19 July 2022

16. სურა ნაჰლ აიათი 35-37

 16/35. და თქვეს იმათ, ვინც თანაზიარს უდგენდა: ალლაჰს რომ ენება, არ ვეთაყვანებოდით მის გარდა არავის არც ჩვენ და არც ჩვენი მამები, და (ალლაჰის ბრძანების საწინააღმდეგოდ) არაფერს არ ავკრძალავდით.’ ამგვარად მოიქცნენ ისინიც, ვინც იყო მათზე უწინ. და განა შუამავლებს რაიმე ევალებათ, ცხადი შეტყობინების გარდა?!

36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი (მოწოდებისთვის), რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან იყვნენ ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე და იყვნენ ისეთნიც, რომელთაც განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო ცრუდ შემრაცხველთა აღსასრული!

37. ძალიანაც რომ გინდოდეს მათი სწორ გზაზე დაყენება, ალლაჰი მაინც არ უწინამძღვრებს სწორ გზაზე იმას, ვისაც გზიდან ააცდენს, და მათ არავინ ეყოლებათ შემწე.

ალლაჰი გვამცნობს მუშრიქების მდგომარეობას, რომლებიც მიზეზად ბედ-იღბალს ასახელებენ და ამბობენ: ალლაჰს რომ ენება, არ ვეთაყვანებოდით მის გარდა არავის არც ჩვენ და არც ჩვენი მამები, და (ალლაჰის ბრძანების საწინააღმდეგოდ) არაფერს არ ავკრძალავდით.’ სიტყვები ‘და (ალლაჰის ბრძანების საწინააღმდეგოდ) არაფერს არ ავკრძალავდით.’ ეხება უსაფუძვლო ჰუქმებს, რომლებიც თვითონვე გამოიგონეს ყოველგვარი საყრდენის გარეშე. ამით იმის თქმა სურდათ, რომ ალლაჰს მათი ქმედებები, რომ არ მოწონებოდა, მაშინ სასჯელს მოუვლენდა და მათი შესრულებისთვის საშუალებას არ მისცემდა.

თუმცა, ალლაჰი მათი სიტყვების საწინააღმდეგოთ პასუხობს: ‘განა შუამავლებს რაიმე ევალებათ, ცხადი შეტყობინების გარდა?!’ ანუ, მდგომარეობა ისე არ არის, როგორც თქვენ აცხადებთ. პირიქით, თქვენს ქმედებებზე ყველაზე მკაცრი ფორმითაა პასუხი გაცემული და აკრძალული. ყოველი ერი, ვისთანაც შუამავალი გაიგზავნა, მოწოდებული იყო, რომ ეთაყვანათ მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისკენ და მის გარდა სხვაზე ღვთისმსახურება არ აღესრულებინათ. ხალხს მოუწოდეს: ‘ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს’. მაშინ, როდესაც ნუჰ შუამავლის ხალხთა შორის შირქმა (მრავალღმერთიანობამ) იჩინა თავი, გამოგზავნა რასულები[1], რომელთა შეტყობინებაც ეს იყო. შუამავალი ნუჰი პირველი იყო, როგორც რასულ-ი. რასულ-თა ჯაჭვი კი, კაცობრიობის შუამავლის, მუჰამმედის გამოგზავნით დასრულდა. ყოველმა მათგანმა იქადაგა ის, რაც ალლაჰმა ბრძანა: ‘21/25. და არ წარგვიგზავნია შენზე უწინ ერთი შუამავალიც კი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ‘არ არსებობს ღვთაება ჩემს გარდა. ასე, რომ მხოლოდ მე მეთაყვანეთ.’“ სხვა ადგილას ალლაჰი ბრძანებს: „43/45. და ჰკითხე მათ, ვინც წარმოვგზავნეთ შენზე უწინ შუამავალთაგან: ‘განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა?’“ უზენაესი ალლაჰი ამ აიათშიც იგივეს ბრძანებს: „და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი (მოწოდებისთვის), რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს.“

