15 July 2021

ნასიჰათი (რჩევა-დარიგება) მოკამათეებს

 ქება-დიდება ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან შორს მყოფ ალლაჰს. მშვიდობა და სალამი მთელი სამყაროსთვის წყალობად გამოგზავნილ შუამავალს - მუჰამმედს.

ეს ნასიჰათი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი თქვენთვისაა. სოციალურ პლატფორმაზე ყველა ჩვენგანს მიუღია დებატებში, კამათში და „ორთაბრძოლაში“ მონაწილეობა.

მუსლიმანი გონიერია და რაიმეს გაკეთებამდე მის შედეგზე დაფიქრდება. ასევე, წინა ცხოვრებისგან გაკვეთილს მიიღებს და ამგვარად, სამომავლოდ გონივრულად იმოქმედებს.
მეც მიკამათია სოციალურ ქსელში და დიდი ალბათობით შენც... საკუთარ თავს ვკითხოთ: რა არის ჩვენი მიზანი მაშინ, როდესაც საწინააღმდეგო მხარეს ვეკამათებით? ის, რომ ჭეშმარიტებას ეზიაროს თუ მისი დამცირება და სხვაზე იმის ჩვენება, თუ როგორ „გავთელეთ“ იგი და ამგვარად, როგორ დავაკმაყოფილეთ საკუთარი ვნებები კამათის დროს?

იმამ ღაზალიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „იცოდე, რომ დისკუსია, რომელსაც თან ახლავს მეორე მხარის დამცირება და გაჩუმება, ხალხის თვალში სტატუსის ამაღლება და სიამაყე, ალლაჰის წინაშე ყოველი ცუდი ზნეობის წყარო და ალლაჰის მტრის, იბლისის მოსაწონი ქმედებაა.“[1]

დაფიქრდი! როგორ მოიპატიჟა ალლაჰის მტრები, მუშრიქები ალლაჰის შუამავალმა (მშვიდობა და სალამი მას)? შეუსაბამოდ ეკამათა მათ თუ წესისამებრ მოიპატიჟა?

„26/23. ფარაონმა უთხრა: „რას ნიშნავს ღმერთი სამყაროთა?“

24. მიუგო: „იგია მეუფე ცათა და ქვეყნის და იმის, რაც მათ შორისაა, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!“

25. უთხრა (ფარაონმა) მის გვერდით მყოფთ: „განა არ გესმით?“

26. უთხრა (მუსამ): „იგია ღმერთი თქვენი და თქვენი წინაპრების!“

27. მიუგო (ფარაონმა): „უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილი შუამავალი შეშლილია!“

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შუამავალ მუსას ფარაონმა შეშლილი უწოდა. თქვენი აზრით როგორ უპასუხა მუსამ?! და ჩვენ რომ ვყოფილიყავით როგორ ვუპასუხებდით?

მოპატიჟების დროს ვინმე თაქფირისტს ან ხარიჯიტს როცა გვიწოდებს ან შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ეგრევე ვბრაზდებით ან ვინმე კონტრ-არგუმენტს თუ მოგვიყვანს, ეგრევე ვფიქრობთ, რომ ჩვენც აუცილებლად რაიმე უნდა ვუპასუხოთ და ამგვარად ჩვენს ვნებებს ვასიამოვნებთ! რას ვაკეთებთ?!

„26/28. უთხრა (მუსამ): „იგია, ღმერთი აღმოსავლეთისა, დასავლეთისა და იმისა, რაც მათ შორისაა. თუკი მოუხმობთ გონს!“

თქვენ თვითონ იხილეთ მუსას პასუხი! მას არ უთქვამს: „შენ ვის ეუბნები გიჟს! სინამდვილეში გიჟი შენ თვითონ ხარ“ და ა.შ. ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია ეს. ყურადღება მიაქციე მას, ვისაც მუსა ესაუბრება! დედამიწის ყველაზე დიდი ტაღუთებიდან ერთ-ერთი და შეხედე მუსას საუბრის მეთოდს. მიუხედავად ამისა, რატომ არ ვიღებთ მაგალითს? ნუთუ ის, ვისაც ეკამათები ფარაონზე დიდი ტაღუთია?

ეს მოკლე შეგონება პირველ რიგში ჩემთვის, შემდეგ კი თქვენთვისაა. დაე, ალლაჰმა რწმენა გაგვიძლიეროს და ამქვეყნიდან მუსლიმებად წაგვიყვანოს.



[1] იჰიაუ ულუმიდ’დინ