07 October 2022

7.3 ისლამის რომელიმე პირობის მიმტოვებლის ჰუქმი

 ისლამისა და იმანის სიტყვები

შეიხმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) პიროვნების იმანის მომშლელ საკითხებს „ისლამის მომშლელები“ უწოდა. იმანი და ისლამი ცალ-ცალკე თუ გამოიყენება, მაშინ მათ ერთიდაიგივე მნიშვნელობა გააჩნიათ. იმამ იბნ რაჯაბ ალ-ჰანბელმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ისლამი და იმანი ცალ-ცალკე გამოყენებისას იგივე მნიშვნელობას ატარებს. ხოლო, ერთად თუ გამოიყენება, მაშინ მათი მნიშვნელობა სხვადასხვაა.“[1]

აქედან გამომდინარე, ისლამის მომშლელებში იგულისხმება ისეთი რამეები, რომლებიც პიროვნების რწმენას (იმანს) ანულებს და მას მურთადად აქცევს. იგი მოიცავს ყველა სიტყვას, რწმუნებასა და საქმეს, რაც მურთადობას იწვევს.

ისლამის რომელიმე პირობის მიმტოვებლის ჰუქმი

სწავლულთა ერთხმიანი აზრით, ქააფირია ის, ვინც ისლამის პირობებიდან რომელიმეს (მაგ. ნამაზი, ზექათი, მარხვა და ჰაჯობა) უარყოფს, გაამასხარავებს, უმნიშვნელოდ ჩათვლის ან მათ მიმართ სიამაყეს გამოხატავს. მოლლა ალიიუ’ლ ყარიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ის, ვინც შარიათს ან შარიათის განუყოფელ/მნიშვნელოვან ნაწილს შეურაცხყოფს და უმნიშვნელოდ მიიჩნევს, ქააფირი გახდება.“[2]

ხოლო, რაც შეეხება მათი აუცილებლობის (ფარძობის) დაჯერებასთან ერთად, შარიათული საპატიო მიზეზის გარეშე, მათი არ შემსრულებლის (მიმტოვებლის) სასჯელსა და ჰუქმს... ამ საკითხში იმამებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.[3]

იმამ იბნ ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „მუსლიმები თანხმდებიან შემდეგ საკითხში: ‘სავალდებულო (ფარძი) ნამაზის ნებით გაცდენა ყველაზე დიდ ცოდვებს შორისაა. საკუთარი ნებით მიტოვების შედეგად გამოწვეული ცოდვა ალლაჰის წინაშე უფრო დიდია ვიდრე, კაცის მოკვლა, ქურდობა, მრუშობა და ალკ. სასმელი. ასევე, მისი (ნამაზის) მიმტოვებელი ალლაჰის სასჯელსა და დამცირებას აუცილებლად მიიღებს, როგორც ამქვეყნად, ისე იმქვეყნად.’

ხოლო, მუსლიმები სხვადასხვა აზრზე არიან შემდეგ საკითხში: ‘ნამაზის ნებით მიმტოვებელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს თუ არა. სიკვდილით, თუ ისჯება, მაშინ როგორ? ასევე, მისი (ნამაზის) მიმტოვებელი ქააფირია თუ არა?’

სუფიან ას-სევრიმ, აბუ უმარ ალ-ევზაიმ, აბდულლაჰ ბინ ალ-მუბარექმა, ჰამმად ბინ ზეიდმა, ვექი ბინ ალ-ჯარრაჰმა, მალიქ ბინ ანასმა, მუჰამმედ ბინ იდრის აშ-შაფი’იმ, აჰმედ ბინ ჰანბელმა, ისჰაყ ბინ რაჰავეიჰმა და სხვებმა ფეთვა[4] გამოსცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამაზის მიმტოვებელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. შემდეგ კი, მათი აზრი სიკვდილით დასჯის ფორმაზე გაიყო. უმეტესმა მათგანმა თქვა, რომ სიკვდილის ფორმა ხმლით თავის მოკვეთა უნდა ყოფილიყო. ზოგიერთმა შაფი’ისტმა კი, განაცხადა, რომ ნამაზის ხელმეორედ შესრულებამდე ან სიკვდილამდე შეშით უნდა გაილახოს. იბნ შურეიჰმა კი, თქვა, რომ მიმტოვებელი უნდა დაისაჯოს სიკვდილამდე ხმლის ჩქვლეტით, ვინაიდან, ეს უფრო იმედის მომცემი იქნება მისი ხელმეორედ ნამაზის შესრულებისთვის.

სწავლულებმა შუამავლის (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) სიტყვები: ‘ალლაჰს ყველაფრის კარგად შესრულება უყვარს, ამიტომ სიკვდილით დასჯაც ლამაზად[5] შეასრულეთ.’ არგუმენტად აიღეს და თქვეს, რომ ხმლით თავის მოკვეთა სიკვდილით დასჯის ყველაზე კარგი ფორმაა და სულის მიერ სხეულის დატოვებაც მარტივია. ალლაჰმა რელიგიის მიმტოვებლების (მურთადების) დასჯა ხმლით თავის მოკვეთით ბრძანა და არა ხმლის ჩხვლეტით. მრუში დაქორწინებული კაცისა და ქალის სასჯელი ჩაქოლვა[6] იმიტომ არის, რომ მათ მიერ შესრულებულმა ჰარამმა მთელ სხეულს მიაღწია. აქედან გამომდინარე, სასჯელის ეს ფორმაც მთელ სხეულს მოიცავს. ვინაიდან, სიკვდილით დასჯის ეს ფორმა ყველაზე ცუდი ფორმაა. ადამიანის ბუნებაში არსებობს ისეთი ძლიერი ფაქტორი, რაც ადამიანს მრუშობისკენ უბოძებს. შესაბამისად, ამგვარი ძლიერი ფაქტორის წინააღმდეგ ყველაზე მძიმე სასჯელია დაწესებული. სასჯელის ეს ფორმა გვახსენებს ალლაჰის იმ სასჯელს, რომელიც ლუტ’-ის ხალხზე მოავლინა.[7]

იბნ შიჰაბ აზ-ზუჰრის, საიდ ბინ ალ-მუსეიიების, ომერ ბინ აბდულაზიზის, აბუ ჰანიფას, დავუდ ბინ ალისა და ალ-მუზენის მიხედვით, ნამაზის მიმტოვებელი სიკვდილით არ ისჯება. უნდა გაილახოს ან უნდა იქნას დამწყვდეული მანამ, სანამ არ მოკვდება ან არ მოინანიებს...“[8]

დიდი თუ პატარა აბდესის, ყიბლისკენ დადგომა და სეთრი ავრეთის[9] მიმტოვებლის ჰუქმი იგივეა, რაც ნამაზის მიმტოვებლისა. შესაძლებლობის მიუხედავად, ნამაზის ფეხზე დგომით არ შესრულებაც ნამაზის მიტოვების მსგავსია.

რაც შეეხება მეორე საკითხს: ნამაზის მიმტოვებელი ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც მრუში, თუ ისე, როგორც მურთადს სჯიან? ამ საკითხის შესახებ სწავლულთა შორის ორი შეხედულებაა. ორივე მათგანი იმამ აჰმედის ორ გადმოცემას ეფუძნება:

პირველი შეხედულების მიხედვით, უნდა დაისაჯოს ისე, როგორც მურთადი ისჯება. ამ აზრს იზიარებენ საიდ ბინ ჯუბეირი, ამირ აშ-შააბიი, იბრაჰიმ ან-ნეჰაი, აბუ ამრი, ევზაი, აიიუბ ას-საჰთიანი, აბდულლაჰ ბინ ალ-მუბარექი, ისჰაყ ბინ რაჰავეიჰი და მალიქისტებიდან, აბდუ’ლ-მელიქ ბინ ჰაბიბი. შაფი’ი მეზჰების ერთ-ერთი შეხედულებაც ესაა. თაჰავი გადმოსცემს თვით იმამ შაფი’ისგან. ასევე, იგივე აზრზს გადმოსცემს აბუ მუჰამმედ ბინ ჰაზმი, ომარ ბინ ალ-ჰატტაბისგან, მუაზ ბინ ჯებელისგან, აბდურრაჰმან ბინ ავფისგან, აბუ ჰურეირასგან და სხვა საჰაბეებისგან.

მეორე შეხედულების მიხედვით, სიკვდილით ისჯება, თუმცა არა, როგორც ქააფირი. შეხედულება იმამ მალიქისა და შაფი’ის ცნობილი შეხედულებაა. ამ შეხედულებას მიანიჭა უპირატესობა აბუ აბდულლაჰ იბნ ბათთამაც.“[10]

ზექათის აუცილებლობის (ფარძობის) აღიარებასთან ერთად, მისი მიტოვება ერთხმიანი აზრით დიდი ქუფრი არ არის. თუმცა, ზექათი არ გადამხდელისგან ძალდატანებით აიღება. ხოლო, არსებობს იმამ აჰმედის სხვა გადმოცემა, სადაც ნათქვამია, რომ ზექათის აუცილებლობის აღიარებასთან ერთად, მისი მიმტოვებელი ქააფირი გახდება.“[11]



[1] იბნ რაჯაბ, ჯაამიუ’ლ-ულუმ ვა’ლ-ჰიქემ, 1/107-108;

[2] ალიიუ’ლ-ყარი, ფიყჰუ’ლ-ექბერ შერხი: 454;

[3] იხთილაფი

[4] განკარგულება

[5] კარგ ფორმაში

[6] ყველა პირობის შესრულების საფუძველზე

[7] ლუტ’ის ხალხის სიბილწის სანაცვლოდ ალლაჰმა ისინი ზეციდან ქვებით ჩაქოლვით დასაჯა.

[8] იბნ ყაიიმ, ას-სალაათ: 31;

[9] სხეულის იმ ნაწილების დაფარვა, რომელიც სავალდებულოა.

[10] იბნ ყაიიმ, ას-სალაათ: 38, 42-43;

[11] იბნ ყაიიმ, ას-სალაათ: 40-42;