24 October 2018

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 104-109 ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ მოწოდება, რომელიც სიკეთეს მოუწოდებს და სიგლახეს აკრძალავს



3/104. (ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი.
105. და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ. და სწორედ მათთვისაა (გამზადებული) მძვინვარე სასჯელი.
106. იმ დღეს, ზოგიერთი სახეები გაბრწყინდება და ზოგიერთი გაშავდება; მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ დაჯერების შემდეგ უარყეთ? მაშ, იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოებისა!
107. ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან ისინი, და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულნი მასში.
108. აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ, და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთათვის.
109. ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და ყოველი საქმე ალლაჰთან იქნება მიქცეული.
განმარტება:
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი,“ ანუ, თქვენს შორის ჩამოყალიბდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც ალლაჰის ბრძანებას „სიკეთის მოწოდება და სიგლახის აკრძალვა“ იკისრავს.
და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი.“ დაჰჰაკი ამბობს: ‘ისინი გამორჩეულ საჰაბეებთან ერთად, ჰადისის გამორჩეული გადმომცემები არიან.’ ანუ, ალლაჰის გზაზე მებრძოლეებთან ერთად სწავლულები.
აბუ ჯაფერ ალ ბაქირმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აიათი წაიკითხა „(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი“ შემდეგ კი ბრძანა: „სიკეთე ყურანსა და ჩემს სუნნეთზე გაყოლაა.“[1] აიათი, როგორც ყოველი პიროვნებისგან (შეძლებისდაგვარად), ასევე უმმეთის ცალკეული ჯგუფისგან ‘ამრი ბი’ლ მა’რუფ ვა ნეჰიი ანი’ლ მუნქერ’-ის (სიკეთის ბრძანებისა და სიგლახის აკრძალვის) შესრულებას მოითხოვს.
აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან რომელიმე ცუდს თუ დაინახავს, ხელით გამოასწოროს. ამისთვის ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ ენით გამოასწოროს. ამისთვის ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ სიგლახეს გულით შეეწინააღმდეგოს. ეს უკანასკნელი კი, სუსტი რწმენის მდგომარეობაა.“[2]
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ.“ ანუ, უზენაესი ალლაჰი მუსლიმებს აფრთხილებს, რომ არ მოიქცნენ წინა ხალხის მსგავსად, რომლებმაც ნათელი ჭეშმარიტება უარყვეს, დაიყვნენ/დანაწევრდნენ და ‘ემრ-ი ბი’ლ მა’რუფ ვა ნეჰიი ანი’ლ მუნქერ’-ისკენ მოწოდება მიატოვეს.
იმამ აჰმედი, აბუ ამირ აბდულლაჰ ბინ ლუჰაიი-სგან გადმოგვცემს: მუავიიე ბინ სუფიანთან ერთად ჰაჯობაზე წავედი. მექქეში ჩასვლისა და შუადღის ნამაზის შესრულების შემდეგ ასე თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგნაირად ბრძანა: „ეჰლი ქითაბი (ქრისტიანები და ებრაელები) 72 ჯგუფად გაიყო. ეს უმმეთი კი, 73 ჯგუფად გაიყოფა. მხოლოდ ერთის გარდა, დანარჩენი ყველა ჯოჯოხეთში იქნება. ის ერთი ჯამაათია. ჩემი უმმეთიდან იქნება ისეთი ხალხიც, რომელიც საკუთარი ნება-სურვილების მონები იქნებიან და თავიანთ პატრონს მოემსახურებიან, როგორც ძაღლი...“ მუავიიე-მ შემდეგ თქვა: „ჰეი არაბებო! ვალლაჰი, თქვენ შუამავლის მოტანილს თუ არ განახორციელებთ, მაშინ სხვა ერი მას არ განახორციელებს.“[3]
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „იმ დღეს“, ანუ ყიამეთის დღეს „ზოგიერთი სახეები გაბრწყინდება“, ისინი აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის ხალხი არიან  „და ზოგიერთი გაშავდება“ ესენი მობიდათეები და დანარჩენი ჯგუფის ერთ-ერთის წევრები იქნებიან. ამას იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს.
„მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ დაჯერების შემდეგ უარყეთ?“ - ჰასანი ბასრიმ თქვა, რომისინი მუნაფიყები არიან.
მაშ, იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოებისა!“ - ეს ქააფირების საერთო სასჯელია.
ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან“ - ანუ ისინი სამოთხეში იქნებია.
და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულნი მასში.“ - სამოთხეში უვადოთ დარჩებიან და იქიდან გასვლას ცოტახნითაც კი არ ისურვებენ.
უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ“ - ანუ, ჰეი მუჰამმედ! ეს არის აიათები, რომელიც სააქაოსა და საიქიოს შესახებ ჭეშმარიტებას გამცნობს.
და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთათვის.“ - ანუ, მათ არ დაჩაგრავს. უზენაესი ალლაჰი სამართალს არასდროს არ გადასცდება. ის სამართლიანობის ცენტრი ‘ალ ჰაქემ’-ია, რადგან ის არის ვინც, ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია, რის გამოც მის მიერ გაჩენილს უსამართლოდ არ მოექცევა.
ყოველივე ამის გამო, უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“ ანუ, ყველაფერი ალლაჰის ქონებაა.
და ყოველი საქმე ალლაჰთან იქნება მიქცეული“ - ანუ, ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ერთადერთი ბატონ-პატრონი ის არის.



[1] სუსტი ჰადისი, გადმოგვცემს იბნ მერდუიაჰი
[2] Sahih. Müslim, 49; Ebu Davud, 1140; Tirmizi, 2172; Nesai, 8/112; İbn Mace, 1275; Ahmed b. Hanbel, 3/20; İbn Hibban, 306
[3] Sahih. Ebu Davud, 4597; Ahmed b. Hanbel, 4/102