19 May 2019

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 156-158



3/156. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს გზას რომ გაუდგნენ ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს. ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!

157. თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი (ორპირნი) აგროვებენ (იხვეჭენ).

158. თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით (მოგკლავენ), უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით.

განმარტება:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს გზას რომ გაუდგნენ ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს!“ - უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ არ დაემსგავსონ უწესრიგო ქააფირებს, რომლებიც მგზავრობაში თუ ბრძოლაში გარდაცვლილი მორწმუნეების შესახებ ამბობენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ ანუ მგზავრობის დროს არ მოკვდებოდნენ და ბრძოლაში არ დაიხოცებოდნენ. ამგვარი შეხედულება ალლაჰმა მათ გულებში დაკარგული გულწრფელობის გამო ჩაუნერგა.

უზენაესი ალლაჰი მათ საპასუხოდ ბრძანებს: „უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს“ - ანუ შექმნა-გაჩენის ძალა და უფლება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხელშია. ყველა და ყველაფერი მას დაუბრუნდება. ალლაჰის ნებისა და სურვილის გარეშე არავინ მოკვდება და გაცოცხლდება. ალლაჰის ნების გარეშე არავის სიცოცხლე მცირეოდენი ხნითაც კი არ გახანგრძლივდება და შემოკლდება.

ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!“ - ანუ ალლაჰისთვის ქმნილებების ყოველი მოქმედება ცნობილია.

თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი (ორპირნი) აგროვებენ (იხვეჭენ)“ - აიათში მოცემულია ის საშუალება და მიზეზი, რითაც მორწმუნე ალლაჰის წყალობას, შეწყალებას და კმაყოფილებას მოიპოვებს. ყოველივე ეს კი ამქვეყნიური ქონების შეგროვებაზე უფრო უკეთესია.

თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით“ - უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ გარდაცვლილისა თუ მოკლულის ბოლო სამყოფელი მასთანაა და მათ თავიანთი ნამოქმედარის მიხედვით მიეცემათ საზღაური.