიც ამ შეხედულებას იზიარებს. სწორედ ამის გამო, სალაფების, მათი შთამომავლებისა და იმამების - იმამა აჰმედისა და შაფიის ერთ-ერთი - შეხედულების მიხედვით, ნამაზის მიმტოვებელი ქააფირი გახდება. არგუმენტად კი, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისი მოჰყავთ:
„მსახურსა და შირქს შორის დამაბრკოლებელი ნამაზის მიტოვებაა.“[1]
„ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება ნამაზია. ნამაზის მიმტოვებელი ქააფირი გახდება.“[2]
ავზაი მუსა ბინ სულეიმანისგან, ეს კი, ალ ყასიმ ბინ მუჰაიმირისგან ალლაჰის სიტყვების: „მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა“ შესახებ გადმოგვცემს: „მათ მხოლოდ ნამაზის დრო გადააცილეს. ნამაზის მიტოვებას, რომ ჰქონოდა ადგილი, მაშინ ეს ქუფრი იქნებოდა.“
იბნ მესუდის გადმოცემის მიხედვით, მას ალლაჰის შემდეგი სიტყვების: „107/5. ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!“, „70/23. რომელნიც ლოცვას აღავლენენ გამუდმებით,“, „70/34. და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვებს იცავენ“ შესახებ ჰკითხეს, რის შემდეგაც იბნ მესუდმა უპასუხა: „ისინი ნამაზის დროს იცავენ.“ მკითხველმა იკითხა: „ჩვენი შეხედულების მიხედვით, ეს სიტყვები ნამაზის სრულად მიტოვებას გულისხმობს.“ ამის შემდეგ იბნ მესუდმა უპასუხა: „რაც თქვენ თქვით ქუფრია.“
ომარ ბინ აბდულაზიზმა აიათი „მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას“ წაიკითხა. შემდეგ კი, თქვა: „ნამაზის მიტოვებაში ნამაზის დროის მიტოვება ანუ დროის გასვლის შემდეგ ნამაზის შესრულება იგულისხმება და არა მთლიანად ნამაზის მიტოვება.“
სულ მალე გადაეყრებიან ღეიას“ -ალი ბინ აბუ ტალჰა იბნ აბბასისგან გადმოგვცემს: „ისინი უსიამოვნებას გადაეყრებიან.“ ყათადე ამბობს, რომ ისინი ცუდს/ბოროტებას გადაეყრებიან.
გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე“ - ანუ უსიამოვნება არ შეეხებათ მათ, რომლებმაც ნამაზი მიატოვეს და თავიანთ ვნებებს გაჰყვენ, ამის შემდეგ კი, მოინანიეს და უკან დაბრუნდნენ. ალლაჰი მათ ცოდვას მიუტევებს და სამოთხის მემკვიდრეებს შორის მოათავსებს, რის გამოც უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „აი ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!“ მონანიება წაშლის მას, რაც მანამდე (მონანიებამდე) იყო.
სხვა ჰადისში ნათქვამია: „ცოდვის მომნანიებელი მსგავსია იმის, ვისაც ცოდვა არ აქვს.[3]
ამ აიათში დაშვებული გამონაკლისი ფურყან სურაში დაშვებული გამონაკლისის მსგავსია:
„25/68. ისინი არ მოუწოდებენ სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართლის აღდგენისა და არ მრუშობენ. ვინც იქმს ამას, სასჯელს გადაეყრება!
69. მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და დარჩება მარად დამცირებული!
70. ეს არ ეხება მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ავ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!“

*იბნ-ი ქასირის თაფსირიდან


[1] წყარო ნისა სურის 31-ე აიათში მითითებულია. ჰადისი სახიხია
[2] წყარო ნისა სურაშია. ჰადისი სახიხია
[3] ჰადისი ჰასენია. იბნ მაჯე, 4252; თაბერანი, ქაბირ, 10281; აბუ ნუაიმ, ჰილიე, 4/210; ქუდაი, 108