ყოველივე ამის შემდეგ, როგორ შეუძლია რომელიმე მუშრიქს ალლაჰზე თავიანთი გზასაცდენილობის დაბრალება? ამგვარად ალლაჰმა მათი განცხადება უარყო. ვინაიდან, მათ ამის გაკეთება შუამავალთა საშუალებით აუკრძალა. ხოლო, ბედ-იღბლიდან (ბედისწერიდან) გამომდინარე კი, მათ ამის გაკეთების საშუალება მისცა. ასე, რომ მათ ამასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი არ აქვთ. ჯოჯოხეთის, მათში შემსვლელი ეშმაკებისა და ქააფირების გაჩენასთან ერთად, ალლაჰი არ არის კმაყოფილი რომ გაჩენილებმა ურწმუნოება აირჩიონ. ამ საკითხში ყველაზე ძლიერი დალილი და სიბრძნე მოიძებნება.

შუამავალთა მოწოდებების შემდეგ, მათი ამქვეყნად დასჯის შესახებ ბრძანებს: „მათგან იყვნენ ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე და იყვნენ ისეთნიც, რომელთაც განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო ცრუდ შემრაცხველთა აღსასრული!“ - ანუ, ნახეთ თუ როგორია მათი დასასრული, ვინც ეწინააღმდეგება შუამავლებს და უარყოფს ჭეშმარიტებას.

„47/10. განა, არ უვლიათ მათ ქვეყანაზე? მაშ, შეხედონ, როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, გაანადგურა ალლაჰმა ისინი და ურწმუნოებისთვისაა მისი მსგავსი.“

„67/18. უკვე ცრუდ შეურაცხავთ იმათაც, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ, და როგორი იყო ჩემი რისხვა?!“

ხსენებული სასჯელი როგორი იყო იკითხეთ (გაიგეთ).

შემდეგ კი, ალლაჰი გვამცნობს, რომ მიუხედავად შუამავლის დიდი წადილისა, ისინი არ დადგებოდნენ ჭეშმარიტ გზაზე,  თუ ალლაჰმა არ ისურვა მათი სწორ გზაზე დაყენება - „ძალიანაც რომ გინდოდეს მათი სწორ გზაზე დაყენება, ალლაჰი მაინც არ უწინამძღვრებს სწორ გზაზე იმას, ვისაც გზიდან ააცდენს, და მათ არავინ ეყოლებათ შემწე.“

სხვა აიათში ალლაჰი ბრძანებს: „5/41... მას, ვის აცდენასაც ალლაჰი ინებებს, შენ ვერაფრით შეეწევი ალლაჰის წინაშე.“

ნუჰ შუამავალმა ხალხს უთხრა: „11/34. და ვერ გარგებთ თქვენ ჩემი დარიგება, რომც ვისურვო თქვენთვის კეთილი რჩევის მოცემა, თუკი ალლაჰს ნებავს, რომ გზას აგაცდინოთ...“

„7/186. ვისაც გზას აუბნევს ალლაჰი, არავინ ეყოლება ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი. იგი დატოვებს მათ თავიანთ ბოროტებაში.“

„10/96. ისინი, ვისაც აუხდა შენი ღმერთის სიტყვები, არ ირწმუნებენ. 97. თუნდაც ყველა სასწაული ებოძოთ, ვიდრე არ ეწევათ მტაჯველი სასჯელი.“

უეჭველად მოხდება ის, რაც სურს ალლაჰს და არ მოხდება ის, რაც არ სურს მას. ვინ უბოძებს სხვას ჭეშმარიტ გზას, მაშინ როდესაც ალლაჰმა დაადგინა იგი ცრუ გზაზე? ვერავინ. მათ არ ჰყავთ დამხმარე, რომელიც ალლაჰის სასჯელს განარიდებს, რადგან „7/54... განა, მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!“

იბნ ქასირი



[1] ალლაჰის მიერ, შარიათითა და წიგნით გამოგზავნილები.