06 February 2021

ჰუზეიფეს ჰადისი

ჰუზეიფე (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ისლამი დაიკარგება ისე, როგორც ტანისამოსის ნაქარგი. არ ეცოდინებათ ნამაზი, მარხვა, სადაყა და არც ყურბანი. დედამიწაზე ალლაჰის წიგნი წაიშლება ისე, რომ ერთი აიათიც არ დარჩება. მოხუცები დარჩებიან, რომლები იტყვიან: ‘ჩვენი მამები ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის გზაზე ვიპოვეთ.’ იქვე მყოფი, სახელად ‘სილა’ იკითხავს: ‘მათ არ ეცოდინებათ ნამაზის, მარხვის, სადაყისა და ყურბნის შესახებ?’ ჰუზეიფე სახეს იბრუნებს. შეკითხვას სამჯერ როდესაც გაუმეორებს, უპასუხებს: ‘ჰეი სილა! ეს სიტყვა მათ ცეცხლისგან გადაარჩენს.’“[1]

ამ ჰადისის გამოყენებით ამბობენ: „ისინი თავჰიდს მნიშვნელობის ცოდნის გარეშე წარმოთქვამდნენ, ამელი კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა გადარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უცოდინრობა საპატიოა.“

საპასუხოდ ვიტყვით:

ა) ჰადისში ნათქვამია, რომ ყურანი წაიშლება, რა დროსაც ერთი აიათიც კი არ დარჩება. ეს ჰადისი დღევანდელობას რამდენად შეესაბამება მაშინ, როცა ყურანი და მისი განმარტებები ხალხს სახლში თაროებზე უწყვია?! გასაკვირია ამგვარი რამ. როგორც უკვე ვთქვით, სწავლულებმა ახალად გამუსლიმანებულისა და შორს მცხოვრების (რომელსაც ცოდნასთან მიღწევა არ შეუძლია) მდგომარეობა საპატიოდ მიიჩნიეს. ჰადისში მოხსენებული ხალხის მდგომარეობა კი უფრო საპატიო იქნება, რადგან მათ დროს ერთი აიათიც კი არ დარჩება.

ბ) ჰადისში არ არის არავითარი მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხალხი შირქს ასრულებს. რაც შეგვიძვლია ვთქვათ მათზე არის ის, რომ ყურანის არარსებობის გამო შესასრულებელი ღვთისმსახურებები არ ეცოდინებათ, შესაბამისად ვერც შეასრულებენ.

გ) შუამავალი საუბრობს ერთ-ერთ მდგომარეობასა და დროზე. რაც შეეხება მათი გადარჩენის საკითხს:

-          გადარჩენის შესახებ საუბარი საჰაბესა და თაბი’ინს შორის მოხდა. ჰადისის მერფუ[2] ნაწილში კი, გადარჩენაზე არაფერია ნათქვამი.

თუ ითქვა, რომ ჰუზეიფეს პირადი აზრის შესახებ არაფერია ნათქვამი, რის გამოც ჰადისი სრულიად მერფუ-ია, მაშინ ვიტყვით:

-          ჰადისის ნაწილი, სადაც გადარჩენაზეა საუბარი, ახირეთში გადარჩენაზე მიუთითებს და არავითარ კავშირში არაა დედამიწისეულ ჰუქმთან.



[1] იბნ მაჯე, ჰაქიმ.

[2] მერფუ ჰადისი: ჰადისი, რომლის წყაროც პირდაპირ შუამავალია.