03 September 2019

მეორე ნაწილი: მურჯიზმი

მურჯიტების შეხედულებები

მურჯიტების მეზჰებს აყიდის, ფიყჰის, პოლიტიკური და თასავვუფის კუთვნილი სხვადასხვა შეხედულება აქვს. ჩვენ მხოლოდ აყიდის შესახებ ვისაუბრებთ, დარჩენილ საკითხებს არ შევეხებით.
პირველი შეხედულება: იმანი გულში მოთავსებული ინფორმაცია/ცოდნა ან დამოწმებაა. მურჯიტებზე ზეგავლენის მომხდენი ჯეჰმ ბინ საფვანისა და მისი მომხრეების აზრით, იმანი მხოლოდ ალლაჰის, მისი შუამავლის და მისგან მოსული ყველაფრის ცოდნაა. ცოდნის გარდა სხვა რაიმე იმანი არ არის. ქუფრი კი ალლაჰის არ ცოდნაა. იმანიც და ქუფრიც ორივე გულში არსებობს.
მეორე შეხედულება: ამ შეხედულების მიხედვით, იმანი არის ალლაჰისა და მისგან წამოსული ყველაფრის გულით დამოწმება და ენით წარმოთქმა. ეს განმარტება ზოგადად აბუ ჰანიფეს და მის მომხრე „ქუფელებს“ ეკუთვნით, რაც მურჯიტების უმრავლესობამ განახორციელა.
მესამე შეხედულება: ამ შეხედულების მიხედვით, იმანი მხოლოდ ენით წარმოთქმაა. მუჰამმედ ბინ ქერრამისა და მომხრეების აზრით იმანი გულით კი არა ენით დამოწმებაა. ქუფრი კი ენით ალლაჰის უარყოფაა.“[1]
ზემოთ ჩამოთვლილი სამი შეხედულებიდან პირველი და მესამე შეხედულება აჰლი სუნნეთის ყველა სწავლულის მიხედვით უარყოფილია.
პირველი შეხედულების მიხედვით, ქუფრის შემსრულებელი მორწმუნეა მანამ, სანამ გულით არ უარყოფს. ამგვარი აზრი კი, ყურანისა და სუნნეთის მიხედვით ნათლად უარყოფილია. ამ საკითხს შემდეგში უფრო უკეთ განვმარტავთ.
მესამე შეხედულების მიხედვით, ყოველი მუნაფიყი (ორპირი) მორწმუნედ ითვლება, რაც თავისთავად მიუღებელია. ყურანში და სუნნეთში ამგვარი ცრუ შეხედულების უარმყოფელი რამოდენიმე არგუმენტი მოიძებნება.
მეორე შეხედულების მიხედვით კი, ამელი (ქმედება) იმანის (რწმენის) მნიშვნელობის გარეთაა. ეს შეხედულება სალაფების მიერ „შედგენილი ფორმულის“ (იმანი გულით დამოწმება, ენით წარმოთქმა და ორგანოებით მოქმედებაა) საწინააღმდეგოა. ამის გამო, ზოგიერთმა ალიმმა აბუ ჰანიფე (რაჰმეთულლაჰი ‘ალეიჰ) მურჯიტად მოიხსენია. მართალია ის, რომ აბუ ჰანიფეს მიერ იმანის განმარტება მურჯიზმისკენაა მიმართული, თუმცა მისი მურჯიზმისკენ მიმართულება არ ნიშნავს იმას, რომ ის მურჯიტი იყო. ალლაჰის ნებით ამ საკითხს შემდგომში ვრცლად ავხსნით.



[1] DIA, 32/43.