17 March 2019

17. ზუსტ/ნათელ/რეალურ/აშკარა ისლამს (რწმენას) ზუსტი/ნათელი/რეალური/აშკარა ქუფრი დაარღვევს/მოშლის

ეს დებულება თაქფირის საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან ერთ-ერთია. აბდულლაჰ ალ-ასარი ამბობს: „აჰლი სუნნეთის იმამებს ამ დებულების შესახებ ერთიანი აზრი გააჩნიათ.“[1]

წინა თემებშიც აღვნიშნეთ, რომ ისლამის განჩინებები (აჰქამები) ვარაუდისა და ეჭვის საფუძველზე კი არა, არამედ უდავო და ნათელი არგუმენტების საფუძველზეა აგებული. შევეცდებით, რომ ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განვმარტოთ და საჭირო არგუმენტებიც მოვიყვანოთ. დამხმარე და წარმატების მომცემი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია.

როგორც ცნობილია, ისლამში სხვადასხვა ჰუქმი ეჭვისა და ვარაუდის მიხედვით არ გაიცემა. ეჭვს ისლამში ადგილი არ აქვს. საეჭვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანზე ჰუქმი არ გაიცემა. ყოველივე ამის გამო, სასჯელის განხორციელებისთვის ძალიან მძიმე პირობებია წამოყენებული. მაგალითად, ზინის (მრუშობის) დასამტკიცებლად პირობებიდან ერთ-ერთი ოთხი მოწმის არსებობაა. აქედან გამომდინარე, დამნაშავის, ამ შემთხვევაში მრუშის წინააღმდეგ სამი მოწმე თუ არსებობს და მეოთხე არა, მაშინ ის სასჯელს ვერ მიიღებს. ისლამში ამ ჭეშმარიტების ფორმულა შემდეგნაირია: „სასჯელი ყველაზე პატარა ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი უქმდება.“ ეს ასეა, რადგან ეჭვი ჭეშმარიტების წინაშე არაფერს არ ნიშნავს.

ამგვარი შესავალის შემდეგ დებულების ახსნა-განმარტებას შევუდგეთ:

როგორც ცნობილია, სიტყვა „სარიჰ“-ი ნათელს, ღიას, სუფთას ნიშნავს. დებულებაში კი, მისი მნიშვნელობა „უეჭველობაა“ ანუ ის, რაც უეჭვო, სანდო და აშკარაა. აქედან გამომდინარე, „სარიჰ ისლამს მხოლოდ და მხოლოდ სარიჰი ქუფრი მოშლის“ მნიშვნელობა შემდეგია: ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფ ისლამს/რწმენას მხოლოდ და მხოლოდ ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფი და აშკარა ქუფრი მოშლის/დაარღვევს. საეჭვო ქმედებებზე დაყრდნობით პიროვნების ურწმუნოდ გამოცხადება, რომლის რწმენაც/ისლამიც ყოველგვარი ეჭვისგან შორს არის (ანუ მისი რწმენა მყარია) დაუშვებელია. მსგავსი პიროვნების ურწმუნოდ გამოცხადება ეჭვის საფუძველზე კი არა, არამედ მზესავით ნათელი ქუფრის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ხოლო ის, ვინც ამის საწინააღმდეგოს აცხადებს, მაშინ მას ამ საკითხში მცირეოდენი ცოდნაც კი არ გააჩნია.

მანამ, სანამ არგუმენტებს მოვიყვანდეთ, გვინდა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ: როგორც წინა თემებში ვისაუბრეთ, ისლამში არსებული ნებისმიერი რამ, რომელიც ყოველგვარი ეჭვისგან შორს დგას, ვარაუდის ან ეჭვის საფუძველზე მოშლილი/გაუქმებელი ვერ იქნება. ეს ფიყჰის მთავარი წესებიდან პირველია. ახლა კი, ცოტა რამ ამის შესახებ ვთქვათ...

