13 September 2022

7. ბისმილლაჰ-ის მნიშვნელობა და მისით დაწყების საჭიროება

 ბისმილლაჰ-ი ნიშნავს „ალლაჰით/ალლაჰთან ერთად“. იმამ ქურთუბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ბისმილლაჰ-ის მნიშვნელობა არის - „ალლაჰით/ალლაჰთან ერთად“...“ ზოგიერთმა სწავლულმა კი, თქვა: „ბისმილლაჰ ნიშნავს: ‘ალლაჰის დახმარებითა და ბარაქით ვიწყებ.’ ალლაჰმა მსახურებს ასწავლა, რომ ყურანის კითხვისა და სხვა მსგავსი საქმეების დროს ეს სიტყვა წარმოეთქვათ. ანუ, რომელიმე საქმის დასაწყისი უზენაესი ალლაჰის სახელი უნდა იყოს.“[1]

შეიხმა თავისი ნაწარმოებიც „მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით“ დაიწყო. ამგვარად, მან ალლაჰისგან დახმარება და წარმატება ისურვა. ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთს მიმართა. როგორც ცნობილია, ალლაჰმა მოვლენილ პირველ აიათებში ბრძანა:

96/1. იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა!”

შუამავალიც წერილების წერას ბისმილლაჰ-ით იწყებდა. აბუ ჰურაირას გადმოცემული ჰადისის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ყოველი საქმე, რომელიც არ იწყება მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით, ჩამოშლილია.“[2]

როგორც გავიგეთ, ყურანი და სუნნეთი მოითხოვს, რომ მუშრიქების საპირისპიროდ, ყოველი საქმე მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით დავიწყოთ. მექქელი მუშრიქები ყოველ საქმეს ლატის, უზზასა და ჰუბალის სახელით იწყებდნენ და მათგან დახმარებასა და წარმატებას მოელოდნენ. ჩვენი დროის მუშრიქები კი საქმეს, წინაპრების, ლიდერებისა და შეიხების სახელით, ასევე, დემოკრატიითა და მსგავსი სისტემების ხსენებით იწყებენ და მათით დასაწყებად ძალისხმევას იჩენენ.

ბისმილლაჰ-ის ანალიზი

სიტყვა „ბისმილლაჰ“-ის პირველი ასო „ბა“ ნიშნავს დახმარების თხოვნას, ერთად ყოფნასა და სიახლოვეს. სიტყვა „ისმ“-ი კი, ნაწარმოებია სიტყვა „ას-სუმუვ“-ისგან, რომელიც უზენაესს და უმაღლესს ნიშნავს.

იბნ ყაიიმმა თქვა: „ყოველი საქმე ალლაჰის ხსენებით უნდა იქნას დაწყებული...“

სიტყვა „ალლაჰ“ არის სახელი, რომელსაც ეკუთვნის რუბუბიეთი და ულუჰიეთი. იგი არაფრისგან არ არის ნაწარმოები. ალლაჰის სახელი კი უსაზღვროა. უსაზღვროს კი, არავითარი ფუძე არ აქვს. ამ წოდებამდეც იგი არსებობდა. ყველა დანარჩენი სახელი მის შემდეგაა და იწოდებიან, როგორც ალლაჰის სახელ-თვისებები. იბნ აბბასი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ალლაჰის სახელის ღირებულების განმარტებისას ამბობს: „ალლაჰი ნიშნავს ყველა ქმნილების მიერ აღიარებულ ღვთაებას, რომელსაც ემსახურებიან და ასევე, ყოველი ქმნილებისადმი ულუჰიეთისა და რუბუბიეთის მფლობელს.“[3]

სიტყვა „ალლაჰს“ არ გააჩნია მსგავსი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სახელი ერთადერთი ბატონ-პატრონისა და ღვთაების სახელია, მის გარდა სხვაზე წოდება არ შეიძლება. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„19/65. იგი ღმერთია ცათა და ქვეყნის და რაც მათ შორისაა. მაშ, თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში! განა იცი ვინმე მისი თანამოსახელე?“

„რაჰმანი“ კი, მხოლოდ ალლაჰის კუთვნილი სახელია და მის გარდა სხვაზე წოდება არ შეიძლება. ასევე, ეს სიტყვა ნიშნავს „ერთადერთი წყალობის მომცემსა და უსაზღვროდ შემწყნარებელს“. ამის გამოა, რომ სიტყვა „რაჰმანი“, სიტყვა „რაჰიმ“-ამდეა გადმოცემული. იმამ ქურთუბი ამბობს: „სწავლულები ერთხმად ამბობენ, რომ სახელი „არ-რაჰმან“-ი ალლაჰის კუთვნილი სახელია და მის გარდა სხვაზე წოდება არ შეიძლება.“[4]

