28 April 2024

14.0 მეშვიდე პუნქტი

·   ჯადოს გაკეთება. სარფ[1] -იც და ათფ[2] -იც ჯადოს სახეობებიდანაა. ვინც, მას გააკეთებს ან მისი შესრულებისთვის კმაყოფილი იქნება, ქააფირი გახდება.

ამის არგუმენტი ალლაჰის შემდეგი აიათია:

„სურა ბაყარა 2/102... მაგრამ ეს ორი ისე არ ასწავლიდა ხალხს, თუ არ ეტყოდნენ: ჩვენ ვართ ცდუნება (გამოცდა თქვენთვის), (ჯადოსნობის შესწავლით) არ იქმნათ ურწმუნონი!“

პიროვნების მიერ სიჰრის[3] გაკეთება ან გაკეთებინება

სწავლულთა უმეტესობის მიხედვით, ჯადოს გაკეთება დიდი ქუფრია, რომელიც ადამიანს რწმენას აკარგვინებს. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით კი, იგი პატარა ქუფრია, რომელიც ადამიანს რწმენას არ აკარგვინებს. თუმცა, სხვა ქუფრ ქმედებას თუ გამოიწვევს, მაშინ დიდი ქუფრია და მოქმედ პირს რწმენას დააკარგვინებს.

სიჰრის განმარტება

სიჰრი ჯადოს ნიშნავს. ის, რისი საფუძველიც/წყაროც დამალულია. მოტყუების მიზნით, რაღაცის სხვაგვარად შემობრუნება. გამოიყენება სიცრუისა და მოტყუების დროს.[4]

იმამ ყურტუბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „სიჰრი არის მოტყუებითა და ცბიერებით რაღაცის სხვაგვარად ჩვენება. ეს კი სრულდება ჯადოქრის მიერ გარკვეული ქმედებების შესრულებით და სიტყვების წარმოთქმით. შედეგად კი, მოჯადოებული ამა თუ იმ საგანს რეალობისგან განსხვავებულად აღიქვამს. ასევე, სიჰრს საიდუმლოს მნიშვნელობაც აქვს. ვინაიდან, ჯადოს მკეთებელი ჯადოს მალულად აკეთებს...“[5]

ისლამის ტერმინოლოგიაში მისი მნიშვნელობა შემდეგია: „ე.წ. ჯადოქრების მიერ საკუთარი ძალებით ან ჯინების დახმარებით ან წამლების გამოყენებით თაღლითობა და ხრიკი.“

დიახ, სიჰრი ხრიკი და თაღლითობაა, თუმცა ყოველი თაღლითობა და ხრიკი სიჰრი არ არის. ასევე, პირობაა რომ შემსრულებელი ჯადოქარი უნდა იყოს. ვინაიდან, ჯადოქრის გარდა სხვის თაღლითობასა და ხრიკს სიჰრი არ ეწოდება. ჯადოქარი ჯადოს გაკეთებისას ჯინს, წამალს და ა.შ, შეზღუდულ ძალას იყენებს. ასევე, ალლაჰის ნების გარეშე, ჯადოქარი სიავეს ვერავის გაუკეთებს. მხოლოდ მასზე იმოქმედებს, ვისზეც ალლაჰის ნება იქნება.

სიჰრის არსებობა

აჰლი სუნნეთის მიხედვით, სიჰრი არსებობს და ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. იმამ ყურტუბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამასთან დაკავშირებით თქვა: „აჰლი სუნნეთი ჯადოს არსებობას აღიარებს. ზოგადად მუთაზილი და შაფი’ის მეზჰების მიმყოლი აბუ ისჰაყ ალ-ასთარაბადი არ ეთანხმება ამ აზრს. თუმცა, მათ არგუმენტი არ აქვთ. ბაყარა სურას 102-ე აიათში სიჰრის სწავლაზე და სწავლებაზეა საუბარი. იგი რომ არ არსებობდეს, მაშინ მისი სწავლა და სწავლებაც არ იქნებოდა. ალლაჰი კი მის შესახებ არ გვაუწყებდა. სწორედ ეს არის ჯადოს არსებობის არგუმენტი.

ასევე, აიშა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გადმოგვცემს: ‘ებრაელმა ლაბიდ ბინ ალ-ასამმა შუამავალი მოაჯადოვა...’ ჰადისში ისეთი სიტყვებია გადმოცემული, როგორიცაა: ‘ჯადო, როდესაც მოეხსნა, შუამავალმა თქვა: ‘უეჭველად, ალლაჰმა გამომაჯანმრთელა.’ გამოჯანმრთელებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ავადმყოფობა გაივლის. ეს ფაქტიც სიჰრის არსებობის არგუმენტია. არც საჰაბეებთაგან ვინმეს უარყვია სიჰრი და არც მათი შთამომავლებიდან. იბნ აბბასმა თქვა: ‘სიჰრი (ჯადო) ეგვიპტის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ალ-ფერამაში ისწავლებოდა. სიჰრის არსებობის უარმყოფელი ქააფირია. სიჰრის უარმყოფელი ალლაჰისა და მისი შუამავლის უარმყოფელიც არის...’“[6]

იმამ ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) სიჰრის შესახებ თქვა: „სიჰრის არსებობის შეუძლებლად მიჩნევა შეუძლებელია...“[7]

როგორც განვმარტეთ, აჰლი სუნნეთის მიხედვით, სიჰრის არსებობა ჭეშმარიტებაა. ამასთან ერთად, მუთაზილები, ჰანეფის მიმდევარი აბუ მანსურ ალ-მათურიდი და აბუ ბაქრ ალ-ჯასსასი, შაფი’იდან აბუ ჯაფერ ალ-ასთარაბაზი და იმამ იბნ ჰაზმი თვლიან, რომ სიჰრი არ არსებობს. მათი აზრით ის მხოლოდ მოტყუება, გზიდან აცდენა და ხელის სისწრაფის საფუძველზე შესრულებული ქმედებებია.

ჭეშმარიტება კი, აჰლი სუნნეთის შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც, სიჰრი არსებობს. ამ საკითხისადმი არგუმენტები ყურანსა და სუნნეთში აშკარაა.

სიჰრის ზეგავლენა

სიჰრი ალლაჰის ნებითა და განკარგულებითაა.

„სურა ბაყარა 2/102... მაგრამ ამით (ჯადოსნობით) ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, თუ არა ალლაჰის ნება....“

როგორც აიათშია ნათქვამი, ალლაჰის ნება, თუ იქნება, სიჰრი იმოქმედებს. ხოლო, ალლაჰის ნების გარეშე კი, ზეგავლენა არ ექნება.

სარფ-ისა და ატფ-ის მნიშვნელობა

ორივე ჯადოს სახეობებიდანაა.

სარფ - ჯადოს საშუალებით ვიღაცის შეძულება.

ატფ - ჯადოს საშუალებით ვიღაცის შეყვარება.

ძირითადად წყვილის დაშორებისთვის ან ერთად ყოფნისთვის გამოიყენებენ.

იმამ ყურტუბი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) სარფ-ისა და ატფ-ის შესახებ ამბობს: „შეუძლებელია სიჰრის ეფექტის უარყოფა, როგორიცაა შეყვარება და შეძულება. საბოლოოდ, კი ჯადოქარი ქმარსა და მეუღლეს ერთმანეთისგან დააშორებს. ეს ფაქტი კი, არაერთ ტკივილსა და ავადმყოფობას ტოვებს გულში. ყველაფერი ეს პრაქტიკით გამყარებული საკითხებია. ამის უარმყოფელი ჯიუტად განაგრძობს ჭეშმარიტების უარყოფას.“[8]

სიჰრისა და მისი გამკეთებლის ჰუქმი

სწავლულთა ერთხმიანი აზრით ჯადოს გაკეთება ჰარამია.

იმამ ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ერთხმიანი აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯადოს გაკეთება დიდი ცოდვა და ჰარამია. ვინაიდან, შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) შვიდ დიდ ცოდვათაგან ერთ-ერთი ჯადო დაასახელა.“[9]

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასენმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ბაყარა სურას 102-ე აიათის დასახელების შემდეგ, თქვა: „ეს აიათი მიუთითებს, რომ სიჰრი (ჯადო) ჰარამია. ჯადო ყოველი შუამავლის დროს ჰარამი იყო.“[10]

როგორც ვთქვით, სწავლულთა ერთხმიანი აზრით, ჯადო ჰარამია. თუმცა, სხვადასხვა აზრია შემდეგ საკითხში: „ჯადოს მკეთებელი (ჯადოქარი) ქააფირი არის, თუ არა?“

მოკლედ, რომ ვთქვათ, შემდეგი შეხედულებები არსებობს:

-                იმამ აბუ ჰანიფას, იმამ მალიქისა და იმამ აჰმედ ბინ ჰანბელის მიხედვით, სიჰრის გაკეთება ქუფრია[11]. მნიშვნელობა არ აქვს ჯადოქარმა ჯადოს ჰარამობა იწამა, თუ არა. თუმცა, ჰანბელის სწავლულების აზრით, ჯადოქარი, რომელიც ჯადოს „დალევით“[12] ასრულებს, ქააფირი არ გახდება. იმამ აბუ ჰანიფასა და იმამ მალიქის მიხედვით, ჯადოქარი მონანიებისკენ მოპატიჟების გარეშე უნდა დაისაჯოს. იმამ აჰმედ ბინ ჰანბელისგან კი, მონანიების მიღების შესახებ ორი აზრია.

-                იმამ შაფი’ის მიხედვით კი, ჯადო ჰარამია, თუმცა ქუფრი არ არის. აქედან გამომდინარე, ადამიანი მხოლოდ ჯადოს შესრულების გამო ქააფირი არ გახდება და სასჯელს არ დაიმსახურებს. ჯადოქარი, თუ ქუფრს დაიჯერებს ან ჯადოს გაკეთებას ნებადართულად ჩათვლის, მაშინ ქააფირი გახდება. ხოლო, რაც შეეხება სასჯელს: ჯადოქრის მიერ გაკეთებული ჯადო ვიღაცის სიკვდილს, თუ გამოიწვევს და იტყვის „ჩემმა გაკეთებულმა ჯადომ ის მოკლა“ ან „მე ჯადო მისი სიკვდილისთვის გავაკეთე“, მაშინ ყისასი[13] შესრულდება. სხვა შემთხვევაში, მისი „მოთვინიერება“ მოხდება და მისგან მონანიება მოითხოვება.“[14]

სიჰრის შესრულებაზე კმაყოფილების გამოხატვა

მწერალმა აშკარად განაცხადა, რომ სიჰრის შესრულებაზე კმაყოფილების გამომხატველიც იგივე ჰუქმს იმსახურებს, როგორსაც სიჰრის გამკეთებელი. იქიდან გამომდინარე, რომ მან სიჰრი დიდ ქუფრად მიიჩნია, მასზე კმაყოფილების გამომხატველიც ქააფირი გახდება. ვინაიდან, აჰლი სუნნეთის სწავლულების აზრით, „ქუფრზე კმაყოფილების გამოხატვა, ქუფრია.“[15]

„ვინც ქუფრზე კმაყოფილებას გამოხატავს ქააფირი გახდება.“[16]

იბნ ჰაჯერმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის, თუნდაც, რომ არ სწამდეს მისი ქუფრობის, მაინც ქააფირი გახდება.“ ხოლო, ვინც ამ სიტყვებზე კმაყოფილების მიზნით გაიცინებს ან ამ სიტყვებისადმი კმაყოფილებას გამოხატავს, ისიც ქააფირი გახდება.“[17]

კმაყოფილების გამოხატვა გულისხმობს შემდეგს: რაღაცის შეყვარება ან გადმოღება/მითვისება, მისი ბრძანება ან სურვილი, მოწონება ან რჩევის მიცემა ან სხეულით წინააღმდეგობის არ გამოხატვა.

მოკლედ, რომ ვთქვათ ყოველი ქმედება, რომელიც მიღებაზე მიუთითებს, კმაყოფილების გამოხატვის ფორმაა.



[1] ჯადოს საშუალებით ვიღაცის შეძულება.

[2] ჯადოს საშუალებით ვიღაცის შეყვარება.

[3] ჯადო.

[4] იბნ მანზურ, ლისანუ’ლ-არაბ, ალ-ჯავჰერი, ას-სიჰაჰ: თავი „ს-ჰ-რ“;

[5] ქურთუბი, ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 2/43;

[6] ყურტუბი, ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 2/46;

[7] ნავავი, ალ-მინჰაჯ ფი შერხი სახიხი მუსლიმ, 17/174;

[8] ყურტუბი, ჯამიუ ლი აჰქამი’ლ-ყურ’ან: 2/55;

[9] ნავავი, ალ-მინჰაჯ ფი შერხი სახიხი მუსლიმ: 17/176;

[10] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მაჯიდ: 281;

[11] ურწმუნოებაა.

[12] წამლის ან მსგავსი რაღაცის დალევა.

[13] ყისასი - იგივეთი დასჯა, რაც სხვას გაუკეთა.

[14] ნავავი, ალ-მინჰაჯ ფი შერხი სახიხი მუსლიმ: 17/176; აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მაჯიდ: 281, 286; ალ-მევსუათუ’ლ-ფიყჰიია, 24/264;

[15] ნავავი, რავზათუ’თ-თალიბინ: 10/65; მუნავი, ფეიზუ’ლ-ყადირ, 4/499;

[16] ვაჰიდი, ალ-ვასიდ: 2/129; არ-რაზი, მეფათიჰუ’ლ-ღაიბ: 11/247;

[17] იბნ ჰაჯერ, ალ-ილამ: 40;