03 February 2019

107. სურა მაა'უუნ აიათი 1-7



107/1. დაინახე იგი, ვინც რელიგიას/ისლამს სიცრუედ რაცხავს?
2. აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს,
3. და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი.
4. ვაი, იმ მლოცველების მდგომარეობას,
5. ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!
6. ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!
7. და დახმარების ხელის გაწვდენაზე უარს ამბობენ.

განმარტება:

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ჰეი მუჰამმედ! „დაინახე იგი, ვინც რელიგიას/ისლამს სიცრუედ რაცხავს?“. სიტყვა რელიგიაში სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება, სასჯელი და მადლი იგულისხმება.
„აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს“ - ანუ ის, ვინც ობოლს აწყენინებს, მის უფლებებს არღვევს, საკვებით არ უზრუნველყოფს და კეთილად არ ეპყრობა.
„და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი“ - უზენაესი ალლაჰის ეს ბრძანება, სხვა აიათის მსგავსია:
„89/17. არამც და არამც! თქვენ თავად პატივს არ მიაგებთ ობოლს,
18. და არ აქეზებთ ერთმანეთს ღატაკთა დასაპურებლად.“
ღატაკი არის ის, ვისაც მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი სარჩო არ გააჩნია.

ამის შემდეგ, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ვაი, იმ მლოცველების მდგომარეობას, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!“ იბნი აბბასი და სხვები ამბობენ: აიათში მუნაფიყები იგულისხმებიან, რომლებიც გარეგნულად/საჩვენებლად ნამაზს ასრულებენ, ფარულად კი, არა. ალლაჰმა ბრძანა: „ნამაზის მლოცველნი“, რაც ნამაზის ეჰლს გულისხმობს, რომლებმაც ნამაზის აუცილებლობა საკუთარ თავზე იკისრეს, შემდეგ კი, მას (ნამაზს) უგულისყუროდ მოექცნენ. ამის მნიშვნელობა კი, როგორც იბნი აბბასმა თქვა, ნამაზის სრულად შესრულებაში უგულისყურობა იგულისხმება ან როგორც მასრუქმა და აბუ დუჰამ თქვეს, ნამაზის დროის მიმართ უგულისყურობა და ნამაზის დროის გაცდენა იგულისხმება.

ასევე, ამ სიტყვებში შეიძლება, რომ ნამაზის თავის დროზე შეუსრულებლობა ან ნამაზის პირობებისა და წესების მიმართ უგულისყურობა ან ნამაზის შესრულების დროს მისი უგულისყუროდ, დაფიქრების გარეშე შესრულება იგულისხმებოდეს.
აიათის მნიშვნელობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას მოიცავს. აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ნაწილის მატარებელი პიროვნება აიათის ქვეშ მოექცევა. ყველა თვისების მატარებელი კი, აიათის სრულ მნიშვნელობას მიიღებს, რაც მის ნიფაყს (ორპირობას) გამოააშკარავებს.

ბუხარისა და მუსლიმის სახიხში, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „აი ეს მუნაფიყის ნამაზია, აი ეს მუნაფიყის ნამაზია, აი ეს მუნაფიყის ნამაზია. დაჯდება და მზის ჩასვლას დაელოდება. ბოლოს კი, მზის ჩასვლას ცოტა დრო როდესაც დააკლდება, ადგება და ოთხ მუხლ ნამაზს სწრაფად შეასრულებს, რა დროსაც ალლაჰს ძალიან მწირედ ახსენებს.“[1]

მსგავსი პიროვნება ‘ასრ ნამაზის დროს (იქინდი-სამხრობის ნამაზს) ბოლო წუთებამდე გააჭიანურებს, შემდეგ კი, ნამაზს სწრაფად და დიდი ნაკლით შეასრულებს. ყოველივე ამის გამო ნათქვამია, რომ ისინი ნამაზის შესრულების დროს ალლაჰს ძალიან მწირედ მოიხსენებენ. დიდი ალბათობით, მსგავსი ადამიანი ნამაზს ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად კი არა, არამედ სხვის დასანახად ასრულებს. ასეთ მდგომარეობაში კი, მისი ნამაზი მიუღებელი იქნება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „4/142. უეჭველად, ის სურთ თვალთმაქცებს, რომ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ (1) (დასჯის მათ საიქიოში). და როცა ლოცვად დგებიან (2) (მორწმუნეებთან ერთად), მცონარობით დგებიან, საჩვენებლად ხალხისა და არ ახსენებენ ალლაჰს (3) (არ ლოცულობენ), მცირედის გამოკლებით.“ ჩვენს მიერ მოცემულ აიათშიც უზენაესი შემდეგნაირად ბრძანებს: „ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!“

იმამ აჰმედმა თქვა: ამრ ბინ მურრამ თქვა: აბუ უბეიდესთან ერთად ვიყავი, როდესაც ფარისევლობის შესახებ საუბრობდნენ. ზედმეტსახელად აბუ იეზიდმა თქვა: გავიგონე, როცა აბდულლაჰ ბინ ამრი ამბობდა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც შესრულებულ ქმედებას ადამიანებს შეატყობინებს, ალლაჰიც მის მდგომარეობას სხვას გააგებინებს. ალლაჰი მის მდგომარეობას ყიამეთის დღეს სხვას აცნობებს, მას შეურაცხყოფს და დაამცირებს.“

ვიტყვი, რომ:[2] ნამაზის დროის მიტოვებაში, შეიძლება ნამაზის სრულად მიტოვება ან ნამაზის დროის გაჭიანურება და ბოლო წუთებში მისი შესრულება იგულისხმებოდეს.

„და დახმარების ხელის გაწვდენაზე უარს ამბობენ“ - ანუ ისინი თავიანთ ღმერთს კარგად არ ემსახურებოდნენ და სიკეთისკენ არც სხვას მოუწოდებდნენ. ისინი საკუთარ ქონებას სესხის სახით (დროებით გამოყენების პირობით) სხვას არ აძლევენ, თუნდაც უკან დაბრუნების გარანტია ჰქონდეთ. ასეთი პიროვნებები ზექათის გაცემასა და ალლაჰთან დასაახლოებელ სხვა ღვთისმსახურებებსაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

იბნ აბუ ნეჯიჰი მუჯაჰიდისგან გადმოგვცემს: ალიმ თქვა: სიტყვა ‘მაა’უუნ’-ში ზექათი იგულისხმება. სუდდიმაც აბუ სალიხიდან, მან კი, ალისგან იგივენაირად გადმოგვცა. ეს ასევე, მრავალი გზიდან, იბნი ომერისგანაცაა გადმოცემული. იგივენაირად ფიქრობენ მუჰამმედ ბინ ალ ჰანეფიიე, სადი ბინ ჯუბაირი, იქრიმე, მუჯაჰიდი, ათა, ათიიე ალ ავფი, ზუჰრი, ჰასანი, ყათადე, დაჰჰაყი და იბნი ზეიდი.

ჰასანი ბასრიმ თქვა: მსგავსი პიროვნება ნამაზის დროის გაჭინაურების გამო წუხილს არ გრძნობს და არც ქონების ზექათს გასცემს.
ზეიბ ბინ ასლამმა თქვა: ისინი მუნაფიყები არიან. ნამაზს სხვის დასანახად ასრულებენ, ხოლო ზექათს ფარულად გაცემის გამო არ გასცემენ.[3]
იბნ აბუ ნეჯიჰი მუჯაჰიდისგან, ეს კი, იბნი აბბასისგან გადმოგვცემს: სიტყვა „მაა’უუნ“- ში სახლის ნივთები იგულისხმება. მუჯაჰიდმა, იბრაჰიმი ან-ნეჰაიმ, საიდ ბინ ჯუბაირმა, აბუ მალიქმა და სხვებმაც თქვეს, რომ მასში სახლის ნივთების გასესხება იგულისხმება.
იქრიმემ თქვა: მაა’უუნ-ის სათავე ქონების ზექათი, მინიმუმი კი, საცერი, სათლი და ნემსია.
მსგავსი, რამ იბნი ჰათიმმაც გადმოსცა. იქრიმეს ეს ნათქვამი კარგია, რადგან მსგავსი განმარტება ყველა დანარჩენ შეხედულებას მოიცავს. ყველა განმარტებას იგივე მიმართულება აქვს, რაშიც ქონებისა და სასარგებლო გზებით ერთმანეთის დახმარების მიტოვება იგულისხმება. ამის გამო, მუჰამმედ ბინ ქა’ბმა სიტყვა „მაა’უუნ“-ი განმარტა, როგორც სიკეთის დაბრკოლება.

მაა’უუნ სურას თაფსირის დასასრული. ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის.




[1] წყარო ნისა სურას 142-ე აიათის თაფსირშია მოცემული
[2] წიგნის ავტორის სიტყვებია ანუ იბნი ქესირისა
[3] იმის გამო, რომ ზექათი ფარულად გასაცემია, მას არ გასცემენ, რადგან მათი მიზანი სხვის დასანახად მოწყალების გაცემაა და მეტი არაფერი