„არ-რაჰიმ“ - უსაზღვროდ მწყალობელს ნიშნავს. ეს სახელი ყურანში ძირითადად გამოიყენება სიტყვა „ღაფურ“-ის ერთად, რაც ნიშნავს ძალიან მპატიებელს. ალლაჰი ბრძანებს:

„2/160... მე ვარ მიმტევებელი, მწყალობელი!“

„12/98... უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია.““

სიტყვა რაჰიმ-ი გამოიყენება, როგორც ალლაჰისთვის ასევე სხვისთვის. ვინაიდან, ალლაჰმა მის მიერ გამოგზავნილი შუამავალი, მუჰჰამედი შეაქო და „რაჰიმ“-ით მოიხსენია:

„9/128. ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენივე წიაღიდან. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი!“

„არ-რაჰმან“ და „არ-რაჰიმ“ სიტყვები ერთდროულად, როდესაც გამოიყენება, „არ-რაჰმან“-ში სამყაროში ყველაფრის მომცველი იგულისხმება. „არ-რაჰიმ“-ი კი, იმქვეყნად მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნეების მიმართ გამოიყენება. იმამ ქურთუბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „არ-რაჰმანი კონკრეტულია, როგორც სახელი და ზოგადია, როგორც ქმედება. ხოლო, არ-რაჰიმი ზოგადია, როგორც სახელი და კონკრეტული, როგორც ქმედება. ეს სწავლულთა შეხედულებაა.“[5]

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„33/43... და სწორედ იგია მწყალობელი მორწმუნეთა!“

ბისმილლაჰ-ი ყურანის ერთ-ერთი აიათია?

უმმეთის სწავლულებმა ერთხმად განაცხადეს, რომ „ბისმილლაჰ“ სურა ნამლ-ის ერთ-ერთი აიათია, ხოლო სურა თავბა-ს არა. ვინაიდან, სურა თავბა და სურა ენფალ-ი განხილულია, როგორც ერთი სურა.

სურა ნამლ-ის 30-ე აიათში გადმოცემულია:

„27/30. უეჭველად, ეს (შეტყობინება) სულეიმანისგანაა და მასში ნათქვამია: „სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა!“

აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, „ბისმილლაჰ“ -ი რომელიმე სურა-ს დამწყები აიათია, თუ უბრალოდ სურეების ერთმანეთისგან გამყოფი.

პირველი შეხედულების მიხედვით, „ბისმილლაჰ“-ი არც სურა ფათიჰას და არც სხვა სურეების საწყისი და ყურანის აიათი არ არის. ეს შეხედულება მალიქ ბინ ანასისა და ჰანეფისტებისაა.

მეორე შეხედულების მიხედვით, „ბისმილლაჰ“ -ი როგორც სურა ფათიჰას, ასევე მთლიანი ყურანის შემადგენელი ერთ-ერთი აიათია. ამ შეხედულებას იზიარებენ: ალი ბინ აბუ ტალიბ, იბნ აბბას, იბნ ომარ, იბნ ზუბაირი და აბუ ჰურაირა (ალლაჰმა შეიწყალოს ისინი), ათა, თავუს, საიდ ბინ ჯუბაირ, მაქჰულ, ზუჰრი, აბდულლაჰ ბინ მუბარექ, შაფი’ი, ისჰაყ ბინ რაჰავეიჰ, აბუ უბეიდ ყასიმ ბინ სალლამ.

მესამე შეხედულების მიხედვით, „ბისმილლაჰ“-ი ყურანის ერთი აიათია. ხოლო, სურა ფათიჰაში აიათი არ არის. სურეების ერთმანეთისგან გამოყოფის მიზნითაა. ეს შეხედულება ეკუთვნის აბუ ჰანიფას, იბნ მუბარექს, აჰმედ ბინ ჰანბელსა და სხვებს.“[6]



[1] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 1/106.

[2] ჰასენი, ას-სუიუტი: ჯამიუ’ს-სა’ირ: 6284; ჰადისზე რაც უნდა ითქვას, ის ჰასენია. იხ. სხვა წყაროები: ალ-აინი, უმდეთუ’ლ-ყარი: 1/11; ალ-აზიმაბადი ავნუ’ლ-მაბუდ: 13/127; შევქანი, ნეილუ’ლ-ავთარ, 1/17;

[3] სულეიმან ბინ აბდულლაჰ, თეისიირუ’ლ-აზიზი’ლ-ჰამიდ: 9

[4] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 1/106’

[5] ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 1/105;

[6] იბნ ქესირ, თეფსირუ’ლ-ყურ’ანი’ლ-აზიმ, 1/116-117; ქურთუბი, ალ-ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 1/93;