22 October 2018

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 102-103



2/102. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!
103. ყველანი მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰის თოკს და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე: როცა იყავით მტრებად, შეაკავშირა  თქვენი გულები და ძმებად იქეცით მისი წყალობით. ასევე, როდესაც იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, დაგიხსნათ თქვენ ამისაგან. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების სწორი გზით წახვიდეთ.
განმარტება:
იბნ აბუ ჰათიმი, იბნ მეს’უდისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის მიმართ ჭეშმარიტი შიში ნიშნავს: ‘ალლაჰის ბრძანებების შესრულებას, ალლაჰის გახსენებას და მასზე მადლობის გადახდას.’“
იბნ მერდუიაჰი კი, იბნ მეს’უდისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ეს აიათი (გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით) ალლაჰის ბრძანებების შესრულებას, მასზე მადლობის გადახდას და მის ხსენებას გულისხმობს.“[1]
საიდ ბინ ჯუბეირის, აბუ ალიიეს, რაბი ბინ ანასის, ყათადეს, მუყათილ ბინ ჰაიიანის, ზეიდ ბინ ესლემის, სუდდის და სხვების მიხედვით, ეს აიათი შემდეგი აიათით „64/16. და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ.“ გაუქმდა. ალი ბინ აბუ ტალჰა, იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ეს აიათი ‘გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით’ შემდეგი აიათით ‘64/16. და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ.’ არ გაუქმებულა. ალლაჰის სიტყვების: ‘გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით’ არსი შემდეგია: ‘ალლაჰის გზაზე მთელი ძალისხმევით ბრძოლა, ალლაჰის გზაზე ყოფნის დროს ვინმეს გაკიცვხის მიმართ უშიშარობა და საკუთარი თავის, მამის ან შვილების საწინააღმდეგოდაც კი, სამართლიანად მოქცევა.’
„და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!თუ გინდათ, რომ მუსლიმებად მოკვდეთ, დაიცავით თქვენი რელიგია (ისლამი) მანამ, სანამ ჯანმრთელად და მშვიდად ხართ. უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი კანონი (სუნნეთულლაჰ) შემდეგია: ‘პიროვნება რა მდგომარეობაშიც იცხოვრებს, იმ მდგომარეობაში მოკვდება. რა მდგომარეობაშიც მოკვდება, იმ მდგომარეობაში აღსდგება.’
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი მუჯაჰიდისგან გადმოგვცემს: ხალხი ტავაფს როცა აკეთებდა, იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) იქვე ჩამომჯდარიყო და გვერდით მიჰჯენიც იდგა. თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჰეი მორწმუნეებო! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები! ერთი წვეთი ზაყყუმისა დედამიწაზე რომ დაცემულიყო, მასში არსებულს გაანადგურებდა. ახლა კი, დაფიქრდით იმის მდგომარეობაზე, რომელსაც საკვებად მხოლოდ და მხოლოდ ზაყყუმი გააჩნია!“[2]
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, აბდულლაჰ ბინ ამრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მას, ვისაც ჯოჯოხეთისგან შორს ყოფნა და სამოთხეში შესვლა სურს, ალლაჰისა და საიქიოს რწმენაში მოკვდეს...“[3]
იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, ჯაბირისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავლის სიტყვები (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მოვისმინე, სადაც ის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ამბობდა: „ალლაჰის მიმართ კარგ დამოკიდებულებაში მოკვდით.“[4]