ყოველგვარი ეჭვის გარეშე აღიარებული/გადაწყვეტილი რამ, ეჭვისა და ვარაუდის საფუძველზე არ უქმდება

ისლამის სწავლულებმა ფიყჰის[2] წესების შიგნით, რომელთა სახელებია „ალ ყავაიდუ’ლ ფიყჰიიე“ ან „ალ ყავაიდუ’ლ ყულლიიე“, მოათავსეს დებულება/წესი, რაც ზემოთ აღვნიშნეთ.[3] ეს დებულება, როგორც ფიყჰის საკითხებში, ასევე სხვა, დანარჩენი საკითხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დებულების მიხედვით, უამრავი ფიყჰისა და აყიდის შესახებ ჰუქმები გამოცემულა.

ამ დებულების (ყაიდის) არგუმენტი

ამ ყაიდის (სამართლებრივი ნორმის) მთავარი არგუმენტი ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ გადმოცემული ზოგიერთი ჰადისია. იმამ მუსლიმი საჰიჰის კრებულში გადმოსცემს:

„ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იმ პიროვნების შესახებ ჰკითხეს, რომელიც ნამაზის შესრულების დროს ფიქრობდა, რომ აბდესი მოეშალა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘მსგავს მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ნამაზს ვერ მიატოვებს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს.“[4]
ასევე, იმამ მუსლიმის მიერ გადმოცემული ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „თქვენგან რომელიმე ნამაზის შესრულების დროს მუხლების რაოდენობაში თუ დაეჭვდა (ზუსტად არ იცის სამი მუხლი ილოცა თუ ოთხი), მაშინ მიატოვოს ის, რაზეც ეჭვი ეპარება და შეასრულოს ის, რის შესახებაც ფიქრობს, რომ უდავოა. შემდეგ კი, სალამის მიცემამდე (ნამაზის დასრულებამდე) ორჯერ ორი სეჯდე შეასრულოს! ხუთი მუხლი თუ აქვს ნალოცი, მაშინ შესრულებული ორი სეჯდე მის ნამაზს დააწყვილებს. ხოლო, ოთხი მუხლის შემთხვევაში ეს ორი სეჯდე ეშმაკის დამცირებაში ჩაეთვლება.“[5]

იმამ ნავავი პირველი ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ეს ჰადისი ისლამის ფუძეებიდან და ფიყჰის დოგმებიდან ერთ-ერთი დიდი ყაიდაა. რამეში/რაღაცაში არსებული ნამდვილი მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, სანამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე არსებული ნამდვილი მდგომარეობის საწინააღმდეგო ცნობილი არ იქნება. ამის შემდგომ მოსული ეჭვები, არსებულ სინამდვილეს ზიანს ვერ მიაყენებს. იგივე მდგომარეობაა ჰადისშიც ანუ ვისაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე სჯერა, რომ აბდესიანია, ამის შემდეგ აბდესის მოშლის შესახებ თუ დაეჭვდება, მაშინ მასზე ვიტყვით, რომ ის აბდესიანია...“[6]

ჰადისში აშკარაა ის, რომ უდავო რაღაცის/რამის გაუქმება ეჭვის საფუძველზე დაუშვებელია. ამგვარი ჰადისებიდან გამომდინარე სწავლულებმა ჩამოაყალიბეს ყაიდა (სამართლებრივი ნორმა), რომლის საფუძველზეც უამრავი საკითხია აგებული. ამ საკითხებს შორის ერთ-ერთი არის ის, რომ პიროვნების, რომლის ისლამიც მყარია, ეჭვისა და ვარაუდის საფუძველზე ურწმუნოდ გამოცხადება დაუშვებელია, რადგან ასეთი პიროვნების ისლამი (რწმენა) მყარი და აშკარაა, ქუფრი კი, მყარი/აშკარა არ არის.

