23 July 2021

თავშიც და ბოლოშიც თავჰიდი

 უზენაესი ალლაჰი სურა ბაყარას 133-ე აიათში ია’ყუბსა და მის შვილებს შორის დიალოგს გადმოგვცემს:

2/133. ნუთუ მომსწრენი იყავით იმისა, თუ როგორ ეახლა სიკვდილი ია’ყუბს? მაშინ ჰკითხა მან თავის ძეთ: ვის სცემთ თაყვანს ჩემ შემდგომ? მიუგეს: შენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და ღმერთსა შენი წინაპრებისას: იბრაჰიმისას, ისმაილისას და ისჰაყისას, ერთადერთ ღვთაებას, და ჩვენ ვართ მუსლიმი (მორჩილნი) მისი.

ამ ამბავში ორი რამ საყურადღებოა:

1.                   შუამავალი სიკვდილის მოახლოების დროსაც კი იმას განიცდის, რომ შვილებს და უმმეთს ნასიჰათი გადასცეს. ბოლო წუთებშიც კი, ცდილობს რომ ჭეშმარიტება შეახსენოს. ეს გვიჩვენებს იმას, რომ შუამავლების ამქვეყნიური ყველაზე დიდი სადარდებელი ხალხის ჭეშმარიტი გზისკენ მოპატიჟებაა. საჭიროა, რომ ჩვენც გავითვალისწინოთ ეს.

2.                   შუამავლების პირველი მოწოდებაც და ბოლოც - თავჰიდია. ადამიანებს ცხოვრების დასაწყისშიც, განმავლობაშიც და ბოლოშიც თავჰიდისკენ მოუწოდებდნენ. ზოგიერთების მსგავსად არ ამბობდნენ: ‘როდის დავასრულებთ თავჰიდზე საუბარს და როდის გადავალთ სხვა თემებზე?!’ ისინი გადარჩენას დასაწყისშიც და ბოლოშიც თავჰიდში ეძებდნენ. ეს კი, მართლაც რომ საყურადღებოა.

დაე, უზენაესმა ალლაჰმა მცირე დროითაც კი არ გვამყოფოს თავჰიდისგან შორს. (ალლაჰუმმა ამინ)