14 October 2018

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“ - შაჰადას პირობები და განმარტებანი

სამოთხის გასაღები „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ პიროვნებისთვის სასარგებლო, რომ იყოს, ამისთვის შესასრულებელი პირობები არსებობს. ეს პირობები შემდეგია:
1.            ცოდნა: საწინააღმდეგო უცოდინრობისა.
2.            გულწრფელობა: საწინააღმდეგო ეჭვისა.
3.            სიწმინდე: საწინააღმდეგო შირქისა.
4.            უტყუარობა: საწინააღმდეგო ტყუილისა.
5.            სიყვარული: საწინააღმდეგო სიძულვილისა.
6.            მორჩილება: საწინააღმდეგო დაუმორჩილებლობისა.
7.            მიღება: საწინააღმდეგო უარყოფისა.
8.            ტაღუთის უარყოფა

განმარტებანი

1)       ცოდნა:
‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’ სიტყვის მნიშვნელობასა და მიზნის ცოდნას გულისხმობს. ასევე, რა უნდა უარვყოთ და რა უნდა ვაღიაროთ. არგუმენტი იმისა, რომ ცოდნა შაჰადას პირობებიდაა, შემდეგია:
„47/19. მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა...“
„43/86. და არ ფლობენ ისინი, რომელთაც უხმობენ მის გარდა, შუამადგომლობას, იმის გარდა ვინც დაამოწმებს ჭეშმარიტებას...“
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „სამოთხეში შევა ის, ვინც ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის ცოდნით მოკვდება.“[1]

2)       გულწრფელობა:
ერთადერთი ალლაჰის გარდა, სხვა სათაყვანებლების არ არსებობის,  ღვთისმსახურებებისა და ვედრების მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის გაკეთების, ასევე, შაჰადის სხვა პირობების ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაჯერებას გულისხმობს. არგუმენტი კი, უზენაესი ალლაჰის სიტყვებია:
„49/15. მორწმუნეები ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალი მისი და არ ჩავარდნილან ეჭვში.“ ანუ ეჭვს არ მიეცნენ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იწამეს. ვინც ეჭვობს ის მუნაფიყია. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„9/45. შენგან ნებართვას მხოლოდ ისინი მოითხოვენ , რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და აიტაცა მათი გულები ეჭვმა და ამ ეჭვშივე ორჭოფობენ.“
აბუ ჰურაირას გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (სალალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და იმას, რომ მე მისი შუამავალი ვარ. არ არსებობს ის, ვინც ორივე პირობას ან რომელიმე ერთს ყოველგვარი ეჭვის გარეშე იტყვის და სამოთხეში არ შევიდეს.“[2]

3)       სიწმინდე:
‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’ სიტყვის ყოველგვარი შირქის შერევის გარეშე წარმოთქმას და შესრულებას გულისხმობს. სიწმინდე შირქის საწინააღმდეგოა. თავჰიდის სიტყვა სიწმინდის გარეშე მის პატრონს სარგებელს ვერ მოუტანს. საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
98/5. მათ არ ბრძანებიათ სხვა რამ, გარდა მრავალღმერთიანობისგან შორს, გულწრფელად თაყვანისცემა ალლაჰისა;”
აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „შუამდგომლობის საფუძველზე ადამიანთა შორის ყველაზე ბედნიერი არის ის, ვინც გულით ყოველგვარი სიბინძურის (შირქის) გარეშე, სიწმინდითა და გულწრდელობით იტყვის ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’“[3]
იტბან-ის გადმოცემის თანახმად, შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „უეჭველად, ალლაჰმა ჯოჯოხეთი ჰარამად დააწესა მისთვის, ვინც გულწფელად, ალლაჰის მიმართულებით ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ს იტყვის.“[4]

4)       უტყუარობა
გულისხმობს სიცრუის საწინააღმდეგოს, სიმართლეს. სიტყვა ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’ გულის დამოწმებით უნდა წარმოითქვას. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„29/1. ელიფ. ლამ. მიმ.
2. განა ჰგონია ხალხს, რომ მიტოვებულ იქნებიან, როცა ამბობენ: ვირწმუნეთ, და არ გამოიცდებიან?
3. ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც იყვნენ მათზე უწინ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს!“
მუაზ ბინ ჯებელ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალლაჰმა ცეცხლი ჰარამად დააწესა მისთვის, ვინც ჭეშმარიტად, ყოველგვარი სიცრუის გარეშე გულით დაამოწმა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია.“[5]

5)       სიყვარული:
სიძულვილის საწინააღმდგო სიყვარულს გულისხმობს. მუსლიმი პიროვნება ვალდებულია შეიყვაროს ის საკითხები, რაც ‘ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ’-ს ეხება და ასევე, ვალდებულია უყვარდეს მისით (შაჰადით) მოქმედი პიროვნებები ანუ მუსლიმები. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„2/165... და რომელთაც ირწმუნეს, უფრო ძლიერ ალლაჰი უყვართ.“
„5/54, ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ განუდგეს თქვენგან ვინმე თავის რწმენას, ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი...“

6)       მორჩილება:
‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის შესაბამისად მოქმედებასა და მასზე სრულ მორჩილებას გულისხმობს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„39/54. და მიიქეცით თქვენი ღმერთისკენ და დამორჩილდით მას იქამდე, სანამ მოგევლინებათ სასჯელი, მერეთ არღა იქნებით შეწევნილნი.“
„4/125 და ვინაა სარწმუნოებით უფრო უკეთესი იმაზე, ვინც ჩააბარა თავისი თავი ალლაჰს.“
„31/22. ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს თავისი სახით და იგი კეთილის მქმნელია, ის ჩაეჭიდა საიმედო საყრდენს და ალლაჰთანაა ყოველი საქმის აღსასრული!“

7)       მიღება:
საწინააღმდეგო უარყოფისა, რომელიც ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის ყველა საკითხის/დეტალის მიღებას გულისხმობს. ეს კი, თანაზიარის გაჩენის გარეშე უზენაესი ალლაჰისადმი ღვთისმსახურებაა. უზენაესი ალლაჰი ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის შემავალი საკითხების უარმყოფელს აიათში შემდეგნაირად მოიხსენიებს:
37/35. რამეთუ როცა მათ ეტყოდნენარ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ ურჩობდნენ,
36. და ამბობდნენ: „განა ჩვენი ღვთაებების მიმტოვებელნი ვართ გიჟი პოეტის გამო?“
წარმოთქმული შაჰადა პიროვნებისთვის სასარგებლო, რომ იყოს, ამისთვის მისი გულით დამოწმება, ენით წარმოთქმა და შესაბამისად მოქმედებაა. ის, ვინც შაჰადას შემცველ საკითხებს ჯიუტობითა და სიამაყით უარყოფს, ქააფირი ყურეიშელების მსგავსია.

8)       ტაღუთის უარყოფა:
ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებლის უარყოფას გულისხმობს. ყველა შუამავალი ეწინააღმდეგებოდა მათ ხალხის მიერ ღვთაებად დაყენებულ კერპებს, უარყოფდნენ მათ და ხალხს მათი უარყოფისკენ მოუწოდებდნენ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„2/256.. ვინც უარყოს ტაღუთი და ირწმუნოს ალლაჰი, იგი მოეჭიდა საიმედო საყრდენს, რომლის ნგრევა შეუძლებელია.“
ალლაჰის შუამავალმა (სალლალჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვინც იტყვის ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ს და ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებელს უარყოფს, მისი ქონება და სისხლი შეუხებელია. მისი განსჯა კი ალლაჰს ეკუთვნის.“[6]



[1] გადმოგვცემს მუსლიმი
[2] გადმოგვცემს მუსლიმი
[3] გადმოგვცემს ბუჰარი
[4] გადმოგვცემს ბუჰარი
[5] გადმოგვცემს ბუჰარი
[6] გადმოგვცემს მუსლიმი