18 May 2019

2. სურა ბაყარა აიათი 195: ალლაჰის გზაზე დახმარების გაწევა



„2/195. გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელი.“

განმარტება:

იმამ ბუხარი, ჰუზეიფესგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს, რომ ეს აიათი ალიმენტის[1] შესახებ მოევლინა.

ლეის ბინ სა’დი, იეზიდ ბინ აბუ ჰაბიბისგან ასლამ ბინ იმრანის ნათქვამს გადმოსცემს: „ისტანბულის აღების დროს მუჰაჯირებიდან[2] ერთ-ერთმა მტრის რიგი გაარღვია და შეიჭრა. ჩვენთან ერთად აბუ ეიიუბ ალ-ანსარიც იმყოფებოდა. მუჰაჯირის ამ ქმედებაზე ზოგიერთებმა თქვეს: ‘მან საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო.’ ამის გამგონე აბუ ეიიუბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: ‘ჩვენ უკეთესად ვიცით ამ აიათის მნიშვნელობა. ეს აიათი ჩვენს შესახებ მოევლინა. ჩვენ ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ვიყავით, ბევრ მნიშვნელოვან ბრძოლებში მიგვიღია მონაწილეობა და მას ბევრჯელ დავხმარებივართ. როდესაც ისლამი გავრცელდა და გაძლიერდა ენსარები[3] შევიკრიბეთ და ერთმანეთში საუბარი დავიწყეთ. ვთქვით, რომ: ალლაჰმა ჩვენ მის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ყოფნა და დახმარება გვიწყალობა. საბოლოოდ კი, ისლამი გავრცელდა და მუსლიმანებიც გამრავლდნენ. ჩვენ შუამავალი ჩვენს ოჯახებს, ქონებას და შვილებს გვერჩივნა. ახლა კი, ომი დასრულდა, რის გამოც დროა, რომ ჩვენს ოჯახებს, შვილებს, ქონებას დავუბრუნდეთ და მათ მივხედოთ. ყოველივე ამის გამო, ჩვენს შესახებ აიათი „გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი“ მოევლინა. ამგვარად, აიათში მოხსენებული საფრთხე ჯიჰადის მიტოვება და ქალ-ბავშვით, ქონებით დაკავება იგულისხმებოდა.“[4]

აბუ ისჰაყ ას-საბიი ამბობს: „ერთ-ერთმა პიროვნებამ ბერა ბინ აზიბს ჰკითხა: ‘მარტომ მტრის რიგებში რომ შევვარდე და მომკლან, მსგავსი ქმედება საკუთარი თავის საკუთარი ხელებით საფრთხეში ჩაგდებაში ჩამეთვლება?’ ბერამ უპასუხა: ‘არა, რადგან ალლაჰმა მის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა: ‘4/84. მაშ, (ო, მუჰამმედ) იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებ პასუხს.’ ეს (საფრთხის) აიათი კი, მხოლოდ ალლაჰის გზაზე დახმარების გაწევის შესახებაა.“

ათა ბინ საიბი, საიდ ბინ ჯუბეირის გზით იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათის „გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით“ შესახებ ნათქვამს გადმოგვცემს: „ეს აიათი ალლაჰის გზაზე დახმარების აღმოჩენის/გაწევის შესახებაა. საფრთხე არის ის, როდესაც ალლაჰის გზაზე დახმარების აღმოჩენას მიატოვებ. ამგვარი ქმედებით საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩააგდო.“

ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი საჭიროზე მეტი ქონების მფლობელებს უბრძანებს: „სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი.“ ალლაჰი სხვადასხვა ღვთისმსახურებებში და მორჩილებებში, განსაკუთრებით კი მტრის წინააღმდეგ მუსლიმანების გაძლიერებისთვის და ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის დახმარების გაწევას/აღმოჩენას ბრძანებს. ასევე, აიათი გვამცნობს იმ ადამიანის დაღუპვას და განადგურებას, რომელიც მის ნაბრძანებს არ შეასრულებს.


[1] ფულადი თანხა, რომლის გადახდაც ეკისრება პირს თავისი ოჯახის წევრის სასარგებლოდ. ასევე, საზრდო‚ საკვები] ხარჯი‚ რომელსაც ოჯახის ერთი წევრი კანონის ძალით უხდის სხვა წევრებს (ცოლს‚ შვილებს‚ მშობლებს)‚ რომელთა რჩენაც მას ევალება. ამ შემთხვევაში კი მისი მნიშვნელობა შემდეგია: ალლაჰის გზაზე ნებისმიერი გზით დახმარების აღმოჩენა/გაწევა.
[2] მექქედან მედინაში გადასახლებული, ჰიჯრის შემსრულებელი.
[3] მედინას მკვიდრნი.
[4] აბუ დავუდ, 2512; თირმიზი, 2972, თაბერი, 3186; ჰაქიმ, 2/275; იბნ ჰიბბან, 4711. ჰადისი სახიხია.