28 July 2021

“2/7. დაახშო ალლაჰმა მათი გულები და მათი სმენა თვალებზე საბურველი გადაჰკვრიათ და სწორედ მათ - სასჯელი დიადი.” აიათის მიხედვით, ადამიანს ურწმუნოდ ალლაჰი აქცევს. ასე, რომ ურწმუნოების რა ბრალი?

 გულის დახშობა ხდება, როდესაც გული ქუფრსა და ცოდვებს მთლიანად შეისრუტავს, რის გამოც რწმენის მიღება მისთვის შეუძლებელია. შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „თითო ცოდვა გულზე შავ წერტილს წარმოშობს.“ ერთ-ერთ აიათში ნაბრძანებია: „4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას რაიმე ჩაუზიარონ და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს...“

აიათისა და ჰადისის შეჯერებით ვხვდებით, რომ გულის გაშავებას ყველაზე მეტად შირქი ანუ ალლაჰზე თანაზიარის დადგენა იწვევს. ადამიანი ალლაჰს თანაზიარს თუ დაუდგენს და ამით მორწმუნეების წინააღმდეგ წავა, მაშინ მისი გული დღითი-დღე გაშავდება და გამუქდება. ბოლოს კი, მთელ გულს მოიცავს, რის შემდეგაც ამ ადამიანისთვის რწმენისა და თავჰიდის მიღება შეუძლებელი ხდება.

აიათი მოევლინა მუშრიქების შესახებ, რომლებიც შუამავლის წინააღმდეგ იბრძოდნენ. იმის გამო, რომ მათ გულებში შირქი მძვინვარებდა და თავჰიდის ადგილი აღარ იყო, ალლაჰმა მათი გულები დახშობილად მოიხსენია. აი ამგვარი ადამიანები არიან ისინი, რომლებისთვისაც ჭეშმარიტების კარი დაკეტილია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვილი ან ყოველი მუშრიქი ადამიანისთვის ჭეშმარიტების კარი დახურულია. ასე, რომ იყოს, მაშინ როგორ აიხსნება ის მდგომარეობა, როდესაც ათასობით კერპთაყვანისმცემელმა ისლამის ჭეშმარიტებას ეზიარა? ყოველი შირქის შემსრულებლის გული დაცობილი, რომ ყოფილიყო, მაშინ არცერთი მუშრიქი მუსლიმანი არასდროს არ გახდებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ დახშულ-გულიანები არიან ისინი, რომელთა ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნებაც შეუძლებელია. ისინი ამ ჭაობში საკუთარი ნების არასწორად გამოყენებით ეფლობიან.

შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ცოდვის პირველად ჩადენის დროს გულზე შავი ლაქა წარმოიქმნება. გულის მეპატრონე სინანულს თუ გამოხატავს და მოინანიებს, მაშინ გული ისევ გაბრწყინდება. თუ არ მოინანიებს და ცოდვას გაიმეორებს, მაშინ ლაქა გაიზრდება. ამგვარად, ლაქის ზრდა-ზრდაში, გული მთლიანად გაშავდება და სწორედ იმ მდგომარეობას მიაღწევს, რაც სურა მუტაფფიფინ-შია ნაბრძანები: ‘83/14. ჟანგი მოსდო მათ გულებს იმან, რაც შეუძენიათ!’“[1]

ჰადისის მიხედვით, ცოდვების გაგრძელება გულის სრულიად დაფარვას იწვევს. სწორედ ამ დროს ალლაჰის მხრიდან გული დაილუქება, როგორც აიათშია ნაბრძანები.

მოკლედ, რომ ვთქვათ გულის გაშავებაზე პასუხისმგებელი ადამიანია, ხოლო მის დალუქვაზე ალლაჰი. აქედან გამომდინარე, საკუთარი ურწმუნოების ალლაჰზე დაბრალება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

 



[1] თირმიზი, თეფსირუ სურე, 83, 1; იბნი მაჯე, ზუჰდ 29