07 January 2019

39. სურა ზუმარ აიათი 17-18


39/17. და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ, მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი!
18. რომელნიც ისმენენ სიტყვას და მიჰყვებიან მისგან საუკეთესოს. სწორედ ეგენი არიან, რომელნიც დაადგინა ალლაჰმა ჭეშმარიტ გზას და სწორედ ეგენი არიან ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი.
განმარტება:
აბდურრაჰმან ბინ ზეიდ ბინ ასლამი მამამისიდან გადმოგვცემს: „და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ“ აიათი ამრ ბინ ნუფაილის, აბუ ზერრისა და სელმან-ი ფარისის შესახებ მოევლინა. სახიხი კი არის ის, რომ აიათი როგორც მათ შესახებ, ასევე სხვა, დანარჩენი ხალხის შესახებაც მოევლინა, რომლებმაც კერპების თაყვანისცემა მიატოვეს და ალლაჰის მსახურებაში მოექცნენ. აი ასეთი ადამიანებისთვის, როგორც ამქვეყნად, ასევე იმ ქვეყნადაც სასიხარულო ამბავია. ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი! რომელნიც ისმენენ სიტყვას და მიჰყვებიან მისგან საუკეთესოს.“ - ანუ სიტყვას ისმენენ და საჭიროებისამებრ მოქმედებენ. მსგავსად, უზენაესმა ალლაჰმა მუსას (‘ალეისალამ) თევრათი, როდესაც უბოძა, ბრძანა: „7/145. და ჩვენ დავუწერეთ მას დაფებზე (1) (თორას ფურცლებზე) რჩევა-დარიგება ყველაფერზე და განმარტება ყველაფრისა. მაშ, გეჭიროს მყარად და უბრძანე შენს ხალხს საუკეთესოდ მისდიონ ამას!“
სწორედ ეგენი არიან, რომელნიც დაადგინა ალლაჰმა ჭეშმარიტ გზას“ - ისინი არიან, რომლებსაც უზენაესმა ალლაჰმა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ჰიდაეთი და ჭეშმარიტი გზა უბოძა.
და სწორედ ეგენი არიან ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი.“ - ისინი არიან, ვინც სწორ აზროვნებას და ფითრათს (ბუნებას) ფლობენ.

** იბნი ქასირის თაფსირიდან, ტ: 6;