აქედან გამომდინარე, ისეთ პიროვნებაზე, რომელმაც უარყო ურწმუნოება და იწამა ალლაჰი, თაქფირის გამოტანა ძალიან რთულია ქუფრის ისეთ საკითხებში, რომლის არგუმენტიც სავარაუდო და მრავალმნიშვნელოვანია (delaleti zannî), რადგან ასეთ დროს პიროვნების რწმენა/ისლამი მყარი, ქუფრი კი, მყარი/უდავო არ არის ანუ სავარაუდოა. ვარაუდისა და ალბათობის შემთხვევაში კი, თაქფირი არ კეთდება.

იმამ ნავავის მიერ განმარტებული ყაიდა (სამართლებრივი ნორმა) უსულ ილმში[7] (ისლამის მეცნიერების მეთოდოლოგიაში) მოხსენებულია, როგორც „ისთისჰააბ“-ი. ისლამის მეთოდოლოგიის სპეციალისტების მიხედვით, ისთისჰააბის განმარტება შემდეგია: „არგუმენტის საფუძველზე არსებული მდგომარეობა იგივე დარჩება მანამ, სანამ მისი შეცვლის შესახებ რამე არგუმენტი არ იქნება.“[8] ეს წესდება ჩვენს თემასთან მჭიდრო კავშირშია. პიროვნებას მუსლიმანის ჰუქმი როდესაც მიეცემა, ეს მდგომარეობა დარჩება მანამ, სანამ მისი ურწმუნოების შესახებ მზესავით ნათელ არგუმენტებს არ დავინახავთ. თუმცა მაშინ, როცა ჩვენს ხელთ არსებული არგუმენტი მისი მდგომარეობის (ამ შემთხვევაში რწმენის) საწინააღმდეგო იქნება, მაშინ ჩვენ მასზე ვიტყვით, რომ ქუფრში ჩავარდა. ასეთ შემთხვევაში, მისი ქუფრის შესახებ აუცილებელია მყარი არგუმენტი, რომელიც არავითარ ეჭვს არ დატოვებს. მოყვანილ არგუმენტში ეჭვი თუ იქნება, მაშინ ჩვენ მსგავს პიროვნებაზე ჰუქმს არ შევცვლით და ის ისევ მუსლიმანი დარჩება, რომელი ჰუქმიც მყარი არგუმენტების საფუძველზე მიიღო.



[1] აბდულლაჰ ალ-ასარი, ‘ალ-იმან; ჰაყიყათუჰუ ვა ნავაყიდუჰუ ინდე აჰლი’ს-სუნნა ვა’ლ ჯამაა’, 1/122
[2] ფიყჰი - ყურანისა და ჰადისების გაგებისთვის შეგროვილი ინფორმაციაათუმცაფიყჰი არც ყურანია და არც ჰადისიარამედფიყჰი ყურანისა და ჰადისის გაგების ფორმაა.
[3] აბდულქერიმ ზეიდან, „ალ-ვეჯიზ ფი შერჰი’ლ-ყავაიდი’ლ-ფიყჰიიე’, გვ. 35
[4] მუსლიმ, ქითაბუ’ლ ჰაიზ, 98. (361)
[5] მუსლიმ, ქითაბუ’ლ მესჯიდ, 88. (571)
[6] იმამ ნავავი, ‘შერჰუ მუსლიმ“, 4/38
[7] ისლამის მეცნიერების მეთოდოლოგია
[8] მუსტაფა საიდ ალ-ჰინნ, ‘ელ-ყააფიი’ლ-ვაფი ფი უსული’ლ-ფიყჰი’ლ-ისლამი’, გვ: 203. თურქული ენის მცოდნეს შეუძლია იხილოს: ზეყიიიუდდინ შაბან, ‘ისლამის კანონების მეცნიერების საფუძველი’, გვ: 217; ფაჰრედდინ ათარ, ‘ფიყჰის უსული’, გვ: 75; აბდულქერიმ ზეიდან, ‘ფიყჰის უსული’, გვ: 251