„ყველანი მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰის თოკს (ისლამს)“- ზოგიერთებმა ალლაჰის თოკზე ჩაჭიდებაში ‘ალლაჰზე მიცემული სიტყვის შესრულება’ იგულისხმეს. ზოგიერთებისთვის კი, ‘ალლაჰის თოკი’ ყურანია.
„და არ დაიყოთ“ - უზენაესი ალლაჰი მუსლიმებს ერთობისკენ მოუწოდებს, მუსლიმების გაერთიანებას ბრძანებს, დაყოფას კი, კრძალავს. ამასთან დაკავშირებით უამრავი ჰადისია.
აბუ ჰურაირა ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ალლაჰი თქვენგან სამი რამის გამო კმაყოფილი იქნება, სამი რამის გამო კი გაგიბრაზდებათ: თქვენგან კმაყოფილი იქნება თუ ღვთისმსახურებას მხოლოდ მას მიუძღვნით და თანაზიარს არ დაუდგენთ. ალლაჰის რელიგიას ყველანი ერთად თუ ჩაეჭიდებით და არ დაიყოფით. ალლაჰის რელიგიის მმართველთან (ამირთან, იმამთან) ურთიერთ საპირისპირო რჩევა დარიგება თუ გექნებათ. ხოლო, ჭორაობის, ბევრი შეკითხვის დასმისა და ზედმეტად ქონების ხარჯვის გამო გაგიბრაზდებათ.“[5]
„გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე: როცა იყავით მტრებად, შეაკავშირა  თქვენი გულები და ძმებად იქეცით მისი წყალობით. ასევე, როდესაც იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, დაგიხსნათ თქვენ ამისაგან.- ეს აიათი ავსისა და ჰაზრეჯის თემისთვისაა. ჯაჰილიას პერიოდში ამ ორ საზოგადეობას შორის არაერთი ომი მომხდარა. ერთმანეთის მიმართ სიძულვილის, შურისა და ბოღმის გამო მათ შორის ბევრი ომი და დაპირისპირება მოხდა. ისლამის მოსვლის შემდეგ კი, ზოგიერთმა მათგანმა ისლამი მიიღო და ალლაჰის კმაყოფილებისთვის ერთმანეთისთვის ძმებად იქცნენ, ერთმანეთი შეიყვარეს და ერთამენთს ეხმარებოდნენ. უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ სხვა აიათში შემდეგნაირად ბრძანებს:
„8/62... იგია, რომელმაც გაგაძლიერა შენ თავისივე შემწეობით და მორწმუნენიც.
63. და შეაკავშირა მათი გულები. შენ რომ გაგეღო, რაც რამ მიწაზეა, ყველაფერი, მაინც ვერ შეაკავშირებდი მათ გულებს, მაგრამ ალლაჰმა შეაკავშირა ისინი. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია!“
მართლაც, ისინი ქააფირობის გამო ჯოჯოხეთის უფსკრულის პირას იყვნენ. ალლაჰმა კი თავისი წყალობით (მათზე ბოძებული ჰიდაეთის საშუალებით) ისინი გადაარჩინა. ჰუნეინის დღეს ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ ალლაჰის მიერ ბოძებული წყალობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
მაშინ, როცა ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოპოვებულ ნადავლს ალლაჰის კანონების დაცვით ანაწილებდა, ზოგიერთს მეტი წილი მოუწია, რაზეც ანსარებიდან ზოგიერთმა უკმაყოფილება გამოთქვა. ამის შემდეგ კი, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ სიტყვით მიმართა: „ჰეი ანსარებო! ნუთუ არ გიპოვეთ მცდარ გზაზე და ალლაჰმა ჩემი საშუალებით ჰიდაეთი არ მოგცათ?! მაშინ, როცა დანაწევრებული იყავით, ალლაჰმა ჩემი საშუალებით არ გაგაერთიანათ?! მაშინ, როცა ღარიბები იყავით, ალლაჰმა ჩემი საშუალებით არ გაგამდიდრათ?!“ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყოველი წინადადების შემდეგ ანსარები გაიძახოდნენ: „ალლაჰი და მისი შუამავალი ყველაზე კეთილმოსურნენი არიან!“[6]



[1] Hakim, 2/294; Taberani, 8501; Taberi, 7539
[2] Tirmizi, 2585; Nesai, Sünen-i Kübra, 1107; İbn mace, 4324; Ahmed b. Hanbel, 1/300-301; İbn Hibban, 7470; Hakim, 2/294
[3] Ahmed b. Hanbel, 2/192 (6768); Müslim, 1844; Ahmed b. Hanbel, 2/161; İbn Hibban, 5961
[4] Müslim, 2877; Ebu Davud, 3113; İbn Mace, 4167; Ahmed b. Hanbel, 3/315 (13977); İbn Hibban, 636
[5] Müslim, 1715; Ahmed b. Hanbel, 2/327; İbn Hibban, 3388
[6] ალლაჰის ნებით, წყაროს მომდევნო აიათებში გადმოვცემთ