23 March 2020

ნაწილი 2.6: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

პასუხი მათ, რომლებიც ამბობენ, რომ პიროვნებას პასუხისმგებლობას რაც ანიჭებს ეს მხოლოდ „ფითრათი (ადამიანის ბუნება)“ და „მისაყია (შეთანხმება/დამოწმება)“

მისაყში იგულისხმება ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა აიათის საშუალებით გვაცნობა:
„7/172. აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ უეჭველად, ჩვენ არ ვუწყოდით ამას, რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს.
173. ან (რომ არ) გეთქვათ: ‘თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს (1) (ღმერთს) და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ (2) (დაგვსჯი), რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?’
174. და ასე განვმარტავთ აიათებს, ეგების უკუმოიქცნენ.“
ეს აიათები არგუმენტად მოჰყავთ მათ, რომლებიც თავჰიდის საკითხში უცოდინრობას საპატიო მიზეზად არ მიიჩნევენ. ვინაიდან, ადამიანმა ალლაჰის ბატონ-პატრონობა შემდეგნაირად დაამოწმა: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ ალლაჰმა ეს სიტყვები საკუთარი თავების წინააღმდეგ დაამოწმებინა, რადგან რომ არ ეთქვათ: „ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს (1) (ღმერთს)...“
სახიხში გადმოცემულია ამ აიათის მსგავსი შინაარსის ჰადისი. ანას ბინ მალიქი გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘ყიამეთის დღეს საჯეჰენნებო (ჯოჯოხეთის მკვიდრთაგანი) ადამიანებიდან ერთ-ერთს ჰკითხავენ: ‘დედამიწაზე არსებული ყველაფერი შენი რომ იყოს, თავის გადასარჩენად გაიღებდი მას?’ ის იტყვის: ‘დიახ.’ საპასუხოდ კი, ალლაჰი მას ეტყვის: ‘შენგან ამაზე გაცილებით ცოტა ვისურვე და სიტყვა მომეცი, რომ თანაზიარს არ გამიჩენდი. თუმცა, სახე იბრუნე და თანაზიარი გამიჩინე.’“
ეს ჰადისიც მისაყის შესახებაა. ზოგიერთმა ჯგუფმა თავჰიდის ცოდნის აუცილებლობის შესახებ ეს არგუმენტები წარადგინეს და თქვეს, რომ პიროვნება თავჰიდის დამანგრეველ ქმედებას თუ ჩაიდენს, შუამავლის მოპატიჟება მასთან მიღწეული რომც არ იყოს, მისი მდგომარეობა საპატიო მაინც არ არის.
ფითრათი კი არის ის, რაც ალლაჰმა გვაცნობა:
„30/30. მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ალლაჰის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან!“
ამ აიათის თაფსირში (განმარტებაში) გადმოცემულია ჰადისი, რაც ამოწმებს იმას, რომ ყოველი ადამიანი ერთღმერთიანი იბადება. იბნუ’ლ-ყაიიმი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ამ ჰადისის სიტყვებიდან ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთის თაფსირია. ბუხარის სახიხში იბნ შიჰაბი, აბუ სალამასგან და აბუ ჰურაირასგან გადმოგვცემს: „შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘ყოველი დაბადებული ერთღმერთიანი იბადება. შემდეგ კი, დედ-მამა მას ქრისტიანად, ებრაელად ან მეჯუსად აქცევს. მსგავსი ახალად დაბადებული პირუტყვისა, რომელსაც ყველა ორგანო ადგილზე აქვს. მასში ნაკლს ხედავთ?’ ამის შემდეგ, აბუ ჰურაირა ამბობს: „ეს აიათი წაიკითხეთ: ‘ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ალლაჰის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია.’ მათ თქვეს: ‘და (რა გვეტყვი) პატარაობაში გარდაცვლილის შესახებ?’ შუამავალმა უპასუხა: ‘რომ ეცხოვრათ რასაც გააკეთებდნენ ალლაჰმა უკეთესად იცის.’“
ასევე, სახიხი ბუხარში გადმოცემულია ზუჰრის სიტყვები: „დაბადების შემდეგ ეგრევე გარდაცვლილი ჩვილის ჯანაზე ნამაზი შესრულდება, რადგან ის ერთღმერთიანი (ისლამის რელიგიაზე) დაიბადა. თუმცა, თუ არ დაბადებულა (იგულისხმება მუცლის მოშლა), მაშინ ნამაზი არ შესრულდება.“
აბუ მუავიეს გადმოცემაში ნათქვამია: „ამ რელიგიაზე დაიბადება და ამავე მდგომარეობაში დარჩება მანამ, სანამ ენით სხვას არ გამოხატავს.“
ისევე, როგორც ჰადისის გადმომცემმა იბნ შიჰაბმა თქვა, ყოველი ახლად დაბადებული ისლამის რელიგიაზეა. აბუ ჰურაირას მიერ ჰადისის გადმოცემის შემდეგ წაკითხული აიათიც ამაზე მიუთითებს.
იბნ აბდუ’ლ-ბერი ამბობს: „იბნ შიჰაბს მორწმუნე მონის გათავისუფლების შესახებ ჰკითხეს: ‘ჯერ კიდევ ძუძუ მაწოვარა ბავშვის გათავისუფლება დაშვებულია?’ იბნ შიჰაბმა უპასუხა: ‘დიახ, რადგან ის ფითრათით დაიბადა.’“
იბნ აბდუ’ლ-ბერმა ამ ჰადისის შესახებ ნათქვამი ზოგიერთი სწავლულის სიტყვები გადმოსცა: „სხვა სწავლულებმა სიტყვა ფითრათში ისლამი იგულისხმეს და თქვეს: ‘სალაფებში ეს ცნობილი საკითხია.“ ყურანის განმმარტებლება ერთხმიანი აზრით ფითრათში ისლამი იგულისხმეს და ამის არგუმენტად აბუ ჰურაირას ჰადისის ბოლო სიტყვები მოიყვანეს.“[1]
ასევე, იბნუ’ლ ყაიიმი ამბობს: „იმამების სიტყვებს (ის, რომ ფითრათში რელიგია იგულისხმება) კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰადისი, რომელიც მუსლიმის სახიხშია და გადმოგვცემს იიად იბნ ჰიმარ ალ-მეჯაშიი. შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ალლაჰის სიტყვებს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „მე ყოველი მსახური (ყული) ერთღმერთიანად გავაჩინე. ეშმაკებმა კი ისინი რელიგიიდან გადააცდინა. მათთვის რაც ნებადართული გავხადე, ეშმაკმა აუკრძალა და ჩემთვის თანაზიარის დადგენა უბრძანა, რომელზეც არავითარი არგუმენტი არ მომივლენია.“ ასევე, ეს ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ ადამიანები ერთღმერთიანებად იბადებიან, თუმცა შემდეგ ეშმაკი მათ გზიდან აცდენს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ქააფირების მეგობარი (დოსტი) ტაღუთა, რომელსაც ხალხი სინათლიდან სიბნელეში გადაჰყავს.“ ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეშმაკს ხალხი ფითრათის სინათლიდან ქუფრისა და შირქის სიბნელისკენ, შუამავლების მიერ მოტანილი ჰიდაეთიდან და ცოდნიდან უცოდინრობისა და გზასაცდენილობის სიბნელისკენ მიჰყავს.“[2]



[1] იბნუ’ლ-ყაიიმ, აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 2/534-535.
[2] იბნუ’ლ-ყაიიმ, აჰქამუ აჰლი’ზ-ზიმმა, 2/531-532.