01 December 2020

4.6: რისალეთ ჰუჯჯათის შესრულების ფორმა

 1.    ორი სახის მოსმენა

A)  მოსმენა[1], რომელიც გაგებას/მიხვედრას გულისხმობს

როგორც აიათებშია მოცემული, ალლაჰი გვაცნობებს, რომ ამგვარი მოსმენა ქააფირებს გააჩნიათ:

„8/31. და როცა ჩვენი აიათები ეკითხებათ მათ, ამბობენ: გვსმენია უკვე ჩვენ. რომ მოვინდომოთ, დიახაც, რომ ჩვენც ვიტყვით ამისთანას. ეს ხომ მხოლოდ ზღაპრებია უწინდელი.“

„9/6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა.“

B)   მოსმენა, რომელიც გულისხმობს მიღებას და დაკისრებული ვალდებულების შესრულებას

როგორც აიათშია მოცემული, ალლაჰმა ამგვარი მოსმენა ქააფირებისგან განდევნა:

„8/23. და მცირედი სიკეთეც რომ ეცნო მათში ალლაჰს, უსათუოდ მოჰგვრიდა მათ სმენას. და რომც შეესმინა, ეგენი მაინც პირს იბრუნებდნენ, და უარმყოფელნი არიან ეგენი!“

„67/10. და კიდევ ამბობენ: ‘რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი’.“

სიტყვებში „მათ თქვეს: გვსმენია ჩვენ“ - მოიაზრება პირველი სახის მოსმენა, რომელიც ქააფირებს გააჩნიათ. ხოლო, სიტყვებში „რომ ვყოფილიყავით შემსმენნი“ - მოიაზრება მეორე სახის მოსმენა, რომელიც ალლაჰმა ქააფირებისგან განდევნა. პირველი სახის მოსმენა გულისხმობს გაგებას, მიხვედრასა და გააზრებას. ხოლო, მეორე სახის მოსმენა გულისხმობს დასტურს, მიღებას და დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

2.    ორი სახის გაგება/მიხვედრა

A)  გაგება, რომელიც მოპირდაპირე მხარის მიერ მნიშვნელობის გაგებას გულისხმობს

ალლაჰი გვამცნობს, რომ ამგვარი გაგება ქააფირებში მოიძებნება: „2/75. ნუთუ გგონიათ, რომ ისინი დაგიჯერებენ თქვენ. უწინ იყო მათში ერთი ჯგუფი, რომელსაც ესმოდა ალლაჰის სიტყვა, ჯერ გაითავისებდნენ და მერე შეგნებულად ამახინჯებდნენ.“

ალლაჰმა თქვა, რომ მათ ჯერ მოისმინეს - „ესმოდა ალლაჰის სიტყვა“, შემდეგ კი გაიგეს - „ჯერ გაითავისებდნენ და მერე შეგნებულად ამახინჯებდნენ“.

B)   გაგება, რომელიც სავალდებულოს ხდის ჰუჯჯათის მიღებას და საჭიროებისამებრ მოქმედებას

ალლაჰმა გვაცნობა, რომ ამგვარი გაგება ქააფირებში არ მოიძებნება: „67/10. და კიდევ ამბობენ: ‘რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი’.“

ალლაჰმა მათი უგულისყურობის საპასუხოდ ისინი დასაჯა და ამ სახის გაგება მათგან განდევნა: „18/57. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს თავისი ღმერთის აიათები, მაშინ ზურგი აქცია და დაივიწყა ის, რაც მისმა ხელებმა წაიმძღვარეს? უეჭველად, ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს, რათა ვერ გაიგონ ის , და სიყრუე მათ ყურებში. და რომც მოუწოდო მათ სწორი გზისკენ, არასდროს დაადგებიან ამის შემდეგ ჭეშმარიტ გზას!“

ალლაჰი ხაზს უსვამს სასჯელს, რომელიც გულისხმობს მათი გულების დალუქვას, რაც აიათების უგულისყურობისა და ზურგის შექცევისგან გამომდინარეობს: „აიათებისგან ზურგის შემქცევი... ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს.“

3.    ორი სახის ჰიდაეთი

A)  ჰიდაეთი, რომელიც ჭეშმარიტი გზის დანახვას/ჩვენებას გულისხმობს

ალლაჰმა გვაცნობა, რომ ქააფირები ჭეშმარიტ გზას ხედავენ: „41/17. ხოლო რაც შეეხება სემუდეველებს, ისინი დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, ამისდა მიუხედავად, მათ ირჩიეს სიბრმავე ჭეშმარიტების წინაშე...“

„42/52... რამეთუ, უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.“

B)   ჰიდაეთი, რომელიც მიღებას და დაკისრებული ვალდებულების შესრულებას გულისხმობს

ალლაჰმა გვაცნობა, რომ ამ სახის ჰიდაეთი ქააფირებში არ მოიძებნება: „2/272. (მუჰამმედ) არაა შენი ვალი მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი ადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ვისაც ინებებს...“ ალლაჰი გვიხსნის შუამავალ მუჰჰამედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) პასუხისმგებლობას, რაც ჭეშმარიტი გზის სხვაზე ჩვენებაში გამოიხატება: „უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ“. ის (შუამავალი) არ არის პასუხისმგებელი მიიღებენ მას (მოპატიჟებას) თუ არა: „არაა შენი ვალი მათ ჭეშმარიტ გზაზე დაყენება“. ვინაიდან და რადგანაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხელშია.

ალლაჰმა ქააფირებს უბოძა მოსმენა, რომელიც მნიშვნელობის გაგებასა და გააზრებას გულისხმობს და ჰიდაეთი, რომელიც ჭეშმარიტი გზის დანახვას მოიაზრებს, რადგან ეს ყოველივე ჰუჯჯათის შესრულებისთვის პირობაა და მათ გარეშე ჰუჯჯათი ვერ შესრულდება.

რაც შეეხება მეორე სახის მოსმენასა და ჰიდაეთს (მიღება და დაკისრებული ვალდებულების შესრულება), ესენი მხოლოდ მორწმუნეებისთვის განკუთვნილი წყალობაა, რომლებიც ქააფირებში არ მოიძებნება, რადგან ალლაჰმა მათთვის იმანი არ ისურვა.

იბნუ’ლ-ყაიიმ (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „იმის გამო, რომ ქააფირებმა ვერ დაინახეს სარგებელი მოსმენაში, დანახვაში და გააზრებაში, ალლაჰმა ისინი განდევნა მათგან: ‘46/26...ვუბოძეთ მათ სმენა, მხედველობა და გული. თუმცა, მაგათ არაფერში გამოადგათ მათი სმენა, მხედველობა და გული. აკი, ისინი განზრახ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს...’

‘7/179. ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ და მათ ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ.’ ალლაჰმა ისინი მოიხსენია ისე, თითქოს მათ მგრძნობელობის ორგანოები არ გააჩნიათ: ‘2/171. ყრუნი, მუნჯნი, ბრმები; ისინი არ გაიაზრებენ.’[2]



[1] მოსმენა, როგორც თვისება

[2] მიფთაჰუ დარი’ს-საადე, 1/101; დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: იბნი თეიმიიე, მეჯმუუ ფეთავა, 1/208-209, 7/24, 9/286-287, 16/7-15; იბნუ’ლ-ყაიიმ, მედარიჯუ’ს-სალიყინ, 1/51-58, 1/518-520; იბნუ’ლ-ყაიიმ, ეთ-თეფსირუ’ლ-ყაიიმ, გვ